logo_geo
თემურ თორდინავა: ბაგა-ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის შემთხვევა 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე არ დაფიქსირებულა
- +

6 ოქტომბერი. 2017. 14:12


 

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ბაგა-ბაღებში კვების ბლოკებში არსებულ ვითარებას აფასებს. თემურ თორდინავას თქმით, სააგენტო ახალი ადმინისტრაციის პირობებში, სხვადასხვა საბავშვო ბაღებში ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს.


„თქვენ გახსოვთ, ადრინდელ პერიოდში იყო პრობლემები და ბევრი ადამიანი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამჟამად მსგავსი ტიპის შემთხვევები არ გვხვდება, მაგრამ, თუ სადმე მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა, მკაცრი რეაგირება გვაქვს. მსუბუქი დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილებით შემოვიფარგლებით. თუ დარღვევა მძიმეა, რა თქმა უნდა, თანამდებობიდან გათავისუფლება", - განაცხადა თორდინავამ.

 

თორდინავას თქმით წინა წლებში იყო შემთხვევები, როცა მომზადებული ულუფა ბავშვებამდე არასრულად მიდიოდა, თუმცა ამ ეტაპზე კვების მიმართულებით დარღვევები იშვიათია ხოლო ხარისხის კუთხით, ISO-სა და HACCP-ის სტანდარტების შესაბამისია.


თემურ თორდინავამ აქვე ჯანსაღ პროდუქტზე და მის ჰიგიენურ მომზადებაზეც გააკეთა აქცენტები.

 

„ჩვენ გვაქვს მკაცრად განსაზღვრული სტანდარტები, კონტროლი გვაქვს მაღალ დონეზე. პერმანენტული მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ყოველდღე 171 ბაღში მონიტორინგი ვერ შევა. აქედან გამომდინარე, ამას ყოველდღიურ რეჟიმში საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობა აკვირდება, იმიტომ რომ სერვისის მიმღები საბავშვო ბაღია. ეს იქნება პროდუქტი, თუ შემდეგ ამ პროდუქტის მიტანა აღსაზრდელამდე. მონიტორინგი ამოწმებს როგორც კვების მიმართულებას, ისე ჰიგიენურ წესებს, სააღმზრდელო მეთოდოლოგიას, მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობას. საკვებით ინტოქსიკაციის შემთხვევა 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე არ დაფიქსირებულა. თუმცა, ეს ჩვენ არ გვამშვიდებს და ყველა მიმართულება მაღალ კონტროლზე გვყავს", - აცხადებს თემურ თორდინავა.


შეგახსენებთ, რომ გაზეთ პრაიმტაიმის ინფორმაციით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წელს საბავშვო ბაღები 1068-ჯერ შეამოწმა. კრტიტიკული შეუსაბამობა არც ერთ ბაღში არ გამოვლენილა. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დედაქალაქში კვების ბლოკში პრობლემები მოგვარებულია, თუმცა რეგიონში კვების ბლოკის პრობლემებსა და სანიტარიულ ჰიგიენურ ნორმებზე ისევ ჩივიან.


 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი