logo_geo
დავით ნარმანია: ჩვენ არასდროს გვქონია ჰარმონიული ურთიერთობა „სითი-პარკთან“
- +

11 აგვისტო. 2017. 16:40


თბილისის ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად დასახელებული იყო პარკირების პრობლემა - პროგრამა გულისხმობდა ქალაქის სხვადასხვა უბნებში მიწისქვეშა და მრავალსართულიანი ავტოსადგომების მოწყობას, თუმცა, პარკირება დღემდე თბილისის უმთავრეს პრობლემად რჩება. ბევრი მოქალაქე პირდაპირ ადანაშაულებს მერიას პასიურობაში. რატომ ვერ მოახერხა მერიამ დღემდე ამ პრობლემების გადაჭრა და რა გაკეთდა ამ მიმართულებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, ასევე დავით ნარმანიას საარჩევნო პროგრამაში გზების გამტარიანობის პრობლემის მოგვარებას და ახალი განივი მაგისტრალების შექმნას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. რომელი გზების გამტარიანობა გაიზარდა ბოლო სამი წლის მანძლზე, ამ საკითხებთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი მაუწყებელი" თბილისის მერს დავით ნარმანიას ესაუბრა.


„თითოეულ ჩვენგანს ოჯახში ორი-სამი მანქანა გვყავდეს და პარკირების პრობლემას მხოლოდ მერიას ვაბრალებდეთ, ჩემი აზრით, არასწორია.  ბოლო 6-7 წლის მანძილზე მანქანების რაოდენობის მნიშვნელოვანმა ზრდამ ერთ მხრივ განაპირობა საცობები, ხოლო მეორე მხრივ, ეს ხელს უშლის პარკირებას. ჩვენ არ შევრიგებივართ „სითი-პარკს" და მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ არასდროს გვქონია ჰარმონიული ურთიერთობა „სითი-პარკთან". ყოველი შეხვედრა „სითი-პარკთან", სადაც  მათ კონსტრუქციულად ვთავაზობდით ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელებას, მათი მხრიდან დესტრუქციულობით გამოირჩეოდა. სხვათა შორის, სწორედ ჩვენ გავასაჯაროეთ „სითი-პარკთან" დადებული კაბალური ხელშეკრულება მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლებამ მას გრიფით საიდუმლო დაადო. რეალურად, ფარდა ავხადეთ მათ კორუფციულ ქმედებებს. სამწუხაროდ, ამის შემდეგ, წინ ვერ წავედით: ჩვენ მოვამზადეთ ხელშეკრულებაში გონივრული ცვლილებების პროექტი, მაგრამ „სითი-პარკი" ამ ცვლილებებზე არ წამოვიდა, რადგან მასთან კაბალური ხელშეკრულება იყო გაფორმებული. იცით, რომ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ მინიმუმ 25 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწევდა.  წავედით მეორე გზით -  ავირჩიეთ ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის გზა - ჩვენ მიერ დაქირავებულმა კომპანიამ მოამზადა ათი ადგილი. ჩატარდა შესაბამისი ეკონომიკური კვლევა და ეს ათი ადგილი მზადაა, რომ გამოცხადდეს კონკურსი მრავალსართულიანი პარკინგების ასაშენებლად. ამჟამად მზადდება დოკუმენტაცია, რომელიც გულისხმობს კონკურსის პირობების დაზუსტებას, რის შემდეგაც, ალბათ ამ წლის შემოდგომაზე, გამოცხადდება კონკურსი.

   

ჩვენი პირველი დაპირება იყო პუშკინის ქუჩაზე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, რითაც განიტვირთებოდა ეს უბანი. ეს მართლაც ასე მოხდა და დღეს რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები მნიშვნელოვნად განტვირთულია. მეორე პროექტი არის შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა, რომლის მეშვეობითაც შინდისიდან კრწანისში  მოხვედრა შესაძლებელია 4 წუთში, ამ გზამ განტვირთა ქალაქის ისტორიული ნაწილი, ასათიანის ქუჩა და სხვა მიმდებარე ქუჩები, სადაც მუდმივად იყო საცობები. მესამე პროექტი, ეს არის სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა. დღეს სამების საკათედრო კომპლექსიდან, ანუ ზედა ავლაბრიდან მახათას მთაზე მოხვედრა სულ რაღაც 3 წუთშია შესაძლებელი.

 

ასევე, ჩვენ ფაქტობრივად თავიდან ავაშენეთ და გავხსენით აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ მიმავალი პანდუსი, რომელიც 25 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო. ამ გზამაც მნიშვნელოვნად განტვირთა უბანი საცობებისგან და გარდა ამისა, შეამცირა მომეტებული ავარიების რისკი. შემიძლია ვთქვა, რომ თუ ჩვენი წინამორბედების მმართველობის დროს დედაქალაქში წელიწადში საშუალოდ ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი გზა იგებოდა, ჩვენ ყოველწლიურად ერთნახევარ მილიონ კვადრატულ მეტრ გზას ვაგებთ, რამაც მოგვცა საშუალება რომ ქალაქში გადაადგილება მნიშვნელოვნად გაადვილებულიყო", - განაცხადა ნარმანიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი