logo_geo
კახა კალაძე: ვფიქრობთ, მერიას შეუძლია ღამის ეკონომიკის ხელშეწყობა
- +

26 სექტემბერი. 2017. 13:17


„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით თბილისის მერიას შესაძლებლობა აქვს ხელი შეუწყოს ღამის ეკონომიკის განვითარებას.

 

„ღამის ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერჯერობით შედარებით ახალი  მიმართულებაა, რომელიც მოიცავს ყველა დარგს, რომელსაც ოფიციალური სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მუშაობა შეეძლება. ეს არის კულტურული და გასართობი ღონისძიებები, კვების ობიექტები, სასტუმროები, სპორტული დარბაზები, სავაჭრო ობიექტები და სხვა. ამ თვალსაზრისით ევროპის რამდენიმე დედაქალაქი ერთმანეთთან უკვე კონკურენციაშია შესული. ყველა ცდილობს, უკეთესი პირობები შესთავაზოს ღამის ეკონომიკაში ჩართულ ბიზნესსუბიექტებს, შემოიღოს ღამის ეკონომიკის ხელშემწყობი რეგულაციები.

 

ამ დროს ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ გულხელდაკრეფილები ვისხდეთ, ეკონომიკის განვითარება თუ გვინდა, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, სრულად უნდა ავითვისოთ პოტენციალი. მით უმეტეს, რომ რამდენიმე მიმართულებით, ელემენტარული ხელშეწყობის გარეშეც კი ვუწევთ კონკურენციას სხვა ქალაქებს. ვფიქრობთ, ღამის ეკონომიკის ხელშეწყობა მერიას შეუძლია, მუნიციპალური ტრანსპორტის ღამის მარშრუტების დანიშვნით, შეღავათების დაწესებით, ისეთი მიზიდულობის ცენტრების განვითარებით, რომელიც მოსახლეობისგან მოშორებით მდებარეობს და დასახლებულ პუნქტებს არ შეაწუხებს, უსაფრთხოების სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლებით, შეღავათების დაწესებით და ამ მიმართულების პოპულარიზაციით. დღეს ტურისტს ან ადგილობრივს ღამით გასვლა რომ მოუნდეს ქალაქში, ავტობუსი არ დადის, მხოლოდ ერთი კვების ობიექტია ღია და არაფერი ხდება, მთელი ქალაქი ჩაბნელებულია", - განაცხადა კალაძემ.


 

big_banner
არქივი