logo_geo
„ის წარმოუდგენლად თავხედია“ - 7 რამ, რაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავიგე პოლონეთში ავტობუსით მგზავრობისას
- +

12 სექტემბერი. 2017. 20:43


მასალა პირველად გამოქვეყნდა www.ostpol.de  რომელიც გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია  www.n-ost.org  ის ონლაინგამოცემაა. მასალა მომზადებულია პოლონელი ჟურნალისტის კაია პუტოს მიერ.


ბევრს, ალბათ, არც ახსოვს სცენა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ტრიუმფალურად მოსვა ჩაი ედუარდ შევარდნაძის ჭიქიდან, საქართველოში ვარდების რევოლუციის გამარჯვების აღსანიშნავად.  კვირას სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მის მიერ დამსახურებულად მიღებული აღმოსავლეთ ევროპული პოლიტიკის უდიდესი შოუმენის ტიტული.


კვირას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის მხრიდან გადაკვეთა უკრაინის საზღვარი - უკანონოდ. მიშას შესახებ შვიდი მთავარი რამ გავიგე მასთან ერთად ზაფხულის ამ დღეს ავტობუსში მგზავრობისას:


1. ის წარმოუდგენლად თავხედია


თუკი მიშა რაიმეს გაკეთებას გაწყვეტს, მას ვერავინ შეაჩერებს.  ის საერთოდ არ ფიქრობს თავისი ქმედებების შესაძლო შედეგებზე - იქნება ეს სამხრეთ ოსეთში მომხდარი ომი თუ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობა.  პრჟემისლი-კიევის მატარებელში, ზაფხულის ცხელ დღეს საათობით გაჩერებული ასობით მგზავრი? საერთაშორისო ჟურნალისტები, რომლებსაც შეატყობინეს, რომ პრესკონფერენცია გაიმართებოდა 100 კილომეტრის დაშორებით? საერთაშორისო კანონმდებლობა, რომელიც, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ავალდებულებს მას, მოითხოვოს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი? დაივიწყეთ ეს ყველაფერი.  მთავარია მიშა და მისი შოუ.


2. ის ბევრს ირაციონალურად ესიმპათიურება


ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ადამიანთა ეს ტიპი - უხეში სკოლის მოსწავლე, რომელიც ცნობილია თავისი თავხედური გამოხტომებით.  ცელქი ბიჭი, რომელიც გოგონებს გამუდმებით კაბას უწევს, ან ნაწნავებზე ქაჩავს - ასეთია სწორედ მიშა.  თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების სიცოცხლეს გაუსაძლისს ხდის და გამუდმებით კონფლიქტს იწვევს, ის მაინც ყველას მოწონს.  ის მუდმივად რაღაც სასაცილოს იგონებს.  მასთან ერთად არასდროს მოგწყინდებათ.  ეს იმიტომ, რომ მასში არის რაღაც ნაპერწკალი, რომლის გამოც ძალიან ძნელია, ის არ მოგწონდეს.


3. მან კარგად იცის, თუ როგორ უნდა შექმნას დაძაბულობა


მის ანკესზე ეგება ყველა.  მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილის ბოლო პერიოდის თავგადასავლები მედიის მხრიდან დიდ ყურადღებას ვერ იპყრობდა.  თითქოს ჩანდა, რომ სააკაშვილის საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა და ის ახლა მხოლოდ ზედმეტი ამბიციების მქონე, მოდიდან გადასული პოლიტიკოსია.  მაგრამ, მან მაინც მოახერხა და #სააკაშვილისკვირადღე აქცია „მეტად მნიშვნელოვან მოვლენად".  ჟურნალისტთა დიდი ჯგუფი ძლივს ჩაეტია ორ ავტობუსში.  სააკაშვილმა დააგვიანა, თუმცა მიესალმა მათ რეჟუვში ფრაზით - „მომეცით კიდევ 10 წუთი."  ამის შემდეგ ის კიდევ ნახევარი საათით გაუჩინარდა.  „ამას რა ჰგონია, გავეკიდები!?" - წუწუნებდნენ ვიდეოოპერატორები,  მაგრამ ისინი მაინც დასდევდნენ მას მთელი დღის განმავლობაში და მის შოუს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდიდნენ.


4. მან კარგად იცის, თუ როგორ უნდა ელაპარაკოს ადამიანებს


ადვილი წარმოსადგენია, თუ რა აზრის არიან სააკაშვილის შესახებ ის მგზავრები, რომელთა მატარებელიც პრჟემისლიდან 2 საათის დაგვიანებით გავიდა.  ნამდვილად არ იქნება გადამეტებით ნათქვამი, თუ ვიტყვით, რომ მატარებელში მოსეირნე სააკაშვილს ყველგან ძალიან გაბრაზებული ადამიანები ხვდებოდნენ.  როდესაც სიტუაციამ პიკს მიაღწია, ხალხმა სააკაშვილისთვის ვულგარულად შეურაცხყოფის მიყენებაც დაიწყო.  ერთ-ერთმა მგზავრმა სააკაშვილს ხელიც კი დაარტყა ხელში.  შეურაცხყოფას ის უკრაინის დემოკრატიული მომავლის შესახებ ცეცხლოვანი განცხადებებით პასუხობდა.  დაძაბულობის განმუხტვის მისეული მეთოდი გამოიხატებოდა ხელისგულების მისალმების ნიშნად მირტყმაში და ბავშვებთან საუბარსა და სელფების გადაღებაში.  და მან ამ ყველაფერს წარმატებით გაართვა თავი.


5. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას იტყვის


ჟურნალისტები, რომლებმაც სააკაშვილთან ერთად მთელი დღე გაატარეს, კომფორტულ ვითარებაში იყვნენ - მათ მუდმივი დაშვება ჰქონდათ ინფორმაციის უმნიშვნელოვანეს პირველწყაროსთან.  სამწუხაროდ, ისევე, როგორც ყველა პოპულისტი, სააკაშვილიც სიამოვნებით ამბობს ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება.  ის ეუბნებოდა ჟურნალისტებს, რომ მატარებელი ადრე თუ გვიან მაინც დაიძვრებოდა, მას შემდეგ, რაც პროცესში ჩაერთვებოდნენ პოლონეთის საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროები უკრაინაში; თუმცა ასეთი არაფერი მომხდარა.  ის ასევე აცხადებდა, რომ მატარებლის შეჩერება მგზავრთა დაკავების ტოლფასი და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა იყო.  აუცილებლად უნდა გამოვცადო ამგვარი ინტერპრეტაცია ერთ დღეს, როდესაც დაგვიანებულ პოლონურ მატარებელში აღმოვჩნდები სადმე ქვეყნის შუაგულში.


6. მას თავმდაბალი, მაგრამ აქტიური გარემოცვა ჰყავს უკრაინაში


არ აქვს მნიშვნელობა, მივიდნენ თუ არა საზღვართან სააკაშვილის ის მხარდამჭერები, ვინც ის საბოლოოდ საზღვარზე ძალით გადაიყვანა, პოზიციის გამო, თუ იმიტომ, რომ მათ ფული გადაუხადეს.  საზღვრის ორივე მხარეს სიტუაცია გაღვივდა სწორედ სააკაშვილის ახალი ძალების მოძრაობის, მისი პოლიტიკური პარტიის ძალისხმევით.  როდესაც სააკაშვილი სამხედროებსა და სასაზღვრო პოლიციას ექიშპებოდა, საზღვრის პოლონეთის მხარეს მისმა აქტივისტებმა სწრაფი დემონსტრაციის ორგანიზება მოახერხეს.  დემონსტრანტები თვითონაც ვერ მიხვდნენ, თუ როგორ გადავიდნენ „ჩვენ გვინდა სახლში წასვლა" ყვირილიდან, სააკაშვილის მხარდამჭერი ლოზუნგების სკანდირებაზე.  უფრო მეტიც, მან მოახერხა და იქ მიიყვანა იულია ტიმოშენკო, ხოლო ლვოვში მას პირადად დახვდა და უმასპინძლა ქალაქის მერმა, ანდრეი სადოვმა.  ამაზე უფრო მწარე სილას ის პოროშენკოს ვერ გააწნავდა.


7. და ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი - ის მშვენიერ ფორმაშია


#სააკაშვილისკვირადღე ძალიან გრძელი და დამღლელი დღე იყო.  ეს იყო თორმეტი საათის განმავლობაში ოფლიანი ბრბოს გარემოცვაში ერთი ადგილიდან მეორისკენ სირბილი, ავტობუსი კონდიცირების გარეშე, გაუსაძლისი სიცხე.  როდესაც მე ნახევრად მძინარე მანქანით მივემგზავრებოდი უკან კრაკოვისკენ, სააკაშვილი არხეინად ქეიფობდა სადოვთან ერთად და სურათებისთვის პოზირებდა ლვოვში.  ეს ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია.


#სააკაშვილისკვირადღის ფინალი ნამდვილად წინააღმდეგობრივი და საკამათოა.  მაგრამ, ნამდვილად ღირდა მასში მონაწილეობა და ამ ყველაფრის გაგება, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი