logo_geo
მარინა კახიანი: ბევრი ფული რომ მქონდეს, ორ დიდ სახლს ავაშენებდი, სადაც...
- +

16 ივლისი. 2017. 15:21



„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილის სახით მხარში კარგი ვაჟკაცი მიდგას. ბედნიერი ვარ, რომ ეს პროფესია ავირჩიე, სცენაზე დგომა, რეპეტიცია, გადაღება დიდ სიმოვნებას მანიჭებს", - ამბობს მსახიობი მარინა კახიანი. რა აღიზიანებს ყველაზე მეტად, რის გამო საყვადურობენ, რას ნანობს და რას შეცვლიდა საკუთარ გარეგნობაში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შევიტყობთ.


- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ბალერინა და ამავე დროს, მქონდა სურვილი, არქეოლოგიაც შემესწავლა. არასდროს მიოცნებია ექიმობაზე. საბავშვო მანქანის მძღოლობა მომწონდა. ერთი პერიოდი ამოვიჩემე, - მაღაზიის გამყიდველი ხომ არ გამოვიდე-მეთქი? ამ ყველაფრის პარალელურად ყოველთვის ვფიქრობდი მსახიობობაზე. 13 წლის ასაკში სპექტაკლი დავდგი, რეჟისორი ვიყავი და თან, ვთამაშობდი...


- ჩემზე ამბობენ...

 

- ...ცუდი არაფერი მსმენია. ხშირად უთქვამთ, სანამ გაგიცნობდით, ცივი და უკარება გვეგონეო, ეს იყო მათი პირველი შთაბეჭდილება. ვინც ახლოს მიცნობს (გამოდის, რომ ჩემს თავს ვიქებ), ყველა ამ აღმოჩენას აკეთებს.


- ბედნიერი ვარ, რომ...

 

- ...ჩემი შვილის სახით მხარში კარგი ვაჟკაცი მიდგას. ბედნიერი ვარ, რომ ეს პროფესია ავირჩიე, სცენაზე დგომა, რეპეტიცია, გადაღება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ცოტათი ზარმაცი ვარ - ეს ასაკში აღმოვაჩინე. ყველაფერი მეზარება, გარდა ჩემი პროფესიისა. რეპეტიციაზე დილის 5 საათამდე დავრჩენილვარ, მიმუშავია ისე, რომ ერთხელ არ დამიწუწუნია. არასდროს გამოვთქვამ უკმაყოფილებას, მით უმეტეს მაშინ, როცა კარგ რეჟისორთან კარგ როლს ვთამაშობ.


- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

 

- ...ადამიანებს გვგონია, რომ საკუტარ თავს ყველაზე კარგფად ვიცნობთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. შეიძლება, სხვა უფრო კარგად გიცნობდეს. ჩვენ ხანდახან რაღაცები გვგონია, ყველაზე მეტად ჩემში რა მომწონს? გარშემო მყოფთ წვრილ-წვრილ ცოდვებს ადვილად ვპატიობ.


- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

 

- ...ბოლო წლებში თავშეუკავებელი გავხდი. ადრე ბევრად უფრო გაწონასწორებული და ტავშეკავებული ვიყავი. ბოლო დროს ადვილად ვღიზიანდები, იოლად „ვფეთქდები" და ეს არ მომწონს, სულ ვებრძვი.


- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

 

- ... შვილი და პატარა შვილიშვილია.


- ბოლოს ვიტირე...

 

- ... მიუხედავად იმისა, რომ მტირალა არ ვარ, მეტირება კარგ ფილმებზე, სპექტაკლზე, როლის გამო, ამბებზე, ამ დროს ძალიან გულჩვილი ვხდები.

 

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

 

- ...უზრდელ ადამიანებს. ტავხედობა გამაღიზიანებელია. ხანდახან ეს არც მემჩნევა და შეიძლება, ადამიანს ისიც არ მივანიშნო, რა დააშავა.


- ხშირად მსაყვედურობენ...

 

- ...ზოგიერთ მეგობართან, დროის უქონლობის გამო, ხშირი ურთიერთობა ვერ გამომდის.


- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

 

- ...ალბათ, ვერ მოვუვლიდი. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. დიდი გულის მოვლას, დიდი ნიჭი და ცოდნა სჭირდება. დანამდვილებით ვიცი, რასაც გადაკეთებდი: ერთმანეთის გერდით ორ დიდ სახლს ავაშენებდი. ერთი იქნებოდა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის და მეორე - მოხუცებისთვის. მოხუცები ბავშვებს სიყვარულს გაუნაწილებდნენ, პატარები კი მათ სიხარულს აჩუქებდნენ. ურთიერთობის ასეთი ფორმა ორივე მხარისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი იქნებოდა. ბევრი ფული რომ მქონდეს, ბევრს ვიმოგზაურებდი, ფილმსაც გადავიღებდი. სტუდენტობის დროიდან ვოცნებობდი კინოს გადაღებაზე. მეგონა, წლების შემდეგ სარეჟისოროზე ჩავაბარებდი, მაგრამ ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, ვეღარ მოვახერხე.


- მეზარება...

 

- ძალიან მინდა სპორტით დავკავდე, ვივარჯიშო, მაგრამ მეზარება. ხშირად წვეულებებზე წასვლაც მეზარება.

 

- ინტუიცია...

 

- ...კარგი მაქვს, ხანდახან არ ვუჯერებ და მერე ვნანობ.


- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

 

- ...ისევ ჩემი პროფესია მშველის.


- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...

 

- ...ასეთი ადამიანი დედა იყო, ახლა - ჩემი შვილია. დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრების აზრს.


- დაბოლოს, გეტყვით...


- ...საკუთარი თავის პოვნა ადვილი და იოლი არ არის, წლები და ბევრი შრომა სჭირდება, ჩემი სურვილია, საკუთარი თავი შეისწავლონ ადამიანებმა, მერე უფრო ადვილი იქნება ცხოვრება, როგორც მათთვის, ასევე - გარშემომყოფი ადამიანებისთვის. განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უმეტესად გაუნათლებელი (დიპლომს არ ვგულისხმობ), შინაგანი კულტურის არმქონე ადამიანები სჩადიან ცუდ საქციელს. რაც უფრო ადვილად ვაპატიებთ ადამიანებს, მით უფრო კარგად ვიქნებით ჩვენ და კარგად იქნება ჩვენი ქვეყანაც.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი