logo_geo
ირაკლი მამალაძე: მაინტერესებს, თუ იღებს პასუხისმგებლობას უჩა ნანუაშვილი ამ ყველაფერზე?
- +

15 სექტემბერი. 2017. 17:02


„ციანიდის საქმეზე" სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და სასულიერო პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გაცილებით მძიმე სასჯელს ელოდა პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე. „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში იგი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც დეკანოზის ბრალეულობას აყენებს ეჭვქვეშ.

 

„უჩა ნანუაშვილის განცხადებებს დიდი ხანია სერიოზულად არ აღვიქვამ. მინდა შეგახსენოთ, რომ ის თავის დროზე ასეთივე თავგამოდებით იცავდა ტერორისტებს და აქტიურად ითხოვდა მათ გათავისუფლებას. ასე რომ, რას იტყვის უჩა ნანუაშვილი, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა და ამ ადამიანის სუბიექტური დამოკიდებულება რეალობას ვერ შეცვლის.

 

მინდა შეგახსენოთ, რომ ნანუაშვილი 2012 წელს კატეგორიულად მოითხოვდა ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას და მიაღწია კიდეც. ფაქტობრივად, მან დააშანტაჟა მაშინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და ჩვენ ვიცით, რომ ჩატაევმა გათავისუფლების შემდეგ არაერთი ტერორისტული აქტი განახორციელა, მათ შორის მისი სახელი ფიგურირებს სტამბოლში მომხდარ ტერაქტში. ის აშშ-ის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში ირიცხება და ითვლება, რომ არის განსაკუთრებით საშიში ტერორისტი, რომელიც გათავისუფლების შემდეგ ქართველ სამართალდამცავებს ულტიმატუმსაც კი უყენებდა და საქართველოში მყოფ ტურისტებს ტერაქტებით ემუქრებოდა.

 

ახმედ ჩატაევს ახლო კავშირი ჰქონდა საქართველოში გასამართლებულ „ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლებთან. როგორ დაუძვრა ხელიდან ჩატაევი ქართულ მართლმსაჯულებას მას შემდეგ, რაც ის 2012 წლის აგვისტოში ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს? ეს მოხდა უშუალოდ უჩა ნანუაშვილის შანტაჟითა და კატეგორიული მოთხოვნით. მან სერიოზულ საერთაშორისო სკანდალში გახვია მთელი ქვეყანა, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ციხიდან განსაკუთრებით საშიში ტერორისტი გაათავისუფლა.

 

მაინტერესებს, თუ იღებს პასუხისმგებლობას უჩა ნანუაშვილი ამ ყველაფერზე? ყოველივე აქედან გამომდინარე, მე მას არ მივიჩნევ პროცესების ნეიტრალურ და ობიექტურ შემფასებლად. ეს არის უპასუხისმგებლო ადამიანი, რომელიც ზერელედ, დილეტანტის დონეზე აკეთებს საკუთარ დასკვნებს და ამით ცდილობს საზოგადოებაში ქულების ჩაწერას, მაგრამ მინდა დავარწმუნო, რომ მკვლელებისა და ტერორისტების მხარდაჭერით ის ვერანაირ დივიდენდებს ვერ მიიღებს.

 

ისეთივე უდანაშაულოა გიორგი მამალაძე, როგორი უდანაშაულოც აღმოჩნდა ახმედ ჩატაევი. თუ მართლმსაჯულების აღსრულებაზეა საუბარი, ის სწორედ ჩატაევთან მიმართებაში არ აღსრულდა და ამაში ლომის წილი სწორედ უჩა ნანუაშვილს მიუძღვის", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი