logo_geo
გერმანული მედია: ქართველების უმრავლესობას სააკაშვილმა თავი შეაძულა!
- +

21 აგვისტო. 2017. 00:10



გერმანულ გამოცემა „Der Spiegel" -ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც, უცხოურ პრესაში ბოლო დროს გამოქვეყნებულთაგან, შეიძლება ითქვას, თავისი მოცულობით ყველაზე ვრცელია (ავტორი - ქრისტიან ეში), მიხეილ სააკაშვილის უკრაინული ოდისეაა განხილულ-გაანალიზებული: რატომ დაინიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორად, რა გააკეთა, როგორ მართავდა, რატომ დაუპირისპირდა „თავის მეგობარ" პრეზიდენტს და ბოლოს, როგორ მოხდა, რომ ექს-პრეზიდენტი და ექს-გუბერნატორი დღეს მოქალაქეობის არმქონე პირად იქცა, თუმცა ამის მიუხედავად, ევროპაში მაინც თავისუფლად დადის?



საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" პუბლიკაციის მოკლე შინაარსს აქვეყნებს:



როცა პეტრო პოროშენკომ თავისი „მეგობარი" მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, თავდაპირველი გეგმა კეთილშობილურ მიზნებს ისახავდა - ეს საპორტო ქალაქი კორუფციისაგან უნდა გაწმენდილიყო და დემოკრატიული რეფორმების ვიტრინად უნდა ქცეულიყო. თითქოსდა დასაწყისში მიხეილ სააკაშვილმა აქტიური მუშაობა დაიწყო, მაგრამ მას ეგონა, რომ სიტუაციას სხვებიც ისე ხედავდნენ, როგორც თვითონ ხედავდა... და მოტყუვდა. „მიხეილ სააკაშვილი ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარია და მას, როგორც ენერგიულ კაცს, სრულიად ვენდობიო", - ამბობდა პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად წარდგენისას 2015 წელს. „პეტრო პოროშენკო თავის მეგობრებს ფულის მიხედვით ირჩევდა. მე ფული არ მქონდა, ამიტომაც მე მისი მეგობარი ვერ ვიქნებოდი", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი დღეს.


საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ძალზე კრიტიკულადაა განწყობილი. თუმცა ორიოდე წლის წინათ სიტუაცია სხვაგვარი იყო - მიხეილ სააკაშვილი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის მიღება და გუბერნატორობა ნამდვილად მაშველ რგოლს წარმოადგენდა. ცხადია, გუბერნატორობა ფრიად დაბალი დონეა ქვეყნის პრეზიდენტობასთან შედარებით - უცხო ქვეყანაში რეგიონული ჩინოვნიკობა საკუთარი სახელმწიფოს მეთაურის პოსტს ვერ შეედრება, მაგრამ ისიც ფაქტია: საქართველოში ორი ვადით მმართველობის დროს მან რეფორმები ისეთი ავტორიტარული ფორმით განახორციელა, რომ ქართველების უმრავლესობას მიხეილ სააკაშვილი შესძულდა. შედეგიც ლოგიკური იყო: 2012 წელს ხელისუფლებაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პარტიული კოალიცია მოვიდა, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებიდან კი ზოგი ციხეში აღმოჩნდა, ზოგმა უცხოეთში გაქცევა მოახერხა. თვითონ მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკში ცხოვრობდა და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა - „მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოღვაწის" სტატუსით. მას ასეთი ცხოვრება არ მოსწონდა. უკრაინულმა მაიდანმა, როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, „სულზე მიუსწრო".


მიხეილ სააკაშვილისა და მისი სხვა თანამოაზრეების დანიშნვნა უკრაინის სახელმწიფო თანამდებობეზე იდეალურ კომბინაციას ჰგავდა: ქართველებს რეფორმების განხორციელების გამოცდილება ჰქონდათ, მათ ვარდების რევოლუცია ათი წლით ადრე მოახდინეს; ქართველებიც და უკრაინელებიც რუსეთის მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი; ორივეს ევროპული ცხოვრების წესის დანერგვა სურდა... მოკლედ, გეგმები ფრიად კეთილშობილური ჩანდა. მაგრამ უკრაინაში სიტუაცია ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც საქართველოში იყო, კონტრასტულად „თეთრი და შავი". ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება არ გამოიჩინა. იმ ფაქტორს, რომ პეტრო პოროშენკო, როგორც პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, უკრაინის ოლიგარქული სისტემის კლასიკური პროდუქტი რომ იყო, თავის დროზე ყურადღება არ მიაქციეს. „ეჰ, მე რომ მაშინ ის მცოდნოდა, რაც დღეს ვიცი, მე მის წინადადებას არ დავთანხმდებოდიო", - ამბობს დღეს მიხეილ სააკაშვილი.


საქართველოს ექს-პრეზიდენტს ოდესაში რეალურად მაინცდამაინც ბევრი არაფერი საქმე არ გაუკეთებია: პლაჟის მესრები დაანგრია ბულდოზერით (თუმცა მოგვიანებით იგივე პლაჟები ისევ შემოღობეს), შეამცირა ბიუროკრატიული აპარატი გუბერნატორის ადმინისტრაციაში, გახსნა მოქალაქეთა მომსახურების ოფისი, მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთი იყო. სამაგიეროდ, კარგად წარმოებული პიარ-კამპანიით პირადი პოპულარობა უზრუნველყო. ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ უყვიროდა იგი მკვეთრი ქართული აქცენტით შინაგან საქმეთა მინისტრს არსენ ავაქოვს: „შე ქურდო, შენი ადგილი ციხეშია! ეს ჩემი ქვეყანაა! მე უკრაინელი ვარ, გაეთრიე ჩემი ქვეყნიდან!".


გუბერნატორს და პრეზიდენტს შორის უთანხმოება თანდათანობით ისე გაღრმავდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. 2016 წლის შემოდგომაზე ექს-გუბერნატორი საქართველოში დაბრუნებასაც კი გეგმავდა, თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მას სურდა და ამიტომ საბოლოოდ მაინც უკრაინულ პოლიტიკაში დარჩენა მოუწია, მოგვიანებით კი საკუთარი პარტია - „ახალი ძალების მოძრაობა" ჩამოაყალიბა.


მიხეილ სააკაშვილს თუ დავუჯერებთ, იგი თავის ყოფილ „მეგობარს" ბოლოს მალტაში შეხვედრია: „პეტრო პოროშენკომ მომთხოვა, რომ მისი კრიტიკა შემეწყვიტა. ამ შემთხვევაში მე შესაძლებლობა მექნებოდა უკრაინაში პოლიტიკური კარიერის გაგრძელებისა, პარლამენტის წევრობაც აღმითქვა. მითხრა, თუ ასე არ მოიქცევი, მაშინ ზომებს მივიღებო".


მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ინსტრუქციებს არ ასრულებდა. უფრო მეტიც - მან სატელევიზიო თოქ-შოუში ისეთი მომღერალი მიიწვია, რომელმაც პრეზიდენტისადმი შეურაცხმყოფელი სიმღერა შეასრულა - „შოკოლადის უკანალი" (მინიშნებით იმაზე, რომ პეტრო პოროშენკო საკონდიტრო იმპერიის მფლობელია)


მოქალაქეობის ჩამორთმევა ყოფილმა პრეზიდენტ-გუბერნატორმა უკვე აშშ-ში ჩასვლისას შეიტყო, სადაც იგი ბიძამისს ეწვია, ნიუ-იორკში, ბრონქსში. ბრძანებულების მოტივაცია საკმაოდ აბსურდულია და დასავლეთისათვის უჩვეულო (რომლის დახმარებაზეცაა დამოკიდებული უკრაინა), მაგრამ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსათვის სავსებით მისაღები: კარი დაუხურო „სიმშვიდის დამრღვევს", როცა იგი საზღვარგარეთ იმყოფება. იმ ხანებში მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა ვერც დონალდ ტრამპთან და ვერც ჯონ მაკკეინთან დალაპარაკება, მაგრამ სამაგიეროდ შეხვდა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში. მალე იგი პოლონეთში ჩავიდა.


როგორ მოახერხა პასპორტგაუქმებულმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში ჩასვლა? პოლონეთის მმართველ პარტიაში („კანონი და სამართლიანობა") მას კარგი ნაცნობ-მეგობრები ჰყავს. ამ პარტიის ექს-ლიდერი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მიხეილ სააკაშვილის ყველაზე აქტიური მოკავშირე იყო 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს. პოლონეთის ტელევიზიით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა „შეთქმულების თეორიაზე" დაყრდნობით განაცხადა, რომ პრეზიდენტ ლეხ კაჩინკის ავიაკატასტროფაში დაღუპვა რუსეთის პრეზიდენტის მოწყობილია: „ვლადიმერ პუტინმა მასზე შური იძია იმიტომ, რომ ლეხ კაჩინსკი 2008 წლის აგვისტოში ჩემს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოვიდაო". რბილად რომ ვთქვათ, ეს უსაფუძვლო ვარაუდებია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ისეთი ტიპია, ვისთვისაც სასურველი ყოველთვის სინამდვილეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რუსეთს ეხება...


საქართველოს ექს-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დასავლეთი უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას მოახდენს: პეტრო პოროშენკო უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლაზე დათანხმდება და მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. ჯერ-ჯერობით უკრაინელი მესაზღვრეები საზღვარს ფხიზლად იცავენ... მიხეილ სააკაშვილი კი უკრაინულ ენას უფრო ღრმად სწავლობს - მოქალაქეობის დაბრუნებისათვის ენის ცოდნა დიდ მნიშვნელობას იძენს.


როგორია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივა?


მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია. „ახალი ძალების მოძრაობის" („რუხ ნოვიხ სილ") კიევის ოფისი დაცარიელებულია. მართალია, მიხეილ სააკაშვილი პარტიის ლიდერია, მაგრამ საქმეებს პარტიაში დავით საყვარელიძე (კიდევ ერთი ქართველი რეფორმატორი) განაგებს, რომელიც უკრაინის გენპროკურორის მოადგილედ მუშაობდა. „ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მუშაობით სისტემა გვარიანად შევფერთხეთ", - ამბობს იგი, - „რეფორმები გარედან მოსულმა ადამიანებმა უნდა გაატარონ, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კი უკრაინის შიდა [ოლგარქიული] სისტემის ნაყოფია, მას წარმოდგენა არ აქვს რეფორმებზე". დავით საყვარელიძესაც უკრაინის პასპორტი აქვს, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, საქართველოს მოქალაქეობა მასაც დაკარგული აქვს. ასეთი სიტუაცია ბედის ირონიაა იმ ადამიანისათვის, რომელიც უკრაინაში იურიდიული ცოდნის გამოსაყენებლად ჩამოვიდა, სინამდვილეში კი პარტიული ბიუროკრატიის ნაწილად იქცა და პარტიის პოლიტიკურ პლატფორმას ამზადებს. ასეთი რამ მის გეგმებში იმ დროს არ შედიოდა, როცა მიხეილ სააკაშვილი და სხვა ქართველები უკრაინაში ჩავიდნენ.


მიხეილ სააკაშვილის - „პოლიტიკური ვარსკვლავის" - გარეშე პარტიას პერსპექტივა არ აქვს, თუმცა მასთან ერთადაც მომავალი მაინცდამაინც ნათელი არ არის. ფაქტია, რომ მიტინგზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩატარდა მრავალმილიონიან კიევში, მხოლოდ ასიოდე კაცი მივიდა. როგორც ირკვევა, ექს-პრეზიდენტის და ექს-გუბერნატორის ურთიერთობა დასავლურ ელიტასთან უფრო ძლიერია, ვიდრე უკრაინულ საზოგადოებასთან.


პეტრო პოროშენკოსათვის ეს სასიამოვნო ამბავია. სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ ქართველი შფოთისთავის „საქმენი საგმირონი" მალე ისტორიას ჩაბარდება.


http://www.spiegel.de/international/world/mikheil-saakashvili-fails-in-mission-to-reform-ukraine-a-1163344.html











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი