logo_geo
60 წლის ასაკში „ალილოს“ წევრი, მომღერალი გია დავითიანი მეორედ ქორწინდება
- +

20 ივლისი. 2017. 13:28



„ალილოს" წევრი, მომღერალი გია დავითიანი 60 წლის ასაკში მეორედ ქორწინდება. როგორც ჟურნალ „სარკესთან" საუბარში დავითიანი ამბობს, მისი რჩეული ლალი ციციშვილია.


მომღერალი ასევე ცრუმორწმუნეობისა და ბედისწერის შესახებაც საუბრობს და მისი ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდს იხსენებს, როდესაც „ღმერთმა სიკვდილს გადაარჩინა".


- ბევრ ხელოვანს ახასიათებს ცრუმოწმუნეობა. თქვენც მათ რიცხვში ხომ არ ხართ?


- შეიძლება ასე ითქვას, რომ ცრუმორწმუნე ვარ. მამაჩემის დედა, მარიამ თანდილაშვილი, არაჩვეულებრივი ქალი გახლდათ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დილით სამზარეულოში გამოვსულვარ და დამინახავს, თუ როგორ ატანდა ბებია წყალს ცუდ სიზმარს. წყლისთვის მეც გამიტანებია ცუდი სიზმრები. ერთი მეზობელი მყავდა, რომელთან შეხვედრას ყოველთვის გავურბოდი, რადგან იმ ადამიანის დანახვა და მარცხი გარანტირებული იყო. ერთხელ დილის 4 საათზე გამოვიყვანე მანქანა და წასასვლელად მოვემზადე. თან აქეთ-იქით გავიხედე, ფანჯარაში ხომ არ იყურება-მეთქი. მანქანა დავქოქე და რას ვხედავ - ის მეზობელი ლამპით ხელში ქუჩაში არ მოდის?! დილის 4 საათზე მაინც შემხვდა, არადა ადრე წასვლა ამიტომ გადავწვიტე, გაბრაზებულმა მანქანა მოვაბრუნე და სახლში შევედი. ზოოვეტინსტიტუტში რომ ვაბარებდი, პირველ გამოცდაზე კარგი ნიშანი მივიღე. იმ დღეს რა ტანსაცმელიც მეცვა, დანარჩენ გამოცდებზეც იმ სამოსით დავდიოდი.


- ბედისწერისაც გჯერათ?


- მჯერა, რომ ბედისწერამ გადამარჩინა 1989 წლის 9 აპრილის ღამეს. მე და ჩემი მეგობრები რუსთაველის თეატრის გვერდით ვიდექით. იქვე, ახლოს ორკაპიკიანი ტელეფონის აპარატი ეკიდა. ღამის 3 საათზე ოჯახში დავრეკე, ჩემს უფროს გოგონას, ნინუცას, მაღალი სიცხე ჰქონდა და მისი მდგომარეობა მაინტერესებდა. მეუღლემ მიპასუხა, ბავშვს კრუნჩხვის ნიშნები აქვს, იქნებ სახლში მოხვიდე და საავადმყოფოში წავიყვანოთო. მაშინვე სახლში წამოვედი და სულ რამდენიმე წუთში რუსის ჯარმა მომიტინგეების დარბევა დაიწყო. იქიდან რომ არ წამოვსულიყავი, შეიძლებოდა მოვწამლულიყავი ან მომკვდარიყავი.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი