logo_geo
დავით ნარმანია: შესაძლოა გავაკეთეთ იმაზე მეტიც კი, ვიდრე გვქონდა პროგრამაში
- +

12 აგვისტო. 2017. 16:55

 

 

„თბილისში ეკონომიკური სიტუაცია დღეს გაცილებით უკეთესია ვიდრე იყო 2014 წლამდე, თუმცა ცხადია ეს არ არის მხოლოდ მერიის დამსახურება", - ამის შესახებ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

 

„არსებობს ცენტრალური ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმებას, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს ეკონომიკურ ზრდაში. რამდენიმე პროგრამა რომელიც თბილისის მერიის მეშვეობით ხორციელდება, ხელს უწყობს ქალაქში ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობა და ორი წლის განმავლობაში იაფი სესხის პროგრამაც გვქონდა. დღეს უკვე სხვა ნაწილში ვეხმარებით ამ დარგს; ასევე, ჩვენ განვკარგავთ მუნიციპალურ ქონებას და ხელს ვუწყობთ ინვესტორებს განახორციელონ ეკონომიკური აქტივობა და დაასაქმონ ადამიანები. სწორედ ცენტრალური და ქალაქის ხელისუფლების ერთობლივი აქტიური მუშაობის შედეგია ის, რომ დასაქმების მაჩვენებელი დღეს ქალაქში გაუმჯობესებული გვაქვს 2014 წელთან შედარებით.  ყოველწლიურად ჩვენს ქალაქს სულ უფრო მეტი ტურისტი და ვიზიტორი სტუმრობს და წელიწადში ტურისტების მინიმუმ 15-20 %-იანი ზრდაც ცხადია უფრო მეტ შემოსავალს განაპირობებს. არც ერთი ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესება ქალაქში ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა.  

 

რაც შეეხება ჩემს წინა საარჩევნო დაპირებებს, ჩემი წინასაარჩევნო დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებული, ან შესრულების პროცესშია. ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამის შედგენისას ვიყავით საკმაოდ მოზომილები და კარგად ავწონ-დავწონეთ, თუ რის გაკეთებას შევძლებდით. აქედან გამომდინარე, ორი სამი გამონაკლისის გარდა, შეუსრულებელი დაპირებები პრაქტიკულად არ გვრჩება. სხვათა შორის, იქედან გამომდინარე, რომ მუშაობის პროცესში ჩვენს თანამოქალაქეებს წარმოეშობოდათ სხვადასხვა მოთხოვნები, ზოგიერთ ნაწილში შესაძლოა გავაკეთეთ იმაზე მეტიც კი, ვიდრე გვქონდა პროგრამაში", - განაცხადა ნარმანიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი