logo_geo
დრონი-დივერსანტები ტყის ხანძრების „ავტორები“? - ანალიტიკოსი რუსულ კვალზე წერს
- +

4 სექტემბერი. 2017. 13:51



„დრონი-დივერსანტები ტყის ხანძრების „ავტორები?" - ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა" საქართველოში ბოლო დროს გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. სტატიაში გაზეთის ანალიტიკოსი და ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აანალიზებს, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ხანძრები.

 

„მიუდგომელ ტყის მასივებში ცეცხლის მრავალი კერის თითქმის ერთდროულად გაჩენამ უნებურად დაბადა ეჭვი, რომ ეს იყო დაგეგმილი და ფარულად განხორციელებული დივერსიული აქტების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში კრიზისული სიტუაციის შექმნას. შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო, მოსახლეობისთვის დაენახვებინათ ასეთ ვითარებაში ხელისუფლების არაადეკვატურობა, რასაც შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება მოჰყვებოდა", - წერს ალადაშვილი.

როგორც ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, დივერსიული მიზნით ტყის ხანძრების გაჩენა არახალია და ასეთი ქმედება არაერთი ქვეყნის სპეცსამსახურს განუხორციელებია. მისი განმარტებით, ასეთ დროს დივერსანტები ცდილობენ, არ გამოვლინდეს მათი აქტიურობა და ყველაფერი ბუნებრივ პირობებს დაბრალდეს. ამისთვის ისინი სპეციალურ ტექნიკასა და ტაქტიკას იყენებენ.

 

„დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები, როგორც თვითმფრინავის, ისე შვეულმფრენის პრინციპით მფრენი თითქმის იდეალური საშუალებაა მიუვალ ტყის ფერდობებზე ხანძრების კერების გასაჩენად, განსაკუთრებით ღამით, როდესაც ერთ-ორმეტრიანი დრონის და მით უმეტეს, უფრო მინიატიურული კვადროკოპტერის შემჩნევა, როდესაც მათ გამორთული აქვთ გაბარიტული მაშუქები, თითქმის შეუძლებელია. მათი აღმოჩენა ყველაზე ძლიერი რადიოლოკაციური კონტროლის მქონე ქვეყნების არმიებსაც უჭირთ და ცხადია, მით უფრო გაუჭირდებოდა ქართულ საჰაერო თავდაცვას, თანაც ხეობებში, დაბალ სიმაღლეზე", - წერს ირაკლი ალადაშვილი.


ირაკლი ალადაშვილის აზრით, საშუალო ზომის რუსულ სადაზვერვო დრონებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ადვილად შეეძლოთ ბორჯომის ხეობაში ღამით მალულად შემოფრენა და მცირეგაბარიტიანი ტერმიტული ყუმბარების ჩამოყრა, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და კომპოზიციური მასალისგან დამზადებული ყუმბარის კორპუსსაც უკვალოდ „აქრობს", რათა ნივთმტკიცება არ დატოვოს. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი