logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: მადლობას დავუხდი ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა სტიქიასთან ბრძოლაში...
- +

4 სექტემბერი. 2017. 14:15


 

„სამწუხაროდ, ბუნებას ზიანი მიადგა, მაგრამ ჩვენ შევძელით, გადაგვერჩინა ტყის დიდი მასივი განადგურებისგან, რისი საშიშროებაც ნამდვილად არსებობდა. დანარჩენს კი - ჩვენ ყველა ერთად აღვადგენთ",- ასე გამოეხმაურა საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმ ხანძრებს, რომელიც ბოლო დღეებია საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩნდება.


გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილმა ხანძარმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება კონსოლიდირებული და კოორდინირებული მუშაობით სტიქია სწრაფად დაამარცხო.


„ეს იყო საკმაოდ სერიოზული გამოწვევა საქართველოსთვის, რომელსაც, ვფიქრობ, ეფექტურად გავართვით თავი. სტიქიასთან ბრძოლა არაა მარტივი, არც ერთ ქვეყანაში. გსმენიათ, ალბათ, როგორ ებრძვიან ხანძარსა და სხვა სტიქიურ შემთხვევებს შეერთებულ შტატებში, ევროპაში. ეს ბრძოლა ხშირად კვირაობით გრძელდება და ზოგჯერ მსხვერპლითაც სრულდება. საბედნიეროდ, ჩვენს შემთხვევაში, არ ყოფილა ადამიანური მსხვერპლი, რასაც, უბრალოდ, უკან ვერ დააბრუნებ. სამწუხაროდ, ბუნებას ზიანი მიადგა, მაგრამ ჩვენ შევძელით, გადაგვერჩინა ტყის დიდი მასივი განადგურებისგან, რისი საშიშროებაც ნამდვილად არსებობდა. დანარჩენს კი - ჩვენ ყველა ერთად აღვადგენთ. ვხედავ, რომ ამ მიმართულებითაც დიდია საზოგადოების კონსოლიდაცია. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა სტიქიასთან ბრძოლაში, ჩვენს გმირ ბიჭებს, მეხანძრე-მაშველებს, მფრინავებს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარატმენტის თანამშრომლებს, ჯარისკაცებს, მეტყევეებს, ექიმებს, მოხალისეებს, ჟურნალისტებს...

 

იცით, რომ ხანძრის გამწვავების პირველივე წუთებში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა. მას ყველაზე მძიმე დღეებში პირადად ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ჩვენს გვერდით, საველე შტაბში იყო. მადლობა ჩემს კოლეგებს - სხვა სამინისტროებსა და სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც მაქსიმალურად იყვნენ ჩართული შტაბის მუშაობაში: სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, პარლამენტარებს, რომლებიც სტიქიის ადგილზე ჩვენს გვერდით იყვნენ. 

 

ვფიქრობ, ეს დღეები იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ეფექტური და კოორდინირებული მუშაობით, საზოგადოების სწორი ჩართულობით, უმოკლეს დროში მიაღწიო შედეგს და დაამარცხო სტიქია", - განაცხადა მღებრიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი