logo_geo
როგორ შევამციროთ საწვავის ხარჯი - 10 მარტივი და რეალური რჩევა
- +

21 ივნისი. 2017. 22:55



საწვავის ფასი ყოველთვის აქტუალური თემაა. ის ხშირად იზრდება, იშვიათად კლებულობს და ბევრ ავტომფლობელს ჯიბეს უცარიელებს. ბუნებრივია, ყველას სურს ხარჯის შემცირება. გამოცდილი მძღოლები ამას მეტნკლებად ახერხებენ, გამოუცდელებს კი...


არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც თქვენი ავტომობილის აპეტიტს ოდნავ მაინც მოთოკავს. მათ სწორედ გამოცდილი მძღოლები გვიზიარებენ:

 

1. ავტომობილი მუდამ გამართული უნდა იყოს!


► პერიოდულად უნდა შემოწმდეს ჰაერის და საწვავის ფილტრები. მათი დაბინძურება საწვავის ხარჯს დაახლოებით 4 პროცენტით ზრდის.


► ძრავისთვის მხოლოდ ის ზეთები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც მისთვისაა რეკომენდებული. ამ შემთხვევაში, საწვავის ხარჯი დაახლოებით 2 პროცენტით შეიძლება შეამციროთ.


► საბურავებში ოპტიმალური წნევა შეინარჩუნეთ. თუ წნევა დაეცა, საწვავის ხარჯის ზრდასთან ერთად, საბურავის მუშაობის რესურსიც შემცირდება. ამიტომ, საბურავებში წნევა თვეში ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს. ასე საწვავის ხარჯის დაახლოებით 3 პროცენტით შემცირებას მიაღწევთ.


► დაბერეთ საბურავები წიგნში მოცემულ, რეკომენდებულ ნორმაზე 0.2-ით მეტით. ეს კიდევ უფრო ამცირებს საწვავის ხარჯს.

 

2. ავტომობილი ტვირთით ზედმეტად არ დაამძიმოთ


► გაათავისუფლეთ თქვენი ავტომობილი ბალასტისგან. ამოიღეთ ყველაფერი, რაც ყოველდღე არ გჭირდებათ - თითოეულ გრამს მნიშვნელობა აქვს. წონის დაკლება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საწვავის ხარჯი შემცირდება. ზოგიერთი მძღოლი, საწვავის ეკონომიის მიზნით, სათადარიგო საბურავს და შესაბამის აღჭურვილობასაც სახლში ტოვებს.


3. მართეთ რბილად


მკვეთრი აჩქარება და მკვეთრი შენელება მაგისტრალზე ხარჯს 30 პროცენტით გაზრდის, ქალაქში კი - 40 პროცენტით!

 

4. დაიცავით დისტანცია!


დისტანციის დაცვა შესაძლებლობას მოგცემთ, წინასწარ გათვალოთ ნებისმიერი სიტუაცია და თავიდან აიცილოთ როგორც სწრაფი მუხრუჭი (და შესაბამისად, ხუნდების ცვეთა), ასევე სიჩქარის თავიდან აკრეფა და იმ მომენტში საწვავის ხარჯის შესაბამისი მატება.

 

5. გააკონტროლეთ სიჩქარე


საშუალო სიჩქარით გადაადგილება საწვავის დაზოგვის უებარი საშუალებაა. წონის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც საქმეში ფიზიკის კანონი ერთვება: სიჩქარის ზრდის კვალობაზე, პირდაპირპროპორციულად იზრდება შემხვედრი ჰაერის წინააღმდეგობა.

 

6. ნაკლებად ისარგებლეთ კონდიციონერით


სიცხეში ძრავა უფრო ეკონომიურად მუშაობს - ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურებისთვის ნაკლები დრო ჭირდება. თანაც, თბილი ჰაერი ნაკლებ აეროდინამიკურ წინააღმდეგობას იწვევს. მაგრამ თუ კონდიციონერს ჩართავთ, საწვავის ხარჯი შესაძლოა 25 პროცენტითაც კი გაიზარდოს.


7. ძრავის გახურებას ზედმეტი დრო არ დაუთმოთ


ცივ ამინდში ხარჯი მეტია - მინუს 25 გრადუსზე საწვავის ხარჯი დაახლოებით 12 პროცენტით იზრდება, მოკლე მანძილზე გადაადგილებებისას კი, ხარჯის ზრდა 22 პროცენტსაც კი აღწევს. თანამედროვე ავტომობილები, დაქოქვიდან დაახლოებით ერთ წუთში დაძვრის საშუალებას იძლევიან. თუ მაგალითად 3.0-ლიტრიანი ძრავთ აღჭურვილი ავტომობილის "გახურებას" 10 წუთს დაუთმობთ, დაახლოებით 0.2 ლიტრ საწვავს ქარს გაატანთ...

 

8. როდის აქვს აზრი ძრავის გამორთვას?


ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი მამები და ბაბუები დაღმართზე ძრავებს აქრობდნენ და ამას საწვავის ეკონომიის მიზნით აკეთებდნენ. თანამედროვე ავტომობილის შემთხვევაში ასეთი რამ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.

 

9. შუქნიშანთან მიახლოვებისას...


როცა წინ შუქნიშანზე წითელი ანთია, შეეცადეთ, შუქნიშანთან მიახლოვებისას, დაიცვათ გონივრული დისტანცია და იმდენი მოახერხოთ, რომ ჯერ დამუხრუჭება და მერე მანქანის ადგილიდან დაძვრა არ დაგჭირდეთ, რადგან ასეთ დროს ავტომობილი გაცილებით მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მაშინ, როცა უკვე დაძრულს რბილად ააჩქარებთ.


10. გადართეთ დროულად და მოერიდეთ მაღალ ბრუნებს!


თუ თქვენს ავტომობილს მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, ნუ დაგეზარებათ გადართვა და შეეცადეთ, რომ ტახომეტრის ისარი იშვიათად გადასცდეს 2000 ბრუნს.


ამ რჩევების გათვალისწინებით საწვავის ხარჯი მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 პროცენტით შემცირდება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი