logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: როგორ ფიქრობთ, გვყავს ვერტმფრენები და საკუთარი თავის საზიანოდ მათ არ ვიყენებთ?..
- +

4 სექტემბერი. 2017. 14:14



„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სად არის ლოგიკა: პირველ რიგში, სახელმწიფოს, ჩვენს ინტერესშია, ამ ხანძრების უმოკლეს დროში ჩაქრობა. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი „პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ პოლემიკას, რომელიც ხანძრის დროს „სუპერ პუმების" არგამოყენებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს.


შს მინისტრის თქმით, ის არ აპირებს აყვეს უარგუმენტო საუბარს, რომელიც მისი თქმით, აზრსმოკლებულია.


„არაერთგზის განვაცხადეთ, რომ ამ ტიპის ვერტმფრენების სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში გამოყენება წარმოუდგენელია. ამასწინ ჟურნალისტებსაც საკუთარი თვალით ვაჩვენეთ და დეტალურად ავუხსენით მიზეზები. მაგრამ ადამიანების იმ მცირე ნაწილს, რომელთაც არ სურს გაგება, რაც არ უნდა ელაპარაკო და არგუმენტირებული პასუხები გასცე, ისინი მაინც ერთსა და იმავეს გაიმეორებენ. ამიტომ ეს პოლემიკა სრულიად აზრსმოკლებულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სად არის ლოგიკა: პირველ რიგში, სახელმწიფოს, ჩვენს ინტერესშია, ამ ხანძრების უმოკლეს დროში ჩაქრობა. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. როგორ ფიქრობთ, გვყავს ვერტმფრენები და საკუთარი თავის საზიანოდ მათ არ ვიყენებთ?.. ამასწინათ გაცხოველებული პოლემიკა იყო იმაზე, რომ ჩვენი ვერტმფრენები, თურმე, ღამით არ დაფრინავენ. რა თქმა უნდა, ღამით ყველა ვერტმფრენი დაფრინავს, მაგრამ ამ ტიპის სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, არ მონაწილეობენ. ეს ყველამ დაინახა, როცა ხანძრების ქრობის სამუშაოებში სხვა ქვეყნების ვერტმფრენებიც იყო ჩართული. ღამით ისინიც მუშაობას დროებით აჩერებდნენ. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ასე რომ, უარგუმენტო საუბარს, რომელსაც ხშირად მიზანმიმართული ხასიათი აქვს, მე ვერ ავყვები", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი