logo_geo
როგორ შეიქმნა ყველასათვის საყვარელი „ბასტი-ბუბუ“
- +

6 დეკემბერი. 2016. 13:05



„ბასტი-ბუბუ" 90-იანი წლების ბავშვების საყვარელი გადაცემა იყო. მათ გამოჩენას ტელეეკრანებთან მოკალათებული პატარები მოუთმენლად ელოდნენ. ზუსტად 25 წლის წინ თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ანა კლდიაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" რედკოლეგიამ შემთხვევით აღმოაჩინა. „კვირის პალიტრასთან" საუბარში ბასტის გამხმოვანებელი ამბობს, რომ მან მთელი ცხოვრება „ბასტი-ბუბუს" დაუკავშირა და იხსენებს ისტორიას, როგორ შეიქმნა ყველასათვის საყვარელი „ბასტი-ბუბუ".

 

„მოგეხსენებათ, 1992 წელს რა მდგომარეობაც იყო ქვეყანაში... ერთ-ერთი ლექციის დროს მოვიდნენ რეჟისორები ნინო გოგაძე და მიშა ბუკია. ხმას ეძებდნენ, თან პატარა, ფუმფულა თოჯინა, ბასტი მოიყვანეს. ბუბუს გამხმოვანებელი უკვე ნაპოვნი ჰყავდათ, მსახიობი თემო კალანდაძე. როდესაც სინჯები დაიწყო, სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა, ვფიქრობდი, როგორ გამეხმოვანებინა თოჯინა. თავიდანვე მიყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა და ყოველთვის ვცდილობდი, მათთან საერთო ენა გამომენახა, ვიცვლიდი ხმას და ასე ვესაუბრებოდი ხოლმე. როდესაც ჩემი რიგი მოვიდა, მომაწოდეს თოჯინა, შევიცვალე ხმა და დავიწყე სიმღერა ქართული ფილმიდან „მანანა". აღფრთოვანება ვერ დამალეს და მეორე დღესვე დამიბარეს ტელევიზიაში. იქ თამარ სხვიტარიძე დამხვდა. იგივე გამაკეთებინეს, რაც წინა დღეს ინსტიტუტში და მითხრეს, დამტკიცებული ხარ ბასტის როლზეო. ასე დაიწყო „მულტი პულტის" ჩაწერა, რომელიც ბასტისა და ბუბუს მიჰყავდათ.

 

იმ პერიოდში მსგავსი ტიპის გადაცემა არ არსებობდა. იმართებოდა კონცერტები, შოუები, გაჩნდნენ სხვა გმირებიც: დიჯეი გოგა, არდი, შანსო მელპომენე... ხელის თოჯინებს, ბასტის და ბუბუს, მე და თემო თავადვე ვათამაშებდით. თოჯინების დუბლიკატები არ გვქონდა და ძალიან ვუფრთხილდებოდით.

 

25 წელია, რაც ჩემი საყვარელი თოჯინები არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ყველა ბასტის მეძახის. ახლა „ბასტი-ბუბუს" სტუდიაში არტჯგუფის წევრი ვარ. ერთხანს თოჯინების თეატრშიც ვმუშაობდი, თუმცა შემდეგ „ბასტი-ბუბუ" ვარჩიე და თეატრის მიტოვება მომიხდა. არც ვნანობ. მე და თემომ ბევრ ბავშვს გავულამაზეთ ბავშვობა.

 

თოჯინები რუსული თეატრის მეთოჯინეებმა შექმნეს, სახელს რაც შეეხება, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, ბასტი-ბუბუ ხმაურსა და აურზაურს ნიშნავს. ასე იყო ყოველთვის ჩვენს სტუდიაში და ასეა ახლაც", - განაცხადა ანა კლდიაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი