logo_geo
„კორტების საქმის“ ახალი დეტალები
- +

14 სექტემბერი. 2017. 12:10



ე.წ. კორტების საქმეში ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. ვაზაგაშვილის ადვოკატები მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ და მოწმეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.


კორტების საქმის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, საქმის ერთ-ერთ მოწმეზე მსჯავრდებულების ოჯახის მხრიდან ზეწოლასა და სიცოცხლის მოსპობი მუქარას ჰქონდა ადგილი და ასევე იყო მისი მოსყიდვის მცდელობაც, რათა მოწმეს სასამართლოში მიცემული ჩვენება შეეცვალა.


„ჩვენთან ოფისში მოვიდა ადამიანი, რომელმაც განაცხადა, რომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახი დაუკავშირდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში მიცემული ჩვენების შეცვლა მოსთხოვა", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

 

ადვოკატებმა არ გაასაჯაროეს, ვინ ემუქრებოდა მთავარ მოწმეს, თუმცა მოგვიანებით ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ განაცხადა, რომ ბრალდების მხარის განცხადებების ადრესატი ის და მისი ოჯახი იყო.


მოწმე, რომელზეც ვაზაგაშვილის ადვოკატები საუბრობენ, კობა გოგატიშვილია. არსებული ინფორმაციით, ფირცხალავას ოჯახი, დაცვის მხარის მსგავსად, ფლობს ჩანაწერს, სადაც გოგატიშვილი ბრალდებებს პროკურატურას უყენებს და ამბობს, რომ ბრალდების მხარემ მას ფირცხალავასა და ცააძეს საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა აიძულა.


კორტების საქმეზე მსჯავრდებულები გამოძიებას რეაგირებას სთხოვდნენ. ამ მიზნით მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობასაც კი მიმართეს.


კობა გოგატიშვილი 2006 წელს ჩატარებული ე.წ. კორტების სპეციალური ოპერაციის ერთ-ერთი თვითმხილველია. მან გიორგი ცააძეს საკონტროლო გასროლაში დასდო ბრალი. მოწმემ სასამართლოში განაცხადა, რომ BMW-ის მარკის ავტომობილიდან, რომელსაც ზურაბ ვაზაგაშვილი მართავდა, გასროლა არ მომხდარა და ავრომობულში არც იარაღი იყო.


მოწმის ჩვენების მიხედვით, სპეცრაზმელების მიერ მრავალჯერადი გასროლის შემდეგ ხუბულოვი და ვაზაგაშვილი ცოცხლები იყვნენ და ისინი საკონტროლო გასროლით ბრალდებულმა ცააძემ მოკლა.


მოწმემ, ასევე, გაიხსენა, რომ სპეცოპერაციას ირაკლი ფირცხალავა ხელმძღვანელობდა. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დაინტერესდა, რატომ არ მიაწოდა მოწმემ 2006 წელს სამართალდამცველებს ინფორმაცია, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ შეეშინდა. ამას კი გიორგი ცააძის მუქარის შემცველი განცხადება მოჰყვა: „გარეთ რომ ჩემი ძმაკაცები არიან, არ გეშინია?" - მიმართა სასამართლო პროცესზე დაკითხვისას კობა გოგატიშვილს ბრალდებულმა გიორგი ცააძემ.


პროკურატურამ მოწმის მოსყიდვისა და მუქარის შესაძლო ფაქტზე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მსჯავრდებულის ადვოკატები და ოჯახის წევრები გამოკითხვის მიზნით უკვე დაიბარა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი