logo_geo
როგორ შევხვდეთ 2017 წელს - რჩევები ასტროლოგისგან
- +

6 დეკემბერი. 2016. 13:05



ჟურნალ „თბილისელებში" ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 2017 წლისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებზე საუბრობს. მოგეხსენებათ, მომავალი წელი, აღმოსავლური ტრადიციების მიხედვით, ამბიციური, ცეცხლისფერი, წითელი მამლის წელიწადია.


„ეს წელიწადი იქნება საკმაოდ მრავალფეროვანი, ისეთი, როგორიც სწორედ მამლის გარეგნობისთვისაა დამახასიათებელი. ის მოიტანს არაერთ დაუვიწყარ და ბედნიერ დღეს, რაც დაკავშირებული იქნება ახალ პარტნიორულ ურთიერთობებსა და გრძნობებთან.

 

2017 წელს მეტად გამახვილდება ინტუიცია ადამიანებში, რაც მისცემთ საშუალებას, ადვილად დაძლიონ პრობლემები და ბარიერები. ასე რომ, გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი, აჩვენეთ გარშემომყოფებს თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და წარმატებებს მამლის წელიწადში ადვილად მიაღწევთ", - საუბრობს ასტროლოგი.

 

მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს, აკონტროლონ საკუთარი ემოციები და ფული სწორად გადაანაწილონ, რადგან მამლის წელიწადს ფულის უყაირათოდ ხარჯვისკენ მიდრეკილება ახასიათებს. ის 2017 წლისთვის დამახასიათებელი ფერების, ვარცხნილობის და ძვირფასი ქვების შესახებაც საუბრობს.


„2017 წელი რადგან ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება, წლის მთავარი ფერია წითელი, შემდგომ კი - შინდისფერი, ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი. ეს ნიშნავს, რომ თქვენს საახალწლო ტანსაცმელში სწორედ ეს ფერები უნდა დომინირებდეს. მათთან კომბინაციაში კი შეიძლება ნეიტრალური ტონების - თეთრისა და შავის გამოყენებაც.

 

ვარცხნილობაში კარგია მამლის ბიბილოს ფორმის ვარცხნილობა და იმავდროულად, მის გარდამავალ ფერებში შეღებილი თმა. ტანსაცმლის გაფორმებისას და სამკაულებში, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბუმბული. ბიჟუტერიის მოყვარულებმა კი, უნდა შეარჩიონ მწვანე, ვერცხლისფერი და ლურჯი ფერის ნაკეთობები.

 

ასტროლოგიური ქვებიდან კარგია ახალი წლის შეხვედრა აკვამარინის, საფირონის, ციტრონის, ძოწის, ლალის, იაგუნდის, წითელი ან ყვითელი იასპის სამკაულებით", - აღნიშნავს ცაგარელი.

 

ასტროლოგის თქმით, ნაძვის ხის ნეიტრალური ადგილი ოთახის ცენტრია, მის გვერდით კი, ტრადიციული ჩიჩილაკის მორთვაც შესაძლებელია. კარგი იქნება, თუ ნაძვის ხის გვერდით, ოჯახის ბარაქაზე პასუხისმგებელ სიმბოლოს - მანდარინის ტოტებს მოათავსებთ. სადღესასწაულო სუფრაზე კი, კატეგორიულად იკრძალება ქათმის ხორცის დადება, რომლის ჩანაცვლებაც დიასახლისებს კურდღლის ხორცით შეუძლიათ. ცაგარელი მეკვლეს შერჩევის პრინციპზეც საუბრობს და ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ის ოჯახში შემოსვლისას, ხორბალსაც შემოიყოლებს.


„კარგი იქნება, თუ მხიარული ბუნების მეკვლეს შეარჩევთ, რომელსაც ცეკვაც ეხერხება, სიმღერაც და ბუნებითაც კეთილია. ასევე, კარგი იქნება, თუ მეკვლე, ტკბილეულთან ერთად, თქვენს სახლში შემოიტანს ცოტაოდენ ხორბალს, როგორც ბარაქის სიმბოლოს.

 

ასე რომ, რა განწყობითაც და იმედითაც შეხვდებით ახალ, 2017 წელს, სწორედ ისე წარიმართება თქვენთვის მომავალი ცეცხლოვანი, წითელი მამლის წელიწადი", - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი