logo_geo
მიხეილ სააკაშვილის სკანდალური საქმეები
- +

15 სექტემბერი. 2017. 14:18



მას შემდეგ, რაც კვლავ აქტუალური გახდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი, თვალი გადავავლოთ იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ მთავარ პროკურატურაშია აღძრული. მათ შორის ყველაზე სკანდალური ე.წ. პიჯაკების საქმეა. ამ ეპიზოდს საზოგადოების ნაწილი „ბოტოქსების საქმედაც" მოიხსენიებს, გამომდინარე იქიდან, რომ იმ თანხის დიდი ნაწილი, რომელსაც გამოძიება სააკაშვილს ედავება, სწორედ ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებში, მათ შორის ბოტოქსებშია გახარჯული.


დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის აგვისტოში დაუსწრებლად წაუყენა. საუბარია 8 837 461 ლარზე, რომელიც სრულიად გასაიდუმლოებულ რეჟიმში გაიხარჯა.


ყველაფერი 2009 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მოიწვია მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. „დოქტორ დოტი", რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გაუწია შესაბამისი მომსახურება, თუმცა მოგვიანებით, დოქტორ დოტის მიერ საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში განთავსდა, რის შემდეგაც მისი საქართველოში ვიზიტისა და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მასაჟისტ დოროთი შტეინის საქართველოში შემოყვანისას და ქვეყნის დატოვებისას მისი მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.


სამომავლოდ, პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მისი პირადი მიზნებისთვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე.


ასე დაიწყო მილიონობით თანხის ხარჯვა საიდუმლო რეჟიმში. გამოიცა პრეზიდენტის „საიდუმლო" განკარგულება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების  დაფინანსება. თანხების ჩამოწერას გრიფით „საიდუმლო" პატაკებით ახორციელებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი.


პროკურატურას სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული სხვა „საიდუმლო" ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითიც ირკვევა, რომ, მაგალითად, პრეზიდენტისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერხიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურების, საცხოვრებელი ფართის დაქირავების, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისა და მზარეულის ესპანეთში მგზავრობის მიზნით  სულ გახარჯულია 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სასტუმრო მომსახურებაში  გადახდილია 6 401 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი;  ვერა ქობალიას მშობლების, ასევე, მისი დის ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი;  მიხეილ სააკაშვილისთვის ავიალაინერის დაქირავებისთვის გადახდილია 503 383 ლარი; იტალიაში, ქალაქ ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტიუმის შესაძენად - 7 994 ლარი (რის გამოც ამ საქმეს საზოგადოების ნაწილმა ე.წ. „პიჯაკების საქმე" უწოდა); აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია, ჯამში, 53 283 ლარი;  ლონდონში მკერდით მხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; ასევე, ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვებისა და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი და სხვა.


კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს წაუყენა, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. ამავე საქმეზე უკვე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის, სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუასა და მისი მოადგილის, გია სირაძის მიმართ. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კი გამოძიება ცალკე წარმოებად გრძელდება. 


დეპუტატზე ანგარიშსწორებას წინ უძღოდა 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში" გამოქვეყნებული სტატია, სადაც ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ. პროკურატურა ირწმუნება, რომ სწორედ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა, მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ვანო მერაბიშვილს.


2014 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს, ამჯერად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. პროკურატურაში ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან.


2006 წლის თებერვალში გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა განსაზღვრას, გადაწყდა, რომ დამნაშავეთა დასჯის მზარდი საზოგადოებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, დანაშაულში მონაწილე დაბალი რანგის  თანამდებობის პირებთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც -  გერონტი ალანია. ამ გზით, კუდ-ის ყოფილი დირექტორი დათა ახალაია და  ამ დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა მაღალი თანამდებობის პირები აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისგან. 


და აი, აქ უკვე საქმეში შემოდის მიხეილ სააკაშვილი... გენერალურ პროკურატურაში მიღებული გადაწყვეტილების  შემდეგ, იმავე დღეს, სააკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც, ასევე, შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა საკითხის გადაწყვეტას და მსჯავრდების შემდგომ სასჯელის მოხდისგან შეწყალებით ვადამდე განთავისუფლებას. 


მიხეილ სააკაშვილს, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ასევე, 2014 წელს წაუყენეს ბრალი 7 ნოემბრის ეპიზოდზეც. საქმე ეხება მშვიდობიან მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დაუფლებას.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი