logo_geo
დავით ნარმანია: ძალიან ბევრი უსახლკარო ადამიანი გადაურჩა ზამთარში გარეთ ყოფნას და გაყინვას
- +

11 აგვისტო. 2017. 17:14


თბილისის მერის დავით ნარმანიას წინა საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სოციალური დაცვის პოლიტიკას. აქცენტი იყო გაკეთებული ქალაქის ბიუჯეტიდან დამატებითი დახმარების გამოყოფაზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და ა.შ. რეალურად, რა გაკეთდა თბილისში ამ მიმართულებით დავით ნარმანიას მერობის პერიოდში და რამდენად გაიზარდა ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც სოციალურ დახმარებებში იხარჯება, ამის შესახებ თავად დედაქალაქის მერი საუბრობს. ასევე სოციალურ პოლიტიკაში იყო კონკრეტული დაპირებაც მიუსაფარ მოქალაქეებთან დაკავშრებით. პროგრამაში ეწერა, რომ განხორციელდება თბილისში მყოფი მიუსაფარი მოქალაქეების უზრუნველყოფა თავშესაფრით. თავშესაფარი მართლაც გაკეთდა, თუმცა არის თუ არა ეს საკმარისი და თბილისში მიუსაფარ მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, ღამის გასათევისა და ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პრობლემა დაუდგებათ თუ არა ისევ, ამ საკითხებთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი მაუწყებელი" თბილისის მერს დავით ნარმანიას ესაუბრა.


„ჩვენ შევიმუშავეთ ათი ახალი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამა რომელიც ფინანსდება ქალაქის ბიუჯეტიდან და რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრება. დღეის მდგომარეობით, ქალაქის ჯანდაცვის და სოციალური სამსახური 30-მდე პროგრამას ახორციელებს. ჩვენი დაპირება იყო, რომ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება გაგვეორმაგებინა და გავაორმაგეთ. ასევე, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველი შემდგომი შვილის დაბადების შემთხვევაში გაგვეზარდა დახმარების მოცულობა. ესეც მოვახერხეთ. ჩვენი დაპირება ასევე იყო ის, რომ შშმ პირებისთვის გარემო უფრო ადაპტირებული ყოფილიყო და რამდენიმე ახალი პროგრამაც შეგვემუშავებინა მათთვის. ესეც შევასრულეთ და ზოგადად შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სოციალური მიმართულება ყოფილიყო სათანადოდ დაფინანსებული.

 

მე ჯერ კიდევ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ვიყავი, როცა მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში უსახლკაროთა თავშესაფრის გაკეთება დამევალა. მაშინ გავაკეთეთ დროებითი თავშესაფარი. თუმცა, როცა მერობის კანდიდატი გავხდი, დავპირდი მოქალაქეებს, რომ ამ კარვების ქალაქს ცივილიზებულ თავშესაფრად ვაქცევდი, რაც გავაკეთეთ კიდეც. ჩვენ დიდი ლილოს ტერიტორიაზე ავაშენეთ 250 ბენეფიციარზე გათვლილი მიუსაფართა თავშესაფარი, სადაც საკმაოდ ბევრმა მოქალაქემ მიიღო სერვისი. ამის შედეგად, ძალიან ბევრი უსახლკარო ადამიანი გადაურჩა ზამთარში გარეთ ყოფნას და გაყინვას. ამ ეტაპზე, თავშესაფარში 180-მდე ბენეფიციარი იღებს ყოველდღიურ მომსახურებას. დამატებითი საჭიროების გაჩენის შემთხვევაშიც არის საშუალება, რომ მოქალაქეები დაკმაყოფილდნენ. თავშესაფარში საკმაოდ კარგი პირობებია როგორც კვების, ისე სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით და საერთოდ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ადამიანები იყვნენ ნორმალურ გარემოში", - განაცხადა ნარმანიამ.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი