logo_geo
უკიდურესი ჰელიუმის უიშვიათესი ვარსკვლავი აღმოაჩინეს
- +

23 ივნისი. 2017. 22:40



ასტრონომებმა კიდევ ერთი ექსტრემალური ვარსკვლავი აღმოაჩინეს. ვარსკვლავი GALEX J184559.8-413827 (ან მოკლედ J1845-4138) თავდაპირველად კლასიფიცირდა, როგორც სუსტი, ჰელიუმით მდიდარი „ცხელი ქვეჯუჯა". თუმცა, ახალი სპექტროგრაფიული დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა, რომ ეს ვარსკვლავი იმაზე უფრო მეტად წყალბად-ნაკლულია, ვიდრე თავდაპირველად იფიქრეს. აღმოჩენის დეტალები მოცემულია arXiv.org-ზე 11 ივნისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 


უკიდურესი ჰელიუმის ვარსკვლავები სუპერგიგანტებია, მზეზე ბევრად უფრო დიდი და ცხელი, თუმცა ნაკლებმასიური. ისინი წყალბადისგან თითქმის მთლიანად დაცლილია, რაც საკმაოდ უჩვეულოა, რადგან წყალბადი ყველაზე გავრცელებული ქიმიური ელემენტია მთელ სამყაროში. უკიდურესი ჰელიუმის ვარსკვლავებისათვის დამახასიათებელია ნეიტრალური ჰელიუმის შედარებით მკვეთრი და ძლიერი ხაზები, რაც მიუთითებს ზედაპირის დაბალ გრავიტაციაზე და ჰელიუმით მდიდარ ატმოსფეროზე. გარდა ჰელიუმისა, ეს ვარსკვლავები ასევე შეიცავს ბახშირბადის, აზოტისა და ჟანგბადის მნიშვნელოვან ოდენობას. ამ ტიპის ვარსკვლავი პირველად 1942 წელს აღმოაჩინეს.


GALEX J184559.8-413827-ს აღოჩენის შესახებ, ცნობა 2011 წელს გავრცელდა, NASA-ს თანამგზავრ Galaxy Evolution Explorer (GALEX)-ის მონაცემებზე დაყრდნობით. იქიდან გამომდინარე, რომ ვარსკვლავი ჰელიუმით მდიდარ „ცხელ ქვეჯუჯად" კლასიფიცირდა, დაუყოვნებლივ ჩასვეს ქიმიურად გამორჩეულ ობიექტთა დაკვირვების სამიზნე სიაში, რომელთა შესწავლაც სამხრეთ აფრიკაში მდებარე ტელესკოპ SALT-ის მაღალი რეზოლუციის სპეტტროგრაფით (HRS) მიმდინარეობს.


ამჯერად, ჩრდილოეთ ირლანდიის არმაგის ობსერვატორიის მკვლევარმა სიმონ ჯეფერიმ GALEX J184559.8-413827-ზე 2017 წლის მარტში წარმართული დაკვირვებების შედეგები წარმოადგინა. მისი თქმით, სპექტროგრაფიული დაკვირვებების შედეგად ნათელი ხდება, რომ საქმე გვაქვს აზოტით მდიდარ უკიდურესი ჰელიუმის ვარსკვლავთან. 


„ცხელ ქვეჯუჯად კლასიფიცირებულ მკრთალ ცისფერ ვარსკვლავზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ იგი უნდა იყოს აზოტით მდიდარი უკიდურესი ჰელიუმის ვარსკვლავი, პულსირებად ვარსკვლავ V652 Her-ის მსგავსად", - ამბობს ჯეფერი.


ჯეფერიმ დაადგინა, რომ GALEX J184559.8-413827 ოთხი მაგნიტუდით უფრო მკრთალია, ვიდრე V652 Her. სპექტროგრაფიული მსგავსებები აჩვენებს, რომ ამ ორ ვარსკვლავს მსგავსი ევოლუციური სტატუსი აქვს, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ისინი წარმოქმნილია ჰელიუმით მდიდარი ორი თეთრი ჯუჯას ერთმანეთთან შერწყმის გზით. გარდა ამისა, ასევე სავარაუდოა, რომ GALEX J184559.8-413827 ჰელიუმითა და აზოტით მდიდარ ვარსკვლავად 100 000 წლის განმავლობაში უნდა გადაქცეულიყო.


აღსანიშნავია ისიც, რომ GALEX J184559.8-413827 უკიდურესი ჰელიუმის პირველი ვარსკვლავია, რომელიც ბოლო 40 წლის მანძილზე აღმოაჩინეს. ეს კი ამ ტიპის ვარსკვლავთა უიშვიათობაზე მიუთითებს.


ყვლაფრის შემდეგ, კიდევ დარჩა ერთი პასუხგაუცემელი კითხვა - პულსირებს თუ არა GALEX J184559.8-413827 ზუსტად ისე, როგორც ვარსკვლავი V652 Her.


ჯეფერის დასკვნით, მისი კვლევა საკმაოდ იმედისმომცემია, როდესაც საქმე ეხება უკიდურესი ჰელიუმის ვარსკვლავების მომავალში აღმოჩენას. 

 

„ეს აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ აღმოჩენას ამ სახის კიდევ მრავალი ვარსკვლავი ელის, სულ მცირე, შედარებით დაბალი სიკაშკაშის მქონენი", - წერს მკვლევარი.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი