logo_geo
დავით ნარმანია: სამი წლის განმავლობაში, თბილისში ათასი ხეც არ იქნება მოჭრილი
- +

11 აგვისტო. 2017. 18:42


„ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, სამი წლის მანძილზე თბილისში 700 000-მდე ხე-მცენარე დაირგო.

 

„მათ შორის გამოვყოფდი ქალაქის მასობრივი გამწვანების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, სამი წლის მანძილზე ქალაქში 700 000-მდე ხე-მცენარე დაირგო. ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო არსებული ბაღების და პარკების მოწესრიგება. მაგალითად, შეიძლება დავასახელო თუნდაც თამარაშვილის შუაში არსებული ხეივანი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო,  განხორციელდა რამდენიმე სხვა პარკისა და სკვერის რეაბილიტაციაც სადაც საჭირო იყო დამატებითი გამწვანება და ეს ეხება არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, არამედ მთლიანად ქალაქს. ჩვენ ასევე მივიღეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება: ვაკის პარკი და კუს ტბა მოვაქციეთ ერთიან საკადასტრო სივრცეში და მივანიჭეთ მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ამ სარეკრეაციო ზონაში დამატებითი მშენებლობის საშუალება არავის ექნება. ჩვენ ასევე დავიწყეთ დიღმის ტყე-პარკის დაბრუნების პროცესი. ამჟამად, დიღმის ტყე-პარკს 50-მდე მესაკუთრე ყავს. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მათთან, ვისაც სურვილი აქვს განახორციელოს ეკონომიკური აქტივობა და მათ ვთავაზობთ ტერიტორიას ქალაქის სხვა ნაწილებში.

 

სამი წლის განმავლობაში, თბილისში ათასი ხეც არ იქნება მოჭრილი, თუმცა, რამოდენიმე შემთხვევას ძალიან მწვავე რეაქცია მოყვა საზოგადოების მხრიდან. ალბათ ეს ბუნებრივია - ჩვენ გვიწევდა გარკვეული რაციონალური არჩევანის გაკეთება ეკონომიკურ განვითარებასა და ეკოლოგიას შორის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მწვანე საფარს ვინარჩუნებდით. ძალიან ბევრ დეველოპერს ვუთხარით უარი იქ, სადაც ბევრი საღი ხის მოჭრა იყო დაგეგმილი. ასევე გვაქვს  ისეთი შემთხვევებიც, როცა დეველოპერებს ადგილები მოვუნაცვლეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მწვანე სივრცე. წინასაარჩევნო დაპირება წითელი ხაზების დადგენასთან დაკავშირებით ეხებოდა ვაკის პარკს და დიღმის ტყე-პარკს, რაც შესრულებულია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი