logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: მესმის, რატომ მივიღეთ ეს კანონი, შეზღუდვები აუცილებელია
- +

11 ოქტომბერი. 2017. 17:01


 

გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სალომე ზურაბიშვილმა განმარტება გააკეთა კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებაზე, რომ უცხოელებზე მიწა არ გაიყიდება. სალომე ზურაბიშვილმა აგრეთვე განმარტა, თუ როგორ აგვარებენ ევროპელები ამ პრობლემას.


„რასაც ძველი ევროპა ჰქვია, იქ მიწები უკვე ათვისებულია უმეტესად ამ ქვეყნების მოქალაქეების მიერ. თუ ევროპის მოქალაქე ხარ, მიწა შეგიძლია შეიძინო. იქ არის უკვე აწყობილი კანონმდებლობა, რომელიც კი არ კრძალავს, არამედ აკონტროლებს ამ საკითხს. მიუხედავად ამისა, ერთ დროს იყო ჩოჩქოლი, რომ საფრანგეთის ერთ რეგიონში შემოდიოდნენ მოქალაქეები ინგლისიდან და ჰოლანდიიდან და მიწებს ყიდულობდნენ, შემდეგ იაპონელებზე იყო პროტესტი, ანუ არის ხოლმე მომენტი, როდესაც ეს პრობლემა ჩნდება და არის სათანადო კანონმდებლობა. აღმოსავლეთ ევროპაში, რომლის სიტუაცია ჩვენსა ჰგავს, ევროკავშირთან შეთანხმებით, ბევრ ადგილას მიიღეს უცხოელებზე მიწის გაყიდვის მორატორიუმები, შემდეგ, როდესაც ჩაითვლება, რომ დადგნენ ფეხზე და უფრო მოწესრიგებულია მიწების საკითხი, გადადიან შეზღუდვებზე და არა - აკრძალვაზე. ჩვენთან ორი პრობლემაა. ერთი, რომ კომუნისტების დროს მიწა სახელმწიფოს ეკუთვნოდა და ეს ბევრგან დარჩა და მეორე, მემკვიდრეობა, რომელიც შევარდნაძის დროიდან და შემდეგ, დღემდე გრძელდება - ჩინოვნიკებს, რომლებიც მიწებს ასხვისებდნენ, ჰქონდათ კუპონები ან რაღაც ვაუჩერების საშუალება და მათ აქვთ შესყიდული ძალიან დაბალ ფასად ან უფასოდ მიწის დიდი ნაწილი. ეს მიწები არის გაჩერებული მათ მიერ. აი, მხოლოდ თბილისში კუს ტბის გარშემო, ლისის ტბის გარშემო და სხვაც, ძალიან ბევრია გაყიდული. ეს მიწა არის გაჩერებული და ისინი ელოდებიან, როდის აიწევს მიწის ფასი გასაყიდად. ამას უფრო დიდი ზიანი მოაქვს ჩვენი ეკონომიკისთვის, ვიდრე იმ უცხოელებს, რომლებიც შემოსული არიან და მიწას ამუშავებენ. ამაზე არავინ ლაპარაკობს, არ აწყობთ და ურჩევნიათ, უცხოელებზე ჰქონდეს ხალხს აგრესია", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.


სალომე ზურაბიშვილმა აგრეთვე აქცენტები გააკეთა, თუ რა რეგულაციები იქნება ჩვენთვის საჭირო უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის შემდეგ.


„ჩვენ ერთი პრობლემა გადავწყვიტეთ, რომ უცხოელებს არ მივყიდით, მაგრამ უცხოელი, ვისაც ეს უნდა, მაინც შეძლებს ამას - ან აქ კომპანიას შექმნის და ქართველებთან ერთად განკარგავს, ან ვინმე ქართველს ფულს გადაუხდის და ფიქტიურ მფლობელად დანიშნავს. მესმის, რატომ მივიღეთ ეს კანონი, შეზღუდვები აუცილებელია, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ფორმულა იქნება ჩვენი მიწის დამცველი. ამ საკითხს სჭირდება სერიოზული შესწავლა. ისეთ უზარმაზარ ტერიტორიაზეც კი, როგორიცაა ავსტრალია, არსებობს მიწის გაყიდვის რეგულაციის სერიოზული კომისია, რომელიც დაწვრილებით სწავლობს და აკონტროლებს ყველა განაცხადს. ამგვარი კომისიის შექმნის მომხრე ნამდვილად ვიქნები. მე ირანთან დაკავშირებით ვმუშაობდი ამ საკითხზე და ვიცი, რომ ძალიან რთულია გაგება, ვინ დგას ამა თუ იმ საერთაშორისო კომპანიის უკან, ამას უნდა სპეციალური სამსახური. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი, რომ 4-5-მა კომპანიამ თუ ქვეყანამ არ შეისყიდოს ჩვენი მიწები, ეს ერთი საკითხია და აქ უკვე გვაქვს ფორმულა, ახლა მიწის კანონია დასაწერი. მეორე საკითხია ეკონომიკის განვითარება, ამიტომ ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ არის, ჩვენი მიწების ნახევარი დარჩეს აუთვისებელი და მფლობელის გარეშე, რომელსაც შეუძლია ინვესტიციის შემოტანა, სოფლის მეურნეობის განვითარება და ბიუჯეტში თანხის შეტანა. ამის გაჩერება არ შეიძლება, რადგან მიწის ფასი დავარდება და მთლიანად ქვეყანა გაღარიბდება. კონსტიტუციაში შეტანილი განაცხადი დეკლარაციაა მხოლოდ, ახლა საჭიროა შეიქმნას ორგანული კანონი, სადაც დაწვრილებით იქნება ჩამოყალიბებული, რა პირობები უნდა შესრულდეს მიწის შესყიდვის ან მფლობელობის დროს, რა ტიპის კონტრაქტები უნდა დაიდოს, რა გამონაკლისი შეიძლება დავუშვათ. აქვე უნდა იყოს იჯარის პირობებიც, ყველაფრის უფლება მოიჯარეს არ უნდა ჰქონდეს. ცხადია, კონტრაქტებში უნდა ჩაიდოს ზედამხედველობის მექანიზმი, კონტრაქტის დადების და გაუქმების მუხლები, კომპენსაციის პირობები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი