logo_geo
ვახტანგ კომახიძე: საგამოძიებო სამსახურს სერიოზული მასალა აქვს იმისთვის, რომ ფონდ „იავნანას“ საქმე გამოიძიოს
- +

20 სექტემბერი. 2017. 11:10



საგამოძიებო სტუდია „პოსტ TV"-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ კომახიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას" თაღლითურ საქმიანობასთან დაკავშირებით გადაღებულ ფილმზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. კომახიძის თქმით, ფილმში მოცემული ციფრები მხოლოდ ვარაუდებია და აღნიშნული საქმით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს გამოძიება.

 

„გახსოვთ, ალბათ, როდესაც პაატა ბურჭულაძე საპარლამენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, ჟურნალისტებმა ფონდ „იავნანას" ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვეს. მაშინ პაატა ბურჭულაძემ და მისმა ფონდმა ხელი ჟურნალისტებს შეაწმინდეს. აღნიშნეს, რომ მის წინააღმდეგ აგორებული ავი პიარი ანგაჟირებული ჟურნალისტების მიერ იყო აგორებული. როდესაც პასუხის გაცემა არ სურთ და ყველაფერს ჟურნალისტებს აბრალებენ, ე.ი. რაღაცაშია საქმე და მეც დავინტერესდი ამ თემით. დაახლოებით ერთი წელი ვმუშაობდი ფილმზე.

 

ენით აღუწერელი თავხედობა დავინახე, როდესაც ფონდის ანგარიშებში ჩავიხედე. აღმოჩნდა, რომ იმ თანხიდანაც კი, რაც ფონდს დეკლარირებული ჰქონდა, ქველმოქმედებაზე მხოლოდ 30 პროცენტი იყო დახარჯული.

 

ბურჭულაძე ამბობს - 9 წლის განმავლობაში შემოწირულობების ყუთებიდან მილიონ 60 ათასი მაქვს მიღებულიო. ეს წარმოუდგენლად ცოტაა. ამასთან დაკავშირებით ექსპერიმენტიც კი ჩავატარეთ. მინიმალური დათვლით აღმოჩნდა, რომ სავარაუდო შემოსავალი 13 მილიონზე მეტია. ხაზგასმით ვამბობ - ეს ჩვენი ვარაუდია, რაც უკვე გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს. საგამოძიებო სამსახურს სერიოზული მასალა აქვს იმისთვის, რომ ფონდ „იავნანას" საქმე გამოიძიოს და ფილმში დასმულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს, მეტიც, დანაშაულის ნიშნების შემცველობის ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში საგამოძიებო სტრუქტურები ვალდებული არიან, გამოძიება დაიწყონ!

 

არ შეიძლება, შენს კეთილდღეობას ხმარდებოდეს ფონდში შეგროვებული კაპიკები, ფეშენებელურ პირობებში იცხოვრო, მათ კი, ვისთვისაც ეს კაპიკები შეგროვდა, საცხოვრებლად საწამებელ პირობებს სთავაზობდე. მესმის, ზოგიერთისთვის გაუსაძლის პირობებში ცხოვრებაც კი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ესეც არ არის ბოლომდე მათი, საკუთრების უფლება არ აქვთ. ეს იგივეა, ადამიანს ოქროს დიდი ზოდი აჩუქო, კისერზე დაამაგრო და უთხრა - მთელი ცხოვრება ზურგით უნდა ატაროო. აი, ეს ჰქმნა „იავნანამ"! ადამიანი, რომელიც ამბობდა, მხოლოდ ევროპისკენ უნდა ვიაროთ და რუსეთისკენ არ უნდა გავიხედოთო, დღეს პეტერბურგში ერთ-ერთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია", - განაცხადა ვახტანგ კომახიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი