logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილი არიგებდა მოქალაქეობას და ეს მისი მავნებლური პოლიტიკა იყო
- +

11 ოქტომბერი. 2017. 11:39



გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სალომე ზურაბიშვილმა განმარტება გააკეთა ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

 

„ალბათ პრეზიდენტს დარჩება ფუნქცია, უცხოელებს მიანიჭოს მოქალაქეობა. მოქალაქეობის მინიჭების ეს ფორმა კონსტიტუციაში ჩაწერილი იყო, როგორც ჯილდო საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. ვთქვათ, მომღერლებისთვის ან სპორტსმენებისთვის, რომლებიც სურდათ, აქ ნაკრებში ჩამოეყვანათ, მაგრამ ეს არ იყო ქართველებისთვის. როდესაც მწვავედ გაჩნდა ეს პრობლემა, მე მაშინ ხელისუფლებაში ვიყავი და ვეუბნებოდი სააკაშვილს, რომ როგორც მე მომენიჭა მოქალაქეობა, ისე მარტივად და უმტკივნეულოდ განევრცო ეს ფორმა ქართველ ემიგრანტებზე. ცოტა ხნით დამიჯერა და მერე ისევ გაართულა. სააკაშვილი ბოლოს არიგებდა მოქალაქეობას და ეს მისი მავნებლური პოლიტიკა იყო. უცხოელებზე ნამდვილად არ უნდა იყოს, გარდა აუცილებელი გამონაკლისისა. დანარჩენი არის ნატურალიზაციის კანონი, რომელიც მიღებულია და არსებობს ყველა ქვეყანაში. ამ კანონზეც ბევრი სამუშაო გვაქვს, რადგან აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ნატურალიზაციის პირობები. ეს უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე მიწის კანონი, რადგან ხვალ გეყოლება რამდენიმე ათასი უცხოელი საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიწას უპრობლემოდ იყიდის. ამიტომ მოქალაქეობის კანონში ნატურალიზაციის პირობები გასამკაცრებელია", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


სალომე ზურაბიშვილი აქვე დასძენს, რომ ენისა და ისტორიის ცოდნა არ არის დამცველი მექანიზმი და ეს პოპულისტურია.


„რაღაც დონეზე აქ ჩამოსულ უცხოელს ენისა და ისტორიის შესწავლა არ გაუჭირდება. დამცველი მექანიზმი არის, რომ ბერკეტები შენს ხელში იყოს. მომხრე ვარ, გაიზარდოს ბინადრობის ვადა, ახლა 5 წელია და გავზარდოთ 10 წლამდე. ჩამოვიდეს, იცხოვროს, იყოს რეგისტრირებული. საფრანგეთში 10 წელი არის მინიმუმი. როდესაც წერ, რომ უნდა იცოდეს ენა, კონსტიტუცია და ისტორია, ამით ამბობ, რომ მეტი არაფერია საჭირო. ადამიანი მოგიბრუნდება და პრეტენზიას დაგიყენებს, 10 წელი ვიცხოვრე, ენა, ისტორია და კონსტიტუცია ვიცი და რატომ არ მაძლევ მოქალაქეობას. სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს ბერკეტი, რომ ბინადრობა მინიმუმ 10 წელია და მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო უწყებების გადასაწყვეტია. არ ხარ ვალდებული, პირობები ჩამოწერო და თქვა, რომ ეს პირობები თუ შესრულებულია, გაძლევ მოქალაქეობას. პირობა ასეთია, 10 წელი უნდა იცხოვრო ამ ქვეყანაში და მერე ვნახავ, მოგცემ თუ არ მოგცემ. შეუძლია სახელმწიფო უწყებამ თქვას, რომ წელიწადში 100-ზე მეტ ნატურალიზაციას არ გავცემ. სახელმწიფო ვალდებულია, თუ ადამიანი კანონმორჩილია და ნორმალურად ცხოვრობს, მას ბინადრობის მოწმობა მისცეს, ხოლო ნატურალიზაციის დროს კიდევ სხვა მოთხოვნებია. ამიტომ აქ ყურადღება გვმართებს და პოპულიზმი დაუშვებელია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილი აქვე დასძენს, თუ რომელი კანონი უნდა შეეხოს მოქალაქეობის მისაღებად პირველი რესპუბლიკის დროს წასული ემიგრაციის შთამომავლებს, მეორე მსოფლიო ომისა და კომუნისტების დროს გაქცეულებს.


„პირველი ტალღიდან უკვე აღარავინ არის, ხოლო მათ შვილებს და შთამომავლებს, სურვილის შემთხვევაში, უფრო ნატურალიზაციის კანონი უნდა შეეხოთ და ამ დროს, როგორც დადებითი ფაქტი და შეღავათი იქნება, რომ ისინი ემიგრანტების შთამომავლები არიან. ასევე ეს ეხება მეორე მსოფლიო ომის დროის ემიგრანტებსა და მათ შთამომავლებს. ძალიან კარგად შეგვიძლია, რომ კანონში ცალკე მუხლად ჩაიწეროს, რომ მათ ბინადრობის ვადა არ მოეთხოვებათ და სხვა დათქმები, რაც მოსაფიქრებელია. შეიძლება მოქალაქეობის ზოგიერთი სხვა მოთხოვნა გადავიდეს პრეზიდენტის კომპეტენციაში, რაც ახლაც აქვს მას მინიჭებული", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი