logo_geo
შეწყვეტს თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არსებობას
- +

11 დეკემბერი. 2016. 16:05



მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს: ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. უთანხმოებას იწვევს მიხეილ სააკაშვილის სამომავლო როლი პარტიაში და ქართულ პოლიტიკაში.


„კომერსანტის" მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, თუ ეს ორი ბანაკი 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობამდე ერთმანეთთან ვერ შეთანხმდებიან, მაშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" როგორც სერიოზული პოლიტიკური ძალა, თავის არსებობას შეწყვეტს. პარლამენტის „ნაციონალ" დეპუტატთა უმეტესობა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ თუ ყრილობა მათ პოზიციას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიის წევრობას შეწყვეტენ.


ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ელიტაში სერიოზული უთანხმოებაა მისი დაამარსებლისა და უცვლელი ლიდერის - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ცნობილი გახდა მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც „ნაციონალებმა" გამანადგურებელი დამარცხება განიცადეს: მიხეილ სააკაშვილის პარტიამ 150-კაციან პარლამენტში მხოლოდ 27 ადგილის მოპოვება შეძლო და ეს მაშინ, როცა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში მიღებული 115 სადეპუტატო მანდატით საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოაყალიბა.


„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების რეაქცია მოწინააღმდეგეების ანუ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიმართ მყისიერი იყო: მედიაჰოლდინგ „ტაბულას" რედაქტორმა და მთავარმა მენეჯერმა თამარ ჩორგოლეიშვილმა ღიად წაუყენა ბრალი ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს იმაში, რომ მან თავისი „ცრუ განცხადებებით" საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილების შესახებ „დააშინა ამომრჩევლები და ხელი შეუწყო მათ კონსოლიდირებას ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ". „რატომ არ დაბრუნდა, თუ იგი ასეთი გაბედულია?", - ირონიულად ამბობდა თამარ ჩორგოლეიშვილი. ნიშანდობლივია, რომ მისი მეუღლე გიგა ბოკერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლისაბჭოს წევრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია გახლავთ.


ასეთი ბრალდების წაყენების შემდეგ უთანხმოების დამალვას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. შესაბამისად, ორ ბანაკად გაყოფილმა პარტიულმა ლიდერებმა სოციალურ ქსელებში დისკუსია ღიად დაიწყეს. გაირკვა, რომ ერთი ჯგუფი, რომელსაც გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, პარტიის თავმჯდომარედ არჩევისათვის მხარს უჭერს დავით ბაქრაძეს (პარლამენტის ექს-სპიკერს). აღსანიშანვია, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური იყო 2013 წლის ნოემბრიდან, ანუ იმ დროიდან, როცა მიხეილ სააკაშვილი ფაქტიურად საქართველოდან გაიქცა, შემდეგ კი უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. მეორე ჯგუფი, აჭარის ავტონომიის ექს-პრემიერ-მინისტრის ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით, მოითხოვს, რომ ეს პოსტი კვლავ ვაკანტური დარჩეს, რათა მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან პარტიის მართვისათვის არაფორმალური შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს იმიტომ, რომ ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს ფორმალურად (იურიდიულად) არ აქვს უფლება პარტიული ლიდერის თანამდებობაზე იყოს, რადგანაც ქართული კანონმდებლობა უცხოელებს (ამ შემთხვევაში უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს) უკრძალავს ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობას.


ამდენ დავიდარაბასა და შეხლა-შემოხლაში მეორე დაჯგუფებამ გაიმარჯვა: პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთი ხმის უპირატესობით (25 ხმა 24-ის წინააღმდეგ) გადაწყდა, რომ „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური დარჩეს. გარდა ამისა, საბჭოს წევრთა მეტი ნაწილი დაეთანხმა მიხეილ სააკაშვილის წინადადებას, რომლის თანახმად, 20 იანვარს „პარტიის გაფართოებული ყრილობა ჩატარდება, ანუ ყრილობას 2100 დელეგატის ნაცვლად (რასაც გიგა ბოკერიას დაჯგუფება ითხოვდა), 7000 დელეგატი დაესწრება.. „მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ დიდი ყრილობა ემოციურ მიტინგად გადაიქცევა და მას მხარს დაუჭერს", - ასე ახსნა „კომერსანტთან" საუბარში პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექსპერტმა მიხეილ გეწაძემ. თუმცაღა, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავარ ოპოზიციურ პარტიას საბოლოოდ ორად გაყოფა ემუქრება: მისი ლიდერების ნაწილი და პარლამენტის „ნაციონალი" დეპუტატები თავიანთ განცხადებებში მიანიშნებენ, რომ ისინი პარტიიდან გავლენ და იქ მხოლოდ „მიხეილ სააკაშვილის ფანატიკოსები დარჩებიან", რომლებიც მხოლოდ წარსულით ცხოვრობენ და ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ექს-პრეზიდენტისადმი ერთგულებით პარტიის რეიტინგს აუარესებენ.


---


გუშინ, შვიდ დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მედიარესურსის - „Skrypin.ua"-ს თოქ-შოუ „16+"-ის პირდაპირ ეთერში გამოვიდა. ჟურნალისტებთან - რომან სკრიპინთან და ოქსანა დენისოვასთან საუბრისას იგი შეეხო უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, თავის საქმიანობის შედეგებს ოდესის ოლქში, სადაც გუბერნატორად ყოფნის დროს „ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ბევრის გაკეთებაც ვერ მოასწრო, რადგან ხელს უშლიდნენ". მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა კიევში სწავლის წლები, ვრცლად ისაუბრა პეტრო პოროშენკოსთან ურთიერთობაზე: „იგი ჩემზე ერთი კურსით წინ სწავლობდა. გვყავდა საერთო მეგობრები, მაგალითად, გია ყარამანიშვილი... პეტრო მოლდავეთიდან იყო კიევში ჩამოსული და მას „მოლდაველს" ვეძახდით. პეტრო სტუდენტობის დროსაც მდიდრულად ცხოვრობდა, მაგარი „ვოლგა" ჰქონდა. მის კუთვნილ ვიდეოსალონში ფილმებს ვუყურებდით ხოლმე, მაგალითად, „ემანუელას". დღეს კი იგი „ბარიგების" პოლიტიკურ კლასს მიეკუთვნება, ასეთ ადამიანებს კი წარმატებული სახელმწიფოს აშენება არ შეუძლიათ. მე ვფიქრობდი, რომ პეტრო უკრაინას შეცვლიდა, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი. ბოლო დროს მას ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა... ასე მითხრა: „კი, მიშა, ყველაფერს ვეცდები, მაგრამ თუ შენ მუშაობით ძალიან დაიღალე, მითხარი და შემიძლია ელჩად გაგგზავნო ბენილუქსის ქვეყნებშიო (ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი)... და თუ ბენილუქსში არ გინდა, მაშინ სამხრეთ-დასავლეთა აზიაშიო (ალბათ, სინგაპურში). ანუ მან მე „ერთ ადგილზე გამგზავნა". ჰოდა, რადგანაც მე „გამგზავნა", პრეს-კონფერენცია მოვიწვიე და მეც „გავგზავნე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა «შკრყპინ.უა»-ს ეთერში.


ექს-პრეზიდენტმა ილაპარაკა საქართველოს მეთაურად ყოფნის პერიოდზე, გატარებულ რეფორმებზე, თავის ოჯახზე, ქართულ ანეკდოტებზე კახელი მიხოს შესახებ... ჟურნალისტებმა მას ინტრიგული კითხვებითაც მიმართეს ქალებთან დაკავშირებით, მაგალითად, იულია მარუშევსკაიასთან ურთიერთობაზე. ასევე ინტრიგა ჩანდა კითხვაშიც მაჯის საათის შესახებ: „აი, ეგ საათი, მაჯაზე რომ გიკეთიათ, რა ღირს?". მიხოს პასუხი ასეთი იყო: „ეს სადღაც 500 ან 600 დოლარიანია. არ გაგიკვირდეთ, რადგან მე რომ ლექციებს ვკითხულობდი, საკმაოდ ბევრ ფულს მიხდიდნენ. მაგალითად, ფრაიბურგის უნივერსიტეტში 20 ათასი დოლარი მომცეს, ნიგერიაში კი - 75 ათასი დოლარი". ექს-პრეზიდენტმა ჟურნალისტებს თავისი ოცნებებიც გაუზიარა - „წყნარი, უბრალო, მაგრამ კოხტა სახლი სადმე კიევთან ახლოს, ტყეში".


გიორგი დვალი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი