logo_geo
გიორგი გაჩეჩილაძე: პირდაპირი აგრესია რუსეთისგან არ იქნება, თუმცა...
- +

9 აგვისტო. 2017. 14:56


საქართველოს პოლიტიკურ წრეებში გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტსა და „ღირსეული პარტნიორის" ფარგლებში მიმდინარე ამერიკისა და NATO-ს სამხედრო წვრთნებს რუსეთისგან შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს. რა პოლიტიკაა შესამუშავებელი რომ საქართველო არ დაზარალდეს და იქცა თუ არა ქვეყანა აშშ-სა და რუსეთის გეოპოლიტიკურ პოლიგონად, ამის შესახებ „ახალი თაობა" საქართველოს პარლამენტის წევრს, „მწვანეთა პარტიის" ლიდერს, გიორგი გაჩეჩილაძეს ესაუბრა.


„ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა ამერიკამ, NATO-მ საერთოდ ამ რეგიონებთან და საქართველოსთან დაკავშირებით. არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოების ძალები. 2016 წელს იყო ამაზე მოლაპარაკებები, ფაქტობრივად NATO შავ ზღვაში თავისი პოზიციების გაძლიერებას აპირებს. ეს რუსეთისთვის ძალიან სერიოზული საკითხია. ამაში საქართველო ჯერ არ არის ჩართული, მაგრამ აუცილებლად ჩაერთვება. ჩვენ შავი ზღვის ქვეყანა და NATO-ს პარტნიორი სახელმწიფო ვართ. ასევე მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს ხელი მოეწერა დოკუმენტს, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ამერიკის უმსხვილესი კომპანიის ჩართვასთან დაკავშირებით. ანაკლიის პორტის მშენებლობა მალე დაიწყება. ანაკლიის პორტი ყველა სხვა პორტის კონკურენტი გახდება, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში არსებობს, რომელიც მიბმული იქნება აბრეშუმის ახალ გზასთან. მესამე „შაჰ-დენიზი 2"-გაზსადენი, რომელიც 2018 წლის ბოლოს უნდა შევიდეს უქსპლუატაციაში და ჩაანაცვლებს რუსეთის რესურსებს ევროკავშირის ტერიტორიაზე, აქედან ცხადი ხდება, რომ ძალიან სერიოზული პროცესები დაიწყო საქართველოს გაძლიერებასთან დაკავშირებით რეგიონში. ამაში ჩართულია არა მხოლოდ დასავლური ქვეყენები, არამედ მათი შეიარაღებული ძალები, რომლებიც იმოქმედებენ შავი ზღვის რეგიონში.

 

რაც შეეხება მეორე საკითხს, ახლა ძალიან ძნელი იქნება რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სერიოზული პრობლემების შექმნა. რუსეთმა წითელი ხაზები გადაკვეთა, საოკუპაციო ზოლი გადმოსწია და ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი მოაქცია ხაზს იქით, მაგრამ ამის გაგრძელება ადვილი არ არის, რადგან ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანსა და თურქეთსაც. ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ, რომელსაც საქართველოს სტაბილურობა და ეკონომიკის უსწრაფესი განვითარება უნდა მოჰყვეს. ეკონომიკისა და დემოკრატიის თვალსაზრისით დაწინაურებული საქართველო, პრობლემაა რუსეთისთვის, რადგან ეს მნიშვნელოვანია აფხაზებისა და ოსებისთვისაც. პირდაპირი აგრესია რუსეთისგან არ იქნება. რუსეთს მესამე ფრონტის გახსნა არ აწყობს. თუმცა, შეიძლება საქართველოში იმოქმედოს რბილი ძალის მეშვეობით, იმ არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაციების საშუალებით, რომლებიც საქართველოში არსებობს", - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.


 

big_banner
არქივი