logo_geo
ვლადიმერ გაბესკირია: ყველა ემშვიდობება, როგორც გმირს, მე კი თითქოს ახლა დავობლდი...
- +

20 ოქტომბერი. 2017. 15:21



აფხაზი სეპარატისტების მიერ, ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილი პოლკოვნიკის, გურამ გაბესკირიას ვაჟი, ვლადიმერ გაბესკიერია გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მამაზე საუბრობს და სოხუმის დაცემის დღეს იხსენებს.


„ჩვენთვის მძიმე და ძალიან ემოციური იყო ეს დღეები... თითქოს ტკივილი გაგვიახლდა. თან ბედნიერები ვართ - მამის საფლავი მაინც გვეცოდინება, სად არის. ძალიან უცნაური განცდაა - ტკივილისა და, იმავდროულად, სიხარულის.

 

11 წლისა ვიყავი, მამა ბოლოს რომ ვნახე. 13 თუ 14 სექტემბერი იყო. ოჯახის წევრები გამოგვაცილა. ის უმძიმესი მდგომარეობა პატარა ბიჭმა საკუთარი თვალით ვნახე და ომი, ხომ იცით, რა უცებ აბერებს ადამიანს... ძალიან მეშინოდა, თითქოს უკანასკნელად ვხედავდი მამას. უცებ მისკენ შევბრუნდი და ვთხოვე, მამა, შენც ჩვენთან ერთად წამოდი-მეთქი. თავზე ხელი გადამისვა და როგორც დიდს, ისე მითხრა, შენ იცი, ბოხო, გახსოვდეს, შენ ხარ კაციო...  ამის შემდეგ ტელეფონით გვიკავშირდებოდა. ბოლოს 26 სექტემბერს ღამის 2 საათისთვის დარეკა. გვამხნევებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ის, ჟიული შარტავა, მამია ალასანია და სხვები ერთად იყვნენ ბოლო წუთამდე. იქაურობის მიტოვება არც უფიქრიათ. ბოლო ამოსუნთქვამდე არაფრის დათმობას არ აპირებდნენ.

 

24 წელი ველოდით. ყველა დაკაკუნება და ტელეფონის ზარი მისი გვეგონა. დედა შინიდან არ გადიოდა - რომ დარეკოს, ხომ უნდა ვუპასუხოო... ჯერ თქვეს, გუდაუთის ციხეშიაო. მერე, თითქოს, კოდორის ხეობიდან გამოსულმა დევნილებმა ნახეს, ისიც იმ გზით მოდიოდაო. მაგრამ მერე ამერიკელმა ჟურნალისტმა მალკოლმ ლინტონმა თბილისში აფხაზეთის ომის თემატიკაზე ფოტოგამოფენა გამართა და მოედანზე, დახვრეტილებში, მამა ამოვიცანით. ეს ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე იყო. უკანასკნელი იმედიც გაქრა... ითქვა, ყველა აჩადარაში, იმ ადგილას დაკრძალეს, სადაც დახვრიტესო. შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების შეშინებიათ, ამას გენოციდის კვალიფიკაცია არ მიანიჭონო და ცხედრები სოხუმთან ახლოს გადაუსვენებიათ...

 

მაშინ სამნი ველოდით მამას, ახლა - შვილიშვილები და შვილთაშვილებიც. ვიცოდი, ოდესმე დაბრუნდებოდა, ვიცოდი, მამაჩემი გამარჯვებული დაბრუნდებოდა იმ ომიდან, რომელიც ქართველ კაცებს არ წაუგიათ!.. არასოდეს დავიჩოქებო - ეს მხოლოდ მტრის კი არა, ჩვენს გასაგონადაც თქვა! ყველა ემშვიდობება, როგორც გმირს, მე კი თითქოს ახლა დავობლდი...

 

იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა აფხაზებთან, წლების განმავლობაში არ გვჯეროდა, რომ აფხაზებმა მოკლეს. სერგეი ბაღაფში და მამა ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ერთად გაიზარდნენ და მეგობრობდნენ, ისე, როგორც მე და ბაღაფშის შვილი... ისიც და არძინბაც განრისხებულან, როდესაც მათი დახვრეტის ამბავი გაუგიათ. მეც მინდა მჯეროდეს, რომ მამას დასახვრეტად ვერ გაიმეტებდნენ..." - აცხადებს ვლადიმერ გაბესკირია.


ვლადიმერ გაბესკირია აქვე აღნიშნავს, რომ მას მერე არც ბაღაფში და არც მისი რომელიმე აფხაზი მეგობარი აღარ დაკონტაქტებიან.

 

„არ მიკვირს. ადგილობრივი, ე.წ. უშიშროება ყველაფერს აკონტროლებს. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მამასთან ერთად ჩემი სოხუმური ბავშვობა დამიბრუნდა, იქ გატარებული ყველა წუთი, ჩემი და მამას აფხაზი მეგობრები, მათი შვილები... და მაინც, მადლობა უფალს, საქართველოს მთავრობასა და „წითელ ჯვარს", რომ მამის საფლავზე მისვლის საშუალება გვექნება. მას ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებთან ერთად დაკრძალავენ. არც მამა მოინდომებდა მათგან ცალკე ყოფნას..." - ამბობს ვლადიმერ გაბისკირია.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი