logo_geo
მეტეხის ტაძარში მომხდარი სასწაულები
- +

18 სექტემბერი. 2017. 21:05


ხშირად ადამიანები წუხან იმის გამო, რომ საქმეში წინსვლა არა აქვთ. ცნობისმოყვარენი მკითხავებთან მიდიან და მომავლის განჭვრეტას ცდილობენ, რასაც ეკლესია კატეგორიულად კრძალავს, ეს ნაბიჯი ცოდვად მიიჩნევა. ისიც ფაქტია, რომ ზოგიერთი ქალი, საყვარელი ადამიანის ხელში ჩასაგდებად, შავ მაგიასაც მიმართავს და თურმე, შედეგსაც აღწევს. ალბათ ბევრჯერ გსმენიათ, როცა ქალი ოჯახის დანგრევას ჯადოს აბრალებს. ამ დროს ზოგი ბედს ეგუება, ზოგი კი თურმე, ისევ შავი მაგიით ცდილობს ჯადოს მოხსნას, რამაც შეიძლება, მოჯადოებული ადამიანი სიკვდილის პირას მიიყვანოს; ნაწილი გამოსავალს ლოცვით ეძებს.


მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი მლოცველებს ვერ იტევს. იქ ყოველდღე კვეთებულის ლოცვა ტარდება. ლოცვებს მორიგეობით, ორი მოძღვარი კითხულობს: ტაძრის წინამძღვარი, მამა აკაკი და მამა რაფაელი... ზოგს ხელში ოჯახის წევრის სამოსი უჭირავს, ზოგს - ფოტოსურათი. ამ გზით ისინი გზააბნეული საყვარელი ადამიანის სწორ გზაზე დაყენებას ცდილობენ. კვეთებულის შემდეგ ტაძარში ჯანმრთელობის ლოცვა აღევლინება, მერე მოძღვარი ინდივიდუალურად, ავადმყოფებისთვის, ლახვრით ლოცულობს, მსურველებისთვის კი გახსნის ლოცვა იკითხება.


როგორ გავთავისუფლდეთ ბოროტი თვალისგან, ხილული და უხილავი ჯადოსგან, როგორ მივაღწიოთ წინსვლას საქმეში? - ამ და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე დეკანოზი, მამა რაფაელი (ხაჭაპურიძე)  ჟურნალს „გზას" ესაუბრა.

 

- მამაო, კვეთებულის ლოცვაზე დასწრება მოძღვრის კურთხევით ხდება?

 

- კურთხევას თავიანთი მოძღვრებისგან იღებენ. ეს უფრო მისაღებია, ვიდრე თვითნებურად სიარული; ასეთ დროს ლოცვას უფრო დიდი ძალა აქვს. ხშირად, ურწმუნო ადამიანები სხვებს წყევლიან ან ჯადოს უკეთებენ; ამ გზით მეორე ადამიანს აუბედურებენ, მაგრამ არ ფიქრობენ იმაზე, რომ წყევლა გარკვეული დროის შემდეგ უკან მიუბრუნდებათ. ჯადომ და წყევლამ შესაძლოა, ადამიანის ცხოვრება მთლიანად შეცვალოს, ამიტომ გახსნის ლოცვა ყველა ადამიანს სჭირდება: ზოგი წინაპრებისგან არის დაწყევლილი, არიან ისეთებიც, რომლებიც ადამიანს ხატზე გადასცემენ. ყველა ადამიანმა ხომ უნდა დაიბანოს? ჰოდა, ასეა გახსნის ლოცვაც - ადამიანი კრულებისგან თუ არ გახსენი, ის წინსვლას ვერ მიაღწევს. ამ ლოცვებთან ერთად, საჭიროა იმარხულოს, ეკლესიურად იცხოვროს. ქრისტე ბრძანებს: "რომელმაც არ მიიღოს ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემთან არა გიეს". როგორი კეთილი ადამიანიც უნდა იყოს, თუ ქრისტეს სისხლსა და ხორცს არ მიიღებს, უფალს ვერ იხილავს, უკვდავნი კი არავინ ვართ. გახსნის ლოცვას ძალიან დიდი ძალა და მადლი აქვს. წყევლამ და ჯადომ შესაძლოა, ადამიანის მთელი მოდგმა და ოჯახი აზარალოს. ასეთ დროს გახსნის ლოცვის წაკითხვა აუცილებელია.


- ამბობენ, ვაჟებსა და გოგონებს გახსნის ლოცვას ოჯახის შესაქმნელად უკითხავენო...

 

- ჰგონიათ, რომ ეს ლოცვა მხოლოდ იმისთვის იკითხება, რათა ქალი გათხოვდეს და მამაკაცმა ცოლი მოიყვანოს. ადამიანს ცხოვრებაში ხელი რომ მოემართოს, ჯანმრთელად იყოს, საქმეში წარმატება ჰქონდეს და მასზე ღვთის მადლმა იტრიალოს, ამისთვის არის საჭირო ეს ლოცვა. ვინც გრძნობს, რომ რაღაცით შებოჭილია, ყველას ეკითხება. ვფიქრობ, ლოცვა შვიდგზის მაინც უნდა იქნას წაკითხული. თუ ადამიანი ხედავს, რომ წინსვლა დაეტყო, გარკვეული დროის შემდეგ სჯობს, ისევ წააკითხოს მოძღვარს, რადგან ბოროტ ძალას არ სძინავს. როცა ბედი გწყალობს, ღვთისაგან მადლს მიიღებ, ეს ბოროტ ადამიანს მოსვენებას უკარგავს და ის ცდილობს, რაღაცით გავნოს. ასეთებს ავიწყდებათ, რომ მსგავსი ქმედებით ბედნიერები ვერც თავად იქნებიან. მინახავს, ადამიანი ტაძარში ხატის წინ როგორ წყევლიდა მეორე ადამიანს.


- ეს ხომ ხატზე გადაცემაა?!

 

- ეს უმძიმესი ცოდვაა! პატარა სამებაში მამაკაცი ხატის წინ დადგა და მოვისმინე, როგორ თქვა, - ამოწყდეს მისი ოჯახი, მოიკვეთოს პირისაგან მიწისაო!.. ვეღარ მოვითმინე და ვეჩხუბე: რას სჩადიხარ-მეთქი?!. - მან ძმა მომიკლა და აბა, დავლოცოო? - შენს ოჯახს ცუდად დაუბრუნდება-მეთქი. არ გაიგონა, იგივე ბევრჯერ გაიმეორა. ერთ დღეს კი ტირილით მოვიდა, დაიჩოქა და მითხრა, - მამაო, წამიკითხეთ ლოცვა, რომ ეს ცოდვა მომეტევოსო.


- წაუკითხეთ?


- გულით ნათქვამი იყო მისი სიტყვები და წავუკითხე. მადლობა ღმერთს, რომ გამოფხიზლდა. ადამიანის წყევლა არ შეიძლება.


- ნათქვამია, წყევლა მაწყევარისააო; შეიძლება, ადამიანს დაუმსახურებელმა წყევლამ ავნოს?

 

- რასაკვირველია! დაწყევლილი ადამიანის ოჯახს, მის მოდგმას ეს წყევლა დაერევა, მას აზარალებს და მერე მაწყევარს შემოუტრიალდება, მისი ოჯახის წევრების საქმეც ძალიან ცუდად წავა.


- დაწყევლილი ოჯახი ბოროტი ადამიანის წყევლისგან როგორ უნდა გათავისუფლდეს?

- ასეთი უგუნური ადამიანი ბევრია, ხშირად უმნიშვნელო წყენასაც გულში ჩაიდებენ და არამც თუ სიტყვით დაწყევლიან, არამედ ხატთანაც იწყევლებიან. ეს საშინელებაა და ამის გამკეთებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს წყევლა მის ოჯახს შემოუბრუნდება; ყველას ჯვარი სწერია, თვითონაც ამოწყდება... ყველა დაიფაროს უფალმა, მაგრამ ასეა. არასდროს უნდა გააკეთო ცუდი, პირიქით - უნდა ილოცო, რომ ის ადამიანი გონებაზე მოიყვანო, წესიერ გზაზე დააყენო, რათა გაიგოს, რა არის ღვთის მადლი და წყალობა. წყევლას ძლიერი ზემოქმედება აქვს. როცა ოჯახი ან ადამიანი დაწყევლილია, მას სასულიერო პირები კრულების გახსნის ლოცვებს ვუკითხავთ. ამასთან, უნდა შეინახონ მარხვები, აღსარება უნდა თქვან, ეზიარონ. მამაკაცები და ქალები ფსკვნილებს ატარებენ და ეს მათ იცავს.


- კვეთებულის ლოცვის დროს მრევლს ხელში ახლობლების ტანსაცმელი, ფოტოები უჭირავთ და ლოცვებს ასმენინებენ. ეს მისაღებია?

 

- კვეთებულის ლოცვაზე თუ პიროვნება მოვა, დადგება და იმას წაუკითხავ ლოცვას, კარგია, მაგრამ ჯადოგაკეთებული ადამიანები ტაძარში ვეღარ მოდიან. ამ დროს იმ პიროვნების ტანსაცმელი ოჯახის წევრს მოაქვს, მერე მას ნაკურთხ წყალს ვაპკურებთ. როცა ტანსაცმელს იმ პიროვნებას ჩააცმევენ, მასზე მადლი გადავა და ბოროტი განიდევნება. ცხადია, ეს უცებ არ ხდება და ტანსაცმლის დასწრება რამდენიმე კვეთებულზე უნდა მოხდეს. ხშირად, კვეთებულის ლოცვაზე ცოლებს მემრუშე ქმრების ჩასაცმელი დააქვთ. იყო შემთხვევა, როცა კაცს ცოლ-შვილი მიტოვებული ჰყავდა და ცოლს ქმრის სამოსი დაჰქონდა; გარკვეული დროის შემდეგ ქმარი ოჯახს დაუბრუნდა, საკუთარი საქციელისთვის ბოდიში მოიხადა. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ოჯახის გამთლიანება ვერ ხერხდება. ბოროტი ზეგავლენის ქვეშ მყოფი ადამიანის შველა იოლი არ არის; მისთვის ჭუჭყის მოსაცილებლად ყველაფერს აკეთებ, მაგრამ ბოროტისგან თავი რომ დააღწიო, რწმენაა საჭირო.


- კვეთებულის ლოცვის წაკითხვა ინდივიდუალურადაც ხდება?

 

- ეს უკეთესია. როცა ტაძარში ბევრი ხალხია, შეიძლება, ერთი ადამიანის ცოდვა მეორეზე გადავიდეს და ცუდად გახდეს - ცოდვა მოძრაობს; მერე ლოცვით, ნაკურთხი წყლის პკურებით, ჯვარზე მთხვევით გამოდიან მდგომარეობიდან. როცა ინდივიდუალურად იკითხება, უფრო მეტად ხარ დაცული.


- ბოროტი თვალი არსებობს?

 

- ყველაფერი არსებობს. ბოროტ თვალს შეუძლია, ცხენზე ამხედრებული ადამიანი ძირს დასცეს ან შეიძლება, სულიც განუტევოს ადამიანმა - ასეთი თვალიც არსებობს. როგორც ბოროტი თვალი, ისე ბოროტი გულის ადამიანიც არსებობს. ზოგჯერ შეიძლება, ასეთი ადამიანი უბრალოდ შეგხვდეს და თავი ცუდად იგრძნო; არიან ისეთებიც, რომლებსაც შენთვის კარგი უნდათ, მაგრამ თავისდა უნებურად ატარებენ უარყოფით ძალას. ასეთი ადამიანები ოჯახში რომ შედიან, თავიანთ უარყოფით ენერგიას იქ ტოვებენ, რაც ცხადია, ოჯახის ყველა წევრზე ცუდად მოქმედებს, ამიტომ სახლს კურთხევა ხშირად სჭირდება. ტაძარში ბევრჯერ მიგრძნია, რომ რაღაც უარყოფითი ძალა მომიახლოვდა. უხილავი ბოროტი ძალაც არსებობს; მხოლოდ ლოცვებით, სახარების წაკითხვით გათავისუფლდება ადამიანი ბოროტისაგან. ადამიანები ზოგჯერ ამბობენ, - ჯადოს ლოცვა არ მინდა, ბარაქის ლოცვა მინდაო. შეიძლება, ადამიანი ფიზიკურად იყოს ჯანსაღი, შრომობდეს, მაგრამ საქმე წინ არ მიდიოდეს, ბარაქა არ ჰქონდეს; ეს უკვე ჯადოს ბრალია. მთავარია, სულიერი სიმშვიდე ჰქონდეს ადამიანს; თუ სულიერი სიმშვიდე გაქვს, მაშინ ერთი ლუკმა პურიც რომ გქონდეს, ისიც გიხარია, კარგად ხარ და მადლობას სწირავ უფალს.

 

- ზოგჯერ პიროვნებას არ სჯერა, რომ ჯადო გაუკეთეს. ასეთ შემთხვევაში მას ოჯახი როგორ უნდა დაეხმაროს?

 

- თუ ოჯახის წევრი მორწმუნეა, ის მის გონზე მოსაყვანად, ჭეშმარიტ გზაზე დასაყენებლად ტაძარში ილოცებს. კვეთებულის ლოცვით ადამიანები თანდათანობით მოექცევიან... როცა ვინმე რამეს მოგცემთ, სანამ მიიღებდეთ, უსაფრთხოების მიზნით, პირჯვარი გადაისახეთ. უნდა შევეცადოთ, საეჭვო ადამიანისგან არაფერი ავიღოთ. შეიძლება, ადამიანი გვერდით ამოგიდგეს და სამოსზე რაღაც წაგიცხოს, რის შემდეგაც ბოროტი ძალა იწყებს მოქმედებას. ჯადოსგან, ავი თვალისგან თავის დაღწევა უფლის სახლში ლოცვით, აღსარებით, მარხვით, ზიარებით არის შესაძლებელი.


- თუ არის ისეთი ჯადოები, რომლის მოხსნაც ლოცვით ვერ ხერხდება?

 

- ყველაფერი რწმენაზეა დამოკიდებული. გული უნდა გაუღო უფალს და შენთან მადლი აუცილებლად შემოვა.

 

- იქნებ ლახვრით ლოცვის ძალაზეც ვისაუბროთ: ეს ლოცვაც ინდივიდუალურად იკითხება?

 

- ლახვრით ლოცვა ინდივიდუალურად იკითხება. ლახვრით ჯვარს გადავსახავთ, ოლარს გადავაფარებთ და ლოცვას ვამბობთ; ამით ძალიან ბევრი ადამიანი განკურნებულა. ლოცვის დროს ხშირად თითები მერთმევა, ის უარყოფითი ძალა ჩემზე გადმოდის და თითებსაც ვეღარ ვამოძრავებ. ამ დროს ვისვენებ და ლოცვას საკუთარ თავს ვუკითხავ.


ლოცვას ძალიან დიდი ძალა რომ აქვს, ამას მეტეხის ტაძარში შეკრებილი ადამიანები დაგიდასტურებთ. კვეთებულისა და გახსნის ლოცვით მათ თავი დააღწიეს პრობლემებს.


დოდო, 60 წლის:


- საერთოდ, როცა გვიჭირს, უფალი მაშინ გვახსენდება. 12 წლის წინ ვესწრებოდი კვეთებულის ლოცვებს; რამდენიმე ლოცვის შემდეგ ოჯახის წევრებმა სამსახური იშოვეს. მერე კარგა ხანს არ მივლია, ახლა ისევ გადავწყვიტე მოსვლა და მოძღვრისგან კურთხევა ავიღე. ჯანმრთელობა მაწუხებს, ლახვრით ლოცვას ვიტარებ და კვეთებულს ვესწრები. ახლა უკეთ ვარ. მჯერა უფლის წყალობის. აქ საოცარ ფაქტებს ვხედავთ. მაგალითად, როცა ადამიანის ორგანიზმიდან ბოროტის გამოსვლა ხდება, ის გაურკვეველ ხმებს გამოსცემს...


თამარი, 38 წლის:


- მეტეხის ტაძარში სერიოზული პრობლემით მოვედი: ოჯახის წევრი ნარკომანი გახდა და უფლისგან უნდა მეთხოვა შველა. თავიდან თვალცრემლიანი, შოკირებული ვიდექი ხატის წინ და ვლოცულობდი. მამა რაფაელი მამხნევებდა... მას შემდეგ ლოცვებს ყოველდღე ვესწრები. მამა აკაკი და მამა რაფაელი დიდ საქმეს აკეთებენ. ვერ წარმოიდგენთ, აქ რა საოცრებები ხდება. ტაძარი გამუდმებით სავსეა მრევლით. ძალიან ბევრი შეპყრობილი ადამიანი მინახავს. ყოფილა შემთხვევა, როცა მამა რაფაელს ასეთი პიროვნებისთვის ნაკურთხი წყალი გადაუსხამს და ამის შემდეგ მას არაადამიანური ყმუილი შეუწყვეტია, თითქოს ხელახლა დაიბადა. საერთოდ, მოჯადოებული ადამიანები შემზარავ ხმებს გამოსცემენ. ძალიან სერიოზულ ძალასთან გვაქვს საქმე. ვიდეოკამერა რომ მქონოდა, 2 დღის წინ საოცარMკადრს გადავიღებდი, - დავინახე, ჯადოთი შეპყრობილი ორი ადამიანი როგორ ეგდო ძირს. მოძღვარმა მათთვის ლოცვა აღავლინა; ერთი მალე გამოვიდა მდგომარეობიდან, მეორეს კი ბევრი დრო დასჭირდა. შეიძლება, დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პრობლემაც მოგვარდა - ის, ვის გამოც აქ მოვედი, "წამალს" აღარ იღებს. მოძღვარს ლახვრის ლოცვას მის სურათზე ვაკეთებინებ, რადგან ჯერჯერობით, ტაძრამდე ვერ მოვიყვანე; ნაკურთხ წყალს, სეფისკვერს იღებს და ლოცვებსაც კითხულობს... თანაც, მას ჩ ჰეპატიტის ურთულესი დიაგნოზი დაუსვეს. როცა გამოკვლევაზე წავიდა,Yექიმები გაოგნდნენ - სულ სხვა მდგომარეობა დახვდათ. დიდ მადლობას ვწირავ მამა რაფაელს, საოცარი ადამიანია. კვეთებულის შემდეგ ჯანმრთელობის ლოცვა იკითხება, მერე ლახვრით ლოცვასაც ვესწრები. მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ამ ტაძარში სასწაულები ხდება.


ელისო, 56 წლის:

 

- სამი წლის წინ აქ შვილთან დაკავშირებულმა პრობლემამ მომიყვანა. შეძლებულად ვცხოვრობდით, ფულიც გვქონდა და ბიჭი ნარკომანი გახდა. დედისთვის საშინელებაა, როცა ასეთ რამეს იგებს... ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. ტაძრიდან მისული, სახლში ხმამაღლა ვლოცულობდი, რათა ეს ლოცვა ჩემი ბიჭის ყურამდე მისულიყო. თავიდან აგრესიული გახლდათ და მეუბნებოდა, - ლოცვები მაწუხებსო, მაგრამ მე მაინც ვაგრძელებდი. უფლის ნებით, შეეგუა, მერე წამალი გადააგდო, სამსახურიც დაიწყო და დღეს ლამაზი ოჯახიც აქვს. მას მერე უფლის საოცრად ვიწამე... მერე ჩემი მეუღლე ავარიაში მოჰყვა; თუ გადარჩებოდა, ვეღარ ილაპარაკებდა, თავის ტვინში ჰემატომები ჰქონდა. ექიმმა მითხრა, - ღმერთი არა ვარ, სასწაული რომ მოვახდინო, წადით და ილოცეთო. ვლოცულობდი, მეუღლის სახელზე პარაკლისებს ვუკვეთდი. ჩემი ლოცვით სასწაული მოხდა - ის განიკურნა. ახლა კვლავ მოვედი მეტეხში: თავად ვარ ცუდად, გამოკვლევებით არანაირი დაავადება არ აღმომაჩნდა, მაგრამ ფეხზე დგომასაც ძლივს ვახერხებ. მამა რაფაელის მრევლი ვიყავი. ვფიქრობ, ტაძარს რომ დავშორდი, ეს ამიტომ დამემართა.


ბევრი სასწაულის მოწმეც ვარ. მაგალითად, ზაფხულში ტაძარში ცხელოდა და მამაო ლოცვას ეზოში ატარებდა. ბავშვი მოიყვანეს. კიოდა, თმას იწეწდა, ვერ აჩერებდნენ. მოძღვრის ლოცვის შემდეგ, ბავშვი დამშვიდდა და სიარული დაიწყო... ერთი პატარა დედას ხშირად მოჰყავდა. აქტიური ბავშვი იყო, ზეთისცხებაზე ყოველთვის პირველი გარბოდა მოძღვართან. ერთხელაც ვიღაც ქალბატონს გაეთამაშა. მან ფული მიაწოდა, ბავშვმა არ აიღო. არ ვიცი, რატომ მოიქცა ასე, მაგრამ იმ ქალმა ეს ფული ბავშვს მიუყარა და წავიდა. უეცრად, ჩვენ თვალწინ, ბავშვი ცუდად გახდა. როცა მომჯობინდა, დედამ სახლში წაიყვანა. თურმე, შეშინებული იყო და მთელი ღამე ტიროდა. მამა რაფაელის ლოცვების შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდა და ისევ ისე დახტოდა... აი, ამ ახალგაზრდა გოგოს შეხედე, როგორ უჭირს გადაადგილება. დედასა და ძმას მიჰყავთ, მას თურმე, ჯადო გაუკეთეს...


ლოცვის შემდეგ გოგონა ტაძრიდან ძმამ და დედამ, ხელკავით გამოიყვანეს. მათთან მივედი, მაგრამ შეპყრობილის დედამ მომიბოდიშა, - სხვა დროს იყოს. ახლადაღლილია და სახლში უნდა წავიყვანოო. გოგონას ამბავი ქალბატონმა თამარმა მიამბო:


- ეს გოგო მორწმუნე ყოფილა. გასულ კვირას ძმამ ტაძარში ხელში აყვანილი შემოიყვანა. ის უცნაურ ხმებს გამოსცემდა, თითქოს მამაკაცი ლაპარაკობდა. ოჯახის წევრები ამბობენ, - ვიღაცამ ჯადო გაუკეთაო. თურმე, ჯვარი ყელიდან მოიგლიჯა და ის ჯვარი ძმას მოჰქონდა. ტაძარი რომ ნახა, უფრო გაღიზიანდა... იმ დღეს მამა აკაკიმ ილოცა და კვეთებულის შემდეგ უკეთესობა დაეტყო. მეორე დღეს ლოცვის შემდეგ ჯვარი თავისი ხელით გაიკეთა...


ნელი, 63 წლის:

- პრობლემები მაქვს. 8 წელია, ჩემი შვილი ოჯახთან ერთად, სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. ის მსახიობია და ხშირად სამუშაო არა აქვს, ცხოვრება ვეღარ აიწყო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ იქ ფსიქიატრიულშიც იწვა. მეორე ვაჟიც უცებ შეიცვალა - არადა, სტიქაროსანი იყო, კარგი დედაშვილობა გვქონდა; ლოცვის გარეშე საჭმელს არ ჭამდა, სახლიდან გასვლის წინ მეტყოდა, - დედა, დამლოცეო, ახლა კი ჩემი დანახვაც არ უნდა. იმედი მაქვს, ლოცვა მიშველის. უცხოეთში მცხოვრებმა ვაჟმა მითხრა, - დედა, ჩემზე ილოცე და დედათა მონასტერში წადიო. კვეთებულის ლოცვებს ჩავამთავრებ და მონასტერშიც წავალ, მხოლოდ ღვთის წყალობის იმედი მაქვს. დედისთვის შვილების კარგად ყოფნაა მთავარი. ადრე ეკლესიური არ ვიყავი და შესაძლოა, ჩემშია პრობლემა. მაპატიოს უფალმა, თუ რამე შევცოდე. მინდა, შვილები კარგად მყავდეს.


ქალბატონი ნაზი ბრეგვაძე 13 წელია, მეტეხის ტაძრის მსახურია. მის თვალწინ უამრავი ფაქტი მომხდარა.


ნაზი ბრეგვაძე:


- აქ ხალხი დიდ შვებას გრძნობს, თითქოს ბედშეკრული ადამიანი იხსნება. როცა ცუდად ვარ და გახსნის ლოცვას მამაო წამიკითხავს, ყველაფრისგან ვთავისუფლდები.Aეს ლოცვები სპეციფიკურია და მოძღვრები მას პატრიარქის კურთხევით კითხულობენ. როცა აქ ამდენი, პრობლემით შეწუხებული ადამიანი დგას, მძიმე აურაა. ბევრჯერ უარყოფითი აურა ჩემზე გადმოსულა, სული ვეღარ მომითქვამს და გარეთ გავვარდნილვარ. მოძღვარს ფსალმუნების კითხვაში ვეხმარები და ისეთი ძლიერი ლოცვებია, მეც ძალას მმატებს. ბევრჯერ, ისეთი შეგრძნება მქონია, ვიღაცამ ყელზე ხელი რომ წაგიჭიროს და გახრჩობდეს; ხმაც დამიკარგავს.Gლოცვის დროს ბევრჯერ თვალებიც დამბინდებია და ფსალმუნი ზეპირად მითქვამს... როცა ახლები შემოდიან, ამას ვხვდები - ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ყინულის კედელი აღიმართა. თუ ადამიანი კარგი აურით შემოდის, სურვილი მიჩნდება, გულში ჩავიკრა. ბევრი ძალით მოჰყავთ. 2 წლის წინ ჩემი შვილის მასწავლებლის შვილი ფაქტობრივად, გაკოჭილი მოიყვანეს. სკამი დავუდგი, მაგრამ გაიქცა. ისინი მამა რაფაელს სთხოვდნენ, გახსნის ლოცვა შვიდგზის ჩაეტარებინა. მოძღვარმა უთხრა, - შეიძლება, არ დასჭირდესო. პირველი ლოცვის დროს მშობლებს დაჭერილი ჰყავდათ და მეორე დღეს მარტო რომ დავინახე, გამიკვირდა. ცოლთანაც გაყრილი იყო, სამსახურიდან გამოაგდეს... მერე ცოლსაც შეურიგდა. მეშვიდედ არ მოსულა, რადგან სამსახურიც დაიწყო. მერე მოვიდა და მითხრა, - მამა რაფაელს ფეხებში უნდა ჩავუვარდე, მადლობა ვუთხრაო. მერწმუნეთ, ასეთი უამრავი შემთხვევაა... ნაღველი კენჭით მქონდა დაფარული. აქ რომ მოვედი, ტაძრის ეზოში არავინ იყო. ისე ცუდად გავხდი, ტკივილისგან ვიკრუნჩხებოდი. ამ დროს მესანთლე და მამა რაფაელი მოვიდნენ. ორჯერ ლახვრით ლოცვის შემდეგ ტკივილი შემისუსტდა, მადლობა უფალს, მიშველა. კარგა ხნის შემდეგ, ექიმთან რომ მივედი, მითხრა, - კენჭი ძალიან დაპატარავდაო.Aრწმენა უნდა გქონდეს უფლის და სასწაული მოხდება. მეკითხებიან, - რამდენჯერ უნდა დავესწრო კვეთებულის ლოცვასო? ამაზე პასუხს ვერავინ გაგცემს, ეს ინდივიდუალურია. თუ ლოცვებს რწმენითა და გონებით მოუსმენ, შედეგი აუცილებლად იქნება.


20 წლის გოგონა მომიახლოვდა და მითხრა, რომ ერთ ამბავს ისიც მომიყვებოდა. ნანო ნაჭყებიას ოჯახი ხობში ცხოვრობს, ისინი მეტეხის ტაძარში ძმის ავადმყოფობამ მოიყვანა.


ნანო ნაჭყებია:

 

- ჩემს ძმას ბავშვობაში აცრა გაუკეთეს და წლების შემდეგ იმ ადგილას სიმსივნე აღმოაჩნდა. გაუსაძლისი ტკივილი აწუხებდა. მამა იოანემ გვირჩია, მეტეხის ტაძარში ლოცვებს დავსწრებოდით. კვეთებულის, ჯანმრთელობის ლოცვებს, ლახვარს და გახსნის ლოცვას ყოველდღე ვუსმენდით. ჰოდა, ცოტა შვება იგრძნო. მე და ჩემი დაც სულ მასთან ერთად ვლოცულობთ. ექიმმა გვითხრა, - ავთვისებიანი სიმსივნეა და ოპერაციაც დაგვიანებულიაო. ამ ლოცვების შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა და ოპერაცია ჩაუტარდა, სიმსივნე კეთილთვისებიანი აღმოჩნდა. ექიმი გაოცებულია: 33 წელია, ვმუშაობ და ასეთი სასწაული არ მინახავს. ვერ ამიხსნია, რა მოხდა ამ ბიჭის ორგანიზმშიო... მოკლედ, ლოცვების წყალობით, უკეთაა. ახლა აქ მოსვლას ვერ ახერხებს, რადგან ახალი ნაოპერაციებია, ამიტომ სურათი და მისი ტანსაცმელი დამაქვს. თვითონ სტიქაროსანია და უფლის სასწაულის გვჯერა.


თეა ხურცილავა


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი