logo_geo
ლიანა ისაკაძე: ჩემს მეუღლესთან ქალური ბედნიერება არ მომკლებია...
- +

2 სექტემბერი. 2017. 18:05

 


ქართველ მევიოლინეს, ლიანა ისაკაძეს, თავისი ცხოვრების უბედნიერეს დღეებში დიდი უბედურება დაატყდა თავს, მოულოდნელად ქმარი გარდაეცვალა - პოეტი, ესეისტი, კრიტიკოსი და ექიმი თამაზ ჩაჩავა.


26 აგვისტოს, ფესტივალ „ღამის სერენადების" ფარგლებში ბათუმში მიმდინარე კონცერტის დროს, თამაზ ჩაჩავა შეუძლოდ გახდა. ის გულის შეტევის დიაგნოზით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლიანა ისაკაძე და თამაზ ჩაჩავა 53 წელი ცხოვრობდნენ ერთად. მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ჟურნალ „სარკეს" და სხვა გამოცემებს მეუღლეზე ხშირად უყვებოდა.


1998 წელს „სარკეში" ქალბატონი ლიანა თავისი სიყვარულის ამბავს ასე ჰყვებოდა:


„უკვე 33 წელია გათხოვილი ვარ. 18 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. მაშინაც უკვე ცნობილი და აღიარებული ვიყავი. ქორწინების 33 წელი მე და ჩემს მეუღლეს ამ სექტემბერში შეგვისრულდება. ამ ხნის მანძილზე მე ხშირად ვეუბნებოდი თამაზს, შენ სხვანაირი ცოლი გჭირდება, უფრო ყურადღებიანი, უფრო ბევრი დრო რომ ექნება შენთვის, შვილებს რომ გაგიჩენს და გაგიზრდის-მეთქი, მაგრამ ჩემს მეუღლეს ასეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ და მეც ძალიან მიყვარს იგი.

 

ჩვენ ხელოვნებაც გვაკავშირებს და, საერთოდ, ძალიან ვჭირდებით და ვავსებთ ერთმანეთს... როგორც ქალი, მე ძალიან ბედნიერი ვარ. ქალური ბედნიერება ნამდვილად არ მომკლებია. რაც შეეხება დედობრივ გრძნობას, მე მუსიკა მივსებს ყველაფერს, რომელსაც ჩემი ცხოვრების ძალზე დიდი დრო მიაქვს. როცა ინსტრუმენტს ვიღებ ხელში და დაკვრას ვიწყებ, ეს ბედნიერი წუთები და საათებია ჩემი ცხოვრებისა, რაც ყველაფერს მავიწყებს", - აღნიშნა ლიანა ისაკაძემ.

 

გასულ წელს ქალბატონი ლიანა „სარკეს" თავის ოჯახურ იდილიაზე ესაუბრა:


„ჩვენ ყველგან ერთად ვცხოვრობთ - თბილისში, მოსკოვში, გერმანიაში და ახლა პარიზში. აგარაკი გვაქვს პატარა ლამაზ ქალაქ გრასში, რომელიც კანის მახლობლად მდებარეობს...

 

ჩემი ქმარი ადრე თითქმის ყველგან დამყვებოდა. ახლა ცოტა დაიღალა და სახლში ყოფნას ამჯობინებს. მე ტრადიციული შეხედულებების ადამიანი ვარ და პატივს ვცემ ერთგულებას ურთიერთობაში. თამაზს ჩემი დიდი სიყვარული აქვს და ყოველთვის ცდილობს, ყურადღება არ მომაკლოს.

 

ახალგაზრდობაში ხშირად ვწერდი დღიურებს, ჩემს განცდებს, მოსაზრებებს ადამიანებზე, დაუვიწყარ შეხვედრებზე. ჩანაწერებს პატარა ქაღალდებზე რუსულად ვაკეთებდი. ჩემმა მეუღლემ სიურპრიზი გამიკეთა, შეაგროვა, თარგმნა და ქართულად გამოსცა", - აღნიშნა ლიანა ისაკაძემ.

 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი