logo_geo
ზურაბ ქურციკიძე: გადავწყვიტე, ოღონდ იქ არ ვყოფილიყავი და ყველაფერს ვაღიარებდი
- +

6 დეკემბერი. 2016. 23:55



ფოტორეპორტიორმა, ზურაბ ქურციკიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ დღევანდელმა პროკურატურამ მათი უდანაშაულობა დაადგინა, მაგრამ ამის დასამტკიცებლად ჯერ კიდევ დიდი გზაა  გასავლელი. მისი თქმით, აღიარებითი ჩვენების მისაღებად, მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა.


„ჩვენი მიზანია, სიმართლე საბოლოოდ დადგინდეს. ჩვენ არავითარ კომპენსაციას არ მოვითხოვთ. ყველაზე დიდი კონპენსაცია საზოგადოების წინაშე ჩვენი რეაბილიტაცია იქნება.


მე სახლიდან ჩამოსული ამიყვანეს და, როგორც შემდეგ გაირკვა, ე.წ მოდულის შენობაში წამიყვანეს. მანქანაში ფიზიკური ზეწოლა, შეურაცხყოფა და ჩემი დაშინება დაიწყო. უნდა მეღიარებინა რაღაც ფაქტები, რასაც მეუბნებოდნენ. შემდეგ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე წამიყვანეს, მანქანიდან გადმომიყვანეს და იქაც იგივე განმეორდა. მოდულის შენობაში ძირითადად, დაშინება და შეურაცხყოფა იყო. მეუბნებოდნენ, რომ თუ განცხადებას დავწერდი და ვაღიარებდი, რომ ჯაშუში ვიყავი, სახლში მაშინვე წავიდოდი, თუ არადა, ციხეში აღმოვჩნდებოდი, რაზეც რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე", - განაცხადა ფოტორეპორტიორმა.


მისი თქმით,  გლდანის მე-8 საპყრობილეში ვიღაცები ყოველდღიურად მიდიოდნენ და მას ფსიქოლოგიურად ამუშავებდნენ. როგორც მან აღნიშნა, მის მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემა ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი იყო.



„ამბობდნენ, რომ ციხეში ჩავლპებოდი. ეს პიროვნებები ხშირად იცვლებოდნენ, სულ სხვადასხვა ვინმე შემოდიოდა, მაგრამ დავით დევნოზაშვილი ყველა შეხვედრას ესწრებოდა. მაშინ, მისი არც სახელ-გვარი ვიცოდი და არც - თანამდებობა, მაგრამ გამოვიტანე დასკვნა, რომ ის ჯგუფის ლიდერი იყო. დევნოზაშვილი მითითებებს მაძლევდა, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი და ამ მითითებას ვიღაცასთან ტელეფონზე ათანხმებდა ხოლმე.


გადავწყვიტე, ოღონდ იქ არ ვყოფილიყავი და ყველაფერს ვაღიარებდი. როცა აღიარებითი ჩვენების მიცემაზე დავთანხმდი, დევნოზაშვილმა 4 ფურცელი მომიტანა, სადაც ტექსტი ეწერა. ეს ტექსტი წავიკითხე, დავიზეპირე და გავიარე რეპეტიცია, ადვოკატებთან როგორ უნდა მოვქცეულიყავი", - განაცხადა ზურაბ ქურციკიძემ.


 

big_banner
არქივი