logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ პრაქტიკულად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვკარგავთ საქართველოს მოქალაქეებს
- +

9 დეკემბერი. 2016. 01:00



დიასპორებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა 2030-ში ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაცია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ  მოქალაქეებს მიეცეთ უვიზო გადაადგილების საშუალება და არის თუ არა ეს პოზიტიური შანსი აფხაზებსა და ოსებთან კავშირის აღდგენისთვის უპასუხა, რომ ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეები პრაქტიკულად აღარ არსებობენ. მისივე თქმით,  საუბარი არ არის იმაზე, სურთ თუ არა მათ საქართველოს მოქალაქეობა.


„ეს შანსი არ არსებობს და არ იარსებებს. დავუბრუნდები ჩემ ყველაზე საყვარელ, ანუ პასპორტების და მოქალაქეობის თემას. ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით, პრაქტიკულად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ქართველი მოქალაქეები აღარ არსებობენ. ჩვენი კანონმდებლობა, კონსტიტუცია დღეს აცხადებს, რომ თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო საქართველოს მოქალაქემ, იმთვითვე კარგავს საქართველოს მოქალაქეობას.  იმედი მაქვს, რომ ამას შევცვლით. ეს თუ არ შეიცვალა სასწრაფოდ, ჩვენ პრაქტიკულად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვკარგავთ საქართველოს მოქალაქეებს.

 

ეს არის იურიდიული საკითხი. ჩვენ თუ გვინდა, ვიზალიბერალიზაციას ქონდეს შედეგი იმისა, რომ გაუჩნდეთ ეს სურვილი, მაშინ პირველ რიგში მათ არ უნდა დავაკარგვინოთ საქართველოს მოქალაქეობა. ჩავთვალოთ, რომ ვინც ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, როცა ჩატარდა რეფერენდუმი, ყველანი არიან საქართველოს მოქალაქეობის პოტენციური მატარებლები,  ეს პასპორტები უკვე პრაქტიკულად მზად უნდა იყოს იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის სახლში. რომელიმემ რომ მოინდომოს, ჩამოვიდეს თბილისში პასპორტისთვის, სახელმწიფო უნდა იყოს მზად. ისინი ჩვენთვის უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ეს არის ანა-ბანა, თუ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვიცავთ ტერიტორიულ მთლიანობას, იქ მაცხოვრებელ ადამიანებს. მაშინ ჩნდება ის მოლოდინი, რომ ამ პასპორტით შეძლებ ადვილად ჩასვლას ევროპაში",-აღნიშნა ზურაბიშვილმა.


დეპუტატის თქმით, ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია და ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს ყველაფერი.


 

big_banner
არქივი