logo_geo
ჯემალ ბაღაშვილი: სწორედ აქედან მოდის დისკრედიტაციის მცდელობა...
- +

7 ოქტომბერი. 2017. 17:31


ტელეკომპანია „იბერიას" გადაცემაში „ცენზურის გარეშე" მსახიობმა ჯემალ ბაღაშვილმა აქცენტები გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ გახდა საზოგადოება მხოლოდ სიძულვილზე და ნეგატივზე ორიენტირებული. მსახიობის თქმით, ყველაფრის მიზეზი პოლიტიკოსების მიერ ჩანერგილი აგრესია და სიდუხჭირეა.


„მოგეხსენებათ ქართველი ხალხი ბრძენია, და ეს გურულ სიმღერაშიც გახლავთ ასახული. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ამ ადამიანებზე გაჭირვებამ არ პოვოს ასახვა, როდესაც მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე გასულია ქვეყნიდან, მონურ შრომას ეწევა, და მათ შორის  უმეტესობა ქალია. შესაბამისად, მომრავლდა უდედოდ გაზრდილი თაობა. ამ თაობას იმ თანაგრძნობას, რომლითაც ტრადიციულად იზრდებოდა ქართველი ყმაწვილი, ვეღარ მოსთხოვ, რადგან მათ დედის ალერსი არ უგემიათ. ოდითგანვე ასე იყო ქართველი კაცი, მებრძოლი და ოჯახში ატმოსფეროს მაინც ძირითადად დედა ქმნიდა. დღეს ტრაგიკული ვითარებაა ამ თვალსაზრისით, რადგან დედები წასულები არიან. წასულები არიან, მაგრამ რასაც შოულობენ, ყველაფერს აქეთ აგზავნიან, მაშასადამე მათ გული კი არ გასციებიათ, არამედ სიდუხჭირემ აიძულა, რომ ასე მოქცეულიყვნენ", - აცხადებს ჯემალ ბაღაშვილი.

 

ჯემალ ბაღაშვილი აქვე დასძენს, რომ პოლიტიკოსების მიერ სიძულვილის ენით ერთმანეთთან საუბარი ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალებაა.


„რაც შეეხება პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსების დებატებს თუ შევხედავთ, იქვე მივხვდებით, რაშიცაა საქმე. უკადრისს კადრულობს ყველა. ისეთი ეპითეტებით ამკობენ ერთმანეთს, ისეთი სიძულვილის ენით ესაუბრებიან ერთმანეთს, ბუნებრივია, ადამიანს აღარაფერი სჯერა მათი სასიკეთო ქმედებისა. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი პარტია, რამდენი წარმომადგენელი ედავება ერთმანეთს. პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი ხერხი, ზემოქმედების საშუალება. მოგეხსენებათ, ავადსახსენებელი გებელსი დიდოსტატი იყო პროპაგანდისა, და ზუსტად ეს არის ის, რასაც ვაწყდებით ხშირად დებატებში. არსად არ მიდის პროგრამების შეჯერება, არსად არ მიდის კეთილგანწყობილი დიალოგი. პრაქტიკულად ერთ პოზიციაზეც ვერ თანხმდებიან. მიზეზი ჭეშმარიტების გარკვევა კი არა, თავის წარმოჩენა და დამკვიდრებაა. უდიდესი მიზეზი კი გახლავთ ეკლესიის დისკრედიტაციის უკიდეგანო მცდელობა, რადგან 17 საუკუნეა, რწმენით მოდის ქართველი კაცი. ურწმუნო კაცი კი არის ბაბუაწვერა, საითაც დაუბერავს პროპაგანდის ნიავი, იქით გააქანებს. აი, ამაშია საქმე. სწორედ აქედან მოდის დისკრედიტაციის მცდელობა. ჩემი ვარაუდით, უნდათ, რომ მრევლი ელექტორატად აქციონ. როდესაც ქართველ კაცს შეურყევ 17-საუკუნოვან რწმენას და დატოვებ ამ უმძლავრესი იარაღის გარეშე, ეს უდიდესი დანაშაულია", - განაცხადა ჯემალ ბაღაშვილმა.


 

big_banner
არქივი