logo_geo
მამუკა არეშიძე: ლაფანყურში მოხდა სააკაშვილისთვის გაუთვალისწინებელი რამ...
- +

13 სექტემბერი. 2017. 12:26


 

„რუსლან პაპასკირი", იგივე ალი დაბუევი ლაფანყურის ტრაგედიის მთავარი მოქმედი გმირია!" - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

„როგორც პანკისის ხეობაში ამბობდნენ, საქართველოში მოქმედებდა სამი პიროვნება: „რუსლან პაპასკირი", ანუ მეტსახელად „ზოონი", „ბეილი" და „რაბანი"! სუყველანი ჩეჩნები არიან... ეს ის ხალხია, ვინც ევროპაში მცხოვრებ ქისტ და ჩეჩენ ახალგაზრდებს საქართველოში ეპატიჟებოდა, რათა წვრთნა გაევლოთ და მერე ჩეჩნეთში გადასულიყვნენ რუსების წინააღმდეგ საომრად. ამ ხალხის მობილიზება დაიწყო 2012 წლის მარტში და გაგრძელდა აგვისტომდე. ამ სამი კაციდან ერთი - „რაბანი" ლაფანყურის შეტაკებაში მოჰყვა და ის ერთადერთია, ვინც იმ დღეს დაღესტანში გადავიდა. დღემდე „რაბანი" გადასარევად ცხოვრობს რუსეთში", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

არეშიძის განცხადებით, „ლაფანყურის საქმეში" სააკაშვილისა და მისი სექტის დანაშაული ის არის, რომ საქართველოში ჰყავდა დაჯგუფება, რომელსაც ანტიტერორისტული ცენტრის საწვრთნელ ბაზაზე წვრთნიდა.

 

„ლაფანყურში მოხდა სააკაშვილისთვის გაუთვალისწინებელი რამ - ჩეჩენთა ჯგუფი დაღესტნის საზღვრისაკენ ისე დაიძრა, რომ ქართული მხარე საქმის კურსში არ ჩააყენა! სააკაშვილისა და მისი სექტის დანაშაული ის არის, რომ საქართველოში ასეთი დაჯგუფება ჰყავდა, რომელსაც ანტიტერორისტული ცენტრის საწვრთნელ ბაზაზე წვრთნიდა. „რაბანი", როგორც ჩანს, მოქმედებდა იმ პრინციპით, რომ ეს ჯგუფი გაეცილებინა დაღესტნის საზღვართან, სადაც რუსები იყვნენ ჩასაფრებულები, მომხდარიყო შეტაკება და ქართველებს დაბრალებოდათ სისხლისღვრა. სწორედ ამიტომ ჩავარდა სააკაშვილი პანიკაში და გია ლორთქიფანიძის, ანუ იმავე „ქილერას" მეთაურობით მთელი ჯარი გაგზავნა ლაფანყურში, რათა ეს არ მომხდარიყო. მაგრამ საჯარო გამოსვლებში სააკაშვილი ტყუილებს ამბობდა და გაიძახოდა, თითქოს შეიარაღებული ჯგუფი ამათ კიი არ გაწვრთნეს და მოამზადეს, არამედ ისინი იქიდან, ჩეჩნეთიდან გადმოვიდნენ. როგორც პანკისის ხეობაში ამბობდნენ, „რაბანი" იყო „გრუ"-ს აგენტი.

 

თუ ეს ასეა, მაშინ დანარჩენი ორი - „რუსლან პაპასკირი" და „ბეილი" რატომ არ შეიძლება ყოფილიყვნენ რუსების აგენტები?" - განაცხადა მამუკა არეშიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი