logo_geo
მამუკა არეშიძე: ადამიანების გატაცების მთელი ინდუსტრიაა
- +

14 ივლისი. 2017. 17:08



როგორ შეიძლება მოგვარდეს მცოცავი ოკუპაციის საკითხი, ამის შესახებ „ვერსიას"ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრა.


ადამიანების გატაცების მთელი ინდუსტრიაა და როგორ ხდება ამით ფულის შოვნა, აგიხსნით - მაგალითად, სოფელი ფლავისმანი მდებარეობს საზღვარზე, მის მოპირდაპირე მხარეს არის სოფელი არცევი. ამ ორ სოფელს პატარა ხევი ჰყოფს და მათ შორის არსებულ სასოფლო- სამეურნეო მიწებს, ორივე სოფლის მოსახლეობა ამუშავებდა. ახლა ვერ გაიგებ, რომელია ქართული და რომელი .. ოსური მხარე; ამიტომ ხშირად ბაღებში შემოდიან ოსი ჯარისკაცები და აკავებენ ადამიანებს. „საზღვრის" დარღვევისთვის ჯარიმას ახდევინებენ, რაც დაახლოებით 2000 რუბლს შეადგენს. ეს ოფიციალური გადასახადია და როგორც ირკვევა, თურმე ოსი სამხედროები და ალბათ, რუსებიც, თითოეული დაკავებულის შემთხვევაში ჯილდოს - ან ფულადი, ან შვებულების სახით იღებენ. მოკლედ, თუ ჯარისკაცებს ფული შემოაკლდებათ, იტაცებენ ადამიანს და ჯილდოვდებიან

 

დაგეგმილი იყო ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა და თუ გეოპოლიტიკას გადავხედავთ, რუსეთმა ასეთი უაპელაციო ქმედებები არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ უკრაინასა და სირიაშიც ჩაიდინა. მოკლედ, პუტინის, ტრამპის და დიდი ოცეულის შეხვედრების წინ ძალის დემონსტრირება მოახდინა

 

ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ საერთაშორისო დონეზე აპელირება და თანამეგობრობისთვის მოთხოვნა, შესრულდეს ის დოკუმენტები, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობამ მოაწერა ხელი, მაგალითად, სარკოზიმ. თუმცა გააჩნია, როგორ დააყენებ ამ მოთხოვნას. ხელისუფლება ამ ეტაპზე თხოვნის ფორმით შემოიფარგლება. სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებას თუ დავაკვირდებით, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრ სხვა შემთხვევაშიც, ვერ ახერხებს რუსეთის აგრესიის მოთოკვას, ამიტომ რთულია ცალსახად თქმა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. ხელისუფლებას ასეთი მემკვიდრეობა ხვდა წილად და როცა ნაციონალური მოძრაობა საუბრობს მმართველი ძალის უნიათობაზე, განსაკუთრებით ამ ნაწილში, სასაცილოა - სწორედ მათ მიიყვანეს საქართველო აქამდე.

 

დროა, ხელისუფლებამ დაინახოს, რომ მოზომილი პოლიტიკა რუსეთთან ყოველთვის ეფექტური არაა. ბევრად აქტიური დიპლომატიაა საჭირო. რუსეთის ინტერესია, შეზღუდოს საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ, რაც პირდაპირ განაცხადა სერგეი ლავროვმა; ამიტომ ან უარი უნდა ვთქვათ დასავლურ ორიენტაციაზე, ან უფრო აქტიურები ვიყოთ რუსეთის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულების საქმეში... რუსეთს სხვა ენა არ ესმის, მკაცრი ენის გარდა. საჭიროა, ჩვენი მოკავშირეების მკაფიო და მკაცრი პოზიცია, რასაც თავის მხრივ ქართული დიპლომატიის მეტი აქტიურობა სჭირდება.

 

შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაც ძალა ქართულ საზოგადოებას სპეციალურად მუდმივად ამ თემაზე აკეთებინებს აქცენტს, ამ დროს იკარგება ის მთავარი საკითხი, რომლითაც ხალხი ყოველდღე უნდა ინტერესდებოდეს. მინდა, ისიც გააცნობიეროს საზოგადოებამ, რომ ადამიანების გატაცება უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, თორემ დადგამენ ბოლოსდაბოლოს ბანერსსაზღვარზე", აქეთ წამომსვლელები კი, როგორც ჩანს, არ არიან", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი