logo_geo
გუგული მაღრაძე: დღეს რომ სასიკეთოს აკეთებს „ქართული ოცნება“, მომავალში წაადგება მოსახლეობას
- +

2 ოქტომბერი. 2017. 18:15


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში „ქართული ოცნების" 5-წლიანი მოღვაწეობა შეაჯამა.


„ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნება" ადრე უფრო ორიენტირებული იყო მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, ვიდრე ახლა. რადგან ჩვენ ვხედავთ, რამდენი რამ გაკეთდა. ჯანდაცვის უფასო პროგრამები, უფასო განათლება, უფასო საბავშვო ბაღები და რაც მთავარია,  „ქართულმა ოცნებამ" დაიწყო და აგრძელებს იმას, რომ მთავარი არის ადამიანის ღირსება, ადამიანის ჯანმრთელობა და ვერავინ იტყვის, ვერც ოპოზიცია, რომ „ქართულმა ოცნებამ" ამ გზას გადაუხვია", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

 

გუგული მაღრაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დღეს ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე დაცულია.


„საქართველოში შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ თითოეულ მოქალაქეს მშვიდად, წყნარად შეუძლია განაგრძოს ცხოვრება. ზოგს ისევ ულხინს, ზოგს ისევ უჭირს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მშვიდი გარემოა და საკმაოდ დაცულად გრძნობენ ადამიანები თავს. ამას ისიც მიუთითებს, რომ პატარა ბიზნესებს იწყებენ, სტრატეგიულად უფრო შორს მიმავალ გეგმებს საზღვრავენ და ა.შ.

 

მოსახლეობა ელოდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს ყველაფერი, რომ თითოეულმა იგრძნოს თავის თავზე ის სიკეთეები, რასაც ხელისუფლება აკეთებს. მაგრამ ამას მოლოდინისგან განსხვავებით, უფრო დიდი დრო სჭირდება. დღეს რომ სასიკეთოს აკეთებს „ქართული ოცნება", მომავალში წაადგება მოსახლეობას. მოსახლეობას ძალიან წაადგა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ეს პატარა რამე არ არის და მსოფლიოში ყველა ვერ ახორციელებს. გამოწვევები გაიზარდა ყველგან, გაიზარდა მთელ რეგიონში, მთელ მსოფლიოში და ჩვენ არ ვართ იზოლირებული ქვეყანა, რომ ყველაფერს თავად გავუმკლავდეთ. მე არ მინახავს, და კარგი იქნება, თუ გააკეთებს ვინმე ანალიზს, რა შეეძლო გაეკეთებინა ხელისუფლებას არსებული ვითარების გათვალისწინებით, და რა ვერ ან არ გააკეთა", - განაცხადა გუგული მაღრაძემ. 


 

big_banner
არქივი