logo_geo
„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოს-ექსტრემალია“
- +

5 დეკემბერი. 2016. 14:03



უკრაინის ყოველკვირეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „კრაინას" 349-ე ნომერში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ქართველ ჟურნალისტ თენგიზ აბლოთიასთან, რომელშიც იგი საუბრობს უკრაინაში მყოფ ქართველებზე, განსაკუთრებით კი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:



- მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ასოცირდება რეფორმებთან და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლასთან. როგორი იყო საქართველო მიხეილამდე და როგორი გახდა მის შემდეგ?


- 2003 წელს საქართველოში ქაოსი სუფევდა - კრიმინალების, კანონიერი ქურდების პარპაში, არ არსებობდა ეკონომიკა... მოკლედ, კლასიკური აფრიკული ქვეყანა. დღევანდელ უკრაინასაც კი ვერ შევადარებ. მთავარი, რაც მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ მოახერხა, ეს იყო სახელმწიფო აპარატის ამუშავება. უპირველესად, ჩატარდა ტოტალური წმენდები, მაგალითად, პოლიციაში. ეს კადრების გაახალგაზრდავების მიზნით გაკეთდა: უფროს თაობას გამოცდილება კი ჰქონდა, მაგრამ მენტალურად დროს ჩამორჩა. ასეთმა მიდგომამ გაამართლა, ეს  დღესაც გრძელდება - სახელმწიფო აპარატის ჩინოვნიკის საშუალო ასაკი 30-35 წელია. მათ შედარებით მაღალი ხელფასები აქვთ. ამჟამად საქართველოში ოლიგარქიული სისტემა აღარ არის, არიან მხოლოდ მდიდარი ბიზნესმენები (ბიძინა ივანიშვილი მხედველობაში არ მიიღება, რადგან მას საქართველოში ბიზნეს-ინტერესები არ აქვს). შესაბამისად, გადასახადებს ყველა იხდის, ბიუჯეტი ივსება, სახელმწიფო ფუნქციებს ასრულებს. ესაა მიხეილ სააკაშვილის მთავარი დამსახურება.


- ბევრი მას უზურპატორს და დიქტატორს უწოდებს. კი, რეფორმები განახორციელა, მაგრამ დემოკრატიისაგან შორს იდგაო...


- მიხეილ სააკაშვილი ავტორიტარული ლიდერია. მან იმდროინდელი სისტემა „მუხლში გადატეხა", რისი გაკეთებაც დემოკრატიული გზით ძალიან რთულია. მაგალითად, 1990-იანი წლებიდან საქართველო ჟანგიანი კიოსკებით იყო მოფენილი. რა უნდა გაკეთებულიყო? დაეტოვებინათ? აეღოთ ყველა იურიდიული პროცედურის დაცვით? მაშინ მათ აღებას 100 წელი დაჭირდებოდა. ჰოდა, მკაცრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საბოლოო ჯამში ქვეყანა კიოსკებისაგან კი გაიწმინდა, მაგრამ იმავდროულად ბევრი ისეთი რაღაც გააყოლეს, რისი შენარჩუნება შეიძლებოდა. ასე მოხდა სხვა სფეროებშიც. რეფორმები რომ გაატარო, ამისათვის ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებაა საჭირო, თუმცა ვოლუნტარიზმი გარკვეულ ეტაპზე უკანონობაში გადაიზრდება ხოლმე. მიხეილ სააკაშვილსაც ასე მოუვიდა. ამასთან, იგი დიქტატორი არ ყოფილა: მისი პრეზიდენტობის დროს არსებობდა თავისუფალი მედია, იყო კონკურენცია არჩევნების დროს... სხვათა შორის, მან არჩევნებიც წააგო. აშკარაა, რომ მისთვის პირველ ადგილზე რეფორმები იდგა, დემოკრატია კი - მეორეზე. იმ რეფორმების შედეგები დღესაც ჩანს (როცა რეფორმების შედეგებზე ვლაპარაკობთ), მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ზოგიერთი რეფორმას, მაგალითად, ადმინისტრაციულ სფეროში, ცხოვრების დონის ამაღლებასთან კავშირი არ აქვს. ეს არის პასუხი შეკითხვაზე - „თუ საქართველოში რეფორმები გატარდა, რატომაა ცხოვრების დონე ესოდენ დაბალი?". ადმინისტრაციული რეფორმა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ელემენტია, მაგრამ არა ერთადერთი. ამიტომაც არარეფორმირებულ უკრაინაში ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე რეფორმირებულ საქართველოში.


- მიხეილ სააკაშვილმა რომ საქართველოში დაბრუნება მოისურვოს, როგორ შეხვდებოდნენ?


- იგი ძებნაშია და როგორ უნდა შეხვდნენ? ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი უკვე ყელში აქვს ამოსული, ვიღაცა მას ელოდება, უმრავლესობას კი ფეხებზე ჰკიდია. ვფიქრობ, მათი რაოდენობა, ვინც მის მიმართ აგრესიულია და ვინც მას ელოდება, დაახლოებით ერთნაირია. ძირითადად კი მიხეილ სააკაშვილზე ან უარყოფითად არიან განწყობილნი, ან მასზე საერთოდ არ ფიქრობენ. იგი საქართველოში, ალბათ, არ დაბრუნდება. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოს-ექსტრემალია. იგი მაშინაა საჭირო, როცა ყველაფერი ინგრევა. სწორედ იმ დროს გამოჩნდება ავანტიურისტი, რომ მორევში გადაეშვას. ისეთი სიტუაციისათვის, როცა კი არ უნდა დაინგრეს, არამედ მშვიდად უნდა აშენდეს, მიხეილი ზედმეტია. დღეს საქართველოს მისნაირები კი არ სჭირდება, არამედ სხვა ტიპის პოლიტიკოსები. გარდა ამისა, თუ ჩვენ დემოკრატიას ვაშენებთ, მაშინ (პრეზიდენტობის) მესამე ვადა საჭირო არაა. ჩვენ არ გვსურს ჩვენი პუტინის გამოზრდა.. ამიტომაც მიხეილის დაბრუნების მომხრენი შედარებით ცოტანი არიან. მიხეილ სააკაშვილის დრო წავიდა.

 

- უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დიდი იმედი ჰქონდათ, მაგრამ მან მოლოდინი ვერ გაამართლა. რატომ?


- უკრაინაში მის საქმიანობას მე კომენტარს ვერ გავუკეთებ, რადგანაც არ ვიცი, რა და როგორ იყო. საერთოდ, მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე თანამდებობა დაეკავებინა. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინაში თავისებური პოლიტიკური სიტუაციაა, იქ მიხეილი უცხოა. უკრაინაში მიშა ვერაფერს მიაღწევს, მის მიერ გადადგმული ყოველი ახალი ნაბიჯი ახალი დამარცხება იქნება. ბოლოს და ბოლოს, იგი მარგინალად გადაიქცევა და სასაცილო გახდება. მიხეილი სასწრაფოდ უნდა წავიდეს უკრაინის პოლიტიკიდან. ეს ქვეყანა მისი გუნდის ყველა წევრმა უნდა დატოვოს.

 

- მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს კორუფციასთან მებრძოლის პოზა აქვთ დაკავებული. (თუ ისინი კორუფციას ებრძვიან),  საიდან აქვთ ფული საკმაოდ ხელგაშლილი ცხოვრებისათვის?


- ტენდერები ხომ არავის არ გაუუქმებია... პლუს მაღალი ხელფასები და პრემიები...




http://gazeta.ua/articles/opinions-journal/_cas-saakashvili-minuv/737743  


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი