logo_geo
ჯუმბერ პატიაშვილი: ვახტანგ გორგასლის სასახლე გინახავთ? ამის შესახებ არავინ იცის!
- +

12 დეკემბერი. 2016. 11:35




საქართველოს ყოფილი პირველი პირი ჯუმბერ პატიაშვილი გაზეთ „ალიასთან" დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე საუბრობს. როგორც თავად ამბობს, მას შემდეგ, რაც ცეკა-ს პირველ მდივნად დაინიშნა, ქართველმა ექპერტებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსს იქ განთავსებული სამხედრო პოლიგონი ზიანს აყენებდა.



- მოდით, საბჭოთა პერიოდზე ვთქვათ, ზოგს ერიდება, მაგრამ იყო ასეთი დრო და მაშინ დავითგარეჯი გახლდათ ერთ-ერთი უნიკალური კომპლექსი, იქ ტარდებოდა ეროვნული დღესასწაულები. 1970-იან წლებში დაიწყო განსაკუთრებული ყურადღება იმ თვალსაზრისით, რომ იქ უნდა მომხდარიყო ჩასახლება. თავის დროზე ბერების გარდა არავინ ცხოვრობდა. კომპლექსის საკითხი ყველაზე აქტუალური გახდა, როცა საგარეჯოში რაიკომის მდივნად დაინიშნა მედეა მეზვრიშვილი და დღესასწაული უკვე ყოველწლიურად იმართებოდა. მე მახსოვს, სტუმრები ჩამოდიოდნენ უცხოეთიდანაც. ჩვენ ვფიქრობდით, ამ ძეგლისთვის მიგვენიჭებინა განსაკუთრებული სტატუსი. ამიტომ დასაწყისში უდაბნოს ველზე ჩამოვასახლეთ რამდენიმე ასეული ოჯახი სხვადასხვა რაიონებიდან. საინგილოდანაც იყო რამდენიმე ოჯახი, მაგრამ მე ვთხოვე, ისინი დარჩენილიყვნენ საინგილოში. ეს სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ. მოკლედ, უდაბნოს ველზე საფუძველი ჩაეყარა ახალ ქართულ სოფელს, შევიტანეთ მექანიზაცია, გავიყვანეთ წყალი რუსთავიდან. მუშაობდა არქეოლოგების ჯგუფი კიაზო ფიცხელაურის ხელმძღვანელობით, ესეც ცალკე თემაა.


- ჩვენ გადავიდეთ იმ პერიოდზე, როცა თქვენ ხართ უკვე საქართველოში პირველი პირი და პირადად დაინტერესდით ამ სამონასტრო კომპლექსით.


- კი, როცა მე პირველი პირი გავხდი, მაშინ წამოიწყეს ჩვენმა ექსპერტებმა, მეცნიერებმა ლაპარაკი იმაზე, რომ კომპლექსს ძალიან აზიანებდა იქვე განთავსებული სამხედრო პოლიგონი. სხვათა შორის, ბევრმა არ იცოდა და თავიდან არც მე ვიცოდი, თურმე ჩვენ მხოლოდ 10 პროცენტი გვეკავა ამ პოლიგონისა, დანარჩენი აზერბაიჯანისა ყოფილა. ესე იგი, ჩვენი იყო 10 ათასი ჰექტარი. მართალია, მაშინ ეს სამხედრო საიდუმლოებად ითვლებოდა, მაგრამ მე შემეძლო, დავინტერესებულიყავი. გარეჯში იყო ერთი მონაკვეთი, რომელსაც ერქვა ბერთუბანი... ეს მონაკვეთი 1921 წელს საზღვრების გადანაწილების დროს შეცდომით მოხვდა აზერბაიჯანის მხარეს. 1987 წელს ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქართველი არქეოლოგები შეუშვეს ბერთუბანში, ერთი კოტეჯიც ჩაიდგა და მუშაობდნენ. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ 1988 წლის სექტემბერში არაფორმალებმა ისევ წამოიწყეს ხმაური გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით. არადა, ჩვენ ისედაც გვქონდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ კოლეგებთან, ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. დაიწყო უნივერსიტეტში გამოსვლები და ამან სერიოზული ხასიათი მიიღო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას შეჩვეულებიც არ ვიყავით, მიტინგობა ახალი ხილი გახლდათ. კი, ახალგაზრდების მოთხოვნებს ყურადღება მივაქციეთ, მაგრამ ბევრმა არ იცოდა, რომ საკითხი ასე არ გადაწყდებოდა. მე ორი წლით ადრე სტუდენტებს დავპირდი, ეს საკითხი ჩემთვისაც მტკივნეულია და აუცილებლად მოვაგვარებ-მეთქი.


- როგორც მახსოვს, ახალგაზრდები მაშინ ითხოვდნენ სამხედრო პოლიგონის გაუქმებას.


- კი, პოლიგონის გაუქმებაზე იყო ლაპარაკი. ამის გაუქმების უფლებას მე ვინ მომცემდა? თუმცა მაშინ უცხოელ ექსპერტთა დელეგაცია იყო ჩამოსული, რომელსაც თან ახლდა ევგენი პრიმაკოვი. მე ამ პიროვნებას ძალიან კარგად ვიცნობდი, თბილისელი კაცი გახლდათ. ის მოდის ჩემთან კაბინეტში, მიყვება შთაბეჭდილებებს საქართველოზე და მერე მეკითხება, რა ხდება, რა მიტინგია უნივერსიტეტთანო? მე ვუხსნი ყველაფერს. უცებ იღებს ტელეფონს, რეკავს გორბაჩოვთან, ეუბნება, რაშიცაა საქმე და მერე მე ველაპარაკები. გორბაჩოვი მთხოვს დოკუმენტაციას, აქ ჩამოდი, ყველაფერი ჩამოიტანე, თავდაცვის მინისტრს დავავალებ და საკითხი დადებითად გადაწყდებაო. სამ დღეში ჩავედი, ჩემს თვალწინ დაურეკა თავდაცვის მინისტრს, იაზოვი იყო მაშინ, დაავალა და ასე დავშორდით ერთმანეთს. გორბაჩოვის მისაღებში გამოვედი, თითქოს საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ მე საბოლოო პასუხი მაინც არ მაქვს, თბილისში ისევ მიტინგებია, ასე ვერ ჩამოვალ, ხალხს რა ვუთხრა? მისაღებიდენვე ვურეკავ იაზოვს, შეხვედრა მინდა-მეთქი. იმანაც კარგად მიმიღო, მაგრამ ცოტა ხანში მოიღუშა და მეუბნება, პოლიგონს დავტოვებთ იმ შემთხვევაში, თუ სხვაგან გამოგვიყოფთ 10 ათას ჰექტარსო. მეც გავბრაზდი, რას ამბობთ, საქართველო ყველაზე მცირემიწიანია, სად გვაქვს ამდენი ტერიტორია-მეთქი? სხვათა შორის, პოლიგონის უმეტესი ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა განთავსებული, თქვენ ამხელა პრეტენზია არ უნდა გქონდეთო. კარგი, წავედი, თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, გენერალურმა მდივანმა დაგავალათ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, რაც გინდათ, ის ქენით-მეთქი. გამოვედი, გამომყვა უკან, მოიცადეთ, ვილაპარაკოთ, რამე მოვიფიქროთო. აღარ დავრჩი, ჩამოვედი თბილისში. 2 ოქტომბერია, მირეკავს როდიონოვი, თავდაცვის მინისტრი ჩამოდის თბილისში, დახვდითო. დავხვდი, წავედით დავითგარეჯის კომპლექსში, საკუთარი თვალით უნდოდა, რომ ენახა ყველაფერი. მახსოვს, წვიმიანი დღე იყო, ზემოთ ავედით, უცებ ფეხი დაუცურდა, დაცვამ სტაცა ხელი, თორემ კლდეში გადაიჩეხებოდა. დაათვალიერა ყველაფერი, ხმას არ იღებს, ვატყობ, მისთვის სამონასტრო კომპლექსიც სამხედრო პოლიგონია. ამ დროს ერთი გენერალი მოდის ჩემთან - ჯუმბერ ილიჩ, რაღაცა უნდა გითხრათ, პოლიგონი რომ გაუქმდეს, თქვენ ამ ტერიტორიაზე ფეხს ვეღარ შემოადგამთ, ამას სულ აზერბაიჯანელები დაიკავებენო. გამიკვირდა. ჰო, ამათ ცხვარი ჰყავთ, ისინიც ითხოვენ ტერიტორიას, ისე კი არ არისო? ახლა რა უნდა ვუპასუხო? კაცი მეუბნება ისეთ რამეს, ამაზე ხმამაღლა ვერც ილაპარაკებ. კი, არ მეშინია, უბრალოდ ვფიქრობ, ეს ყველაფერი გათვლილი იყო 1920-იან წლებშიც კი. როცა ტერიტორიების გადანაწილება წავიდა, მაშინაც დაგვსაჯეს, რაღაც სადავოს ყოველთვის ტოვებდნენ. მოკლედ, იაზოვი დაგვპირდა, აქ სროლებიც აიკრძალება და მძიმე ტექნიკის გამოყენებაცო. რაც შეეხება ძეგლების დაზიანებას, რაკი ასე იძახით, მოდით, ჩავატაროთ ექსპერიმენტი, ბომბებს ავაფეთქებთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ვნახოთ, რა დაზიანება იქნებაო. ამ დროს ჩვენი მეცნიერებიც აღშფოთებულები არიან, გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი მერაბ ალექსიძე მეუბნება, ეს საქმე აუცილებლად უნდა გავაკეთოთო. ვატარებთ ექსპერიმენტს, მარნეულიდან ფრინდება ბომბებით დატვირთული თვითმფრინავი, მეცნიერები სხედან იქვე ლაბორატორიაში, აკვირდებიან, დაბომბვის დროს სამონასტრო კომპლექსში რა მოხდება. ამ დროს რუსებთან უკვე აგრესიული დამოკიდებულებაა, მეგობრობა კი გვქონდა, მაგრამ არც ისინი გვენდობოდნენ, არც ჩვენ ვენდობოდით. სიმართლე უნდა ითქვას, დაზიანებები არ დაფიქსირდა. მე კიდევ გავაგრძელე მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან, შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა დოკუმენტი, რომლითაც მერე ვიხელმძღვანელებდით. დოკუმენტში პირველ საკითხად იყო ბერთუბანი... ჩვენ რუკაც გავაკეთეთ და საპატრიარქოს გადავეცით, ამჟამად იქ უნდა ინახებოდეს. ბერები იყვნენ მცხეთაში ჩამოსულები, იმათ გამოვატანე. ამ დოკუმენტის მიხედვით, ქართული კულტურის ცენტრი უნდა გახსნილიყო კახში, ხოლო აზერბაიჯანული ცენტრი გაიხსნებოდა მარნეულში, საინგილოში მაცხოვრებ ქართველებს ჰქონდათ უფლება, შეენარჩუნებინათ თავიანთი გვარები და ეროვნება. ასეთი გამოდიოდა დაახლოებით 50 ათასი კაცი. პროექტები დამუშავდა, ჩვენი დელეგაცია წავიდა ბაქოში. 1989 წლის 23 მარტს მოვიწვიე ინტელიგენციის წარმომადგენლები, ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძეც ესწრებოდა, ნოდარ ნათაძეც, ყველას გვარები არ მახსოვს. წაიკითხეს, მოიწონეს, ამაზე უარის თქმა შეუძლებელი იყო, სხვა გზა არც არსებობდა.

 

- ბატონო ჯუმბერ, დავუშვათ, ბერთუბანი მოყოლილია აზერბაიჯანის მხარეს, ეს რა ტერიტორიას იკავებს სამონასტრო კომპლექსში?


- ბერთუბანი არის აზერბაიჯანის მხარეს, საერთოდ არ უშლის ხელს, რომ კომპლექსში აქედან შევიდეთ. ჩვენ ისე ვაკეთებდით, რომ მის გასწვრივ ივრისპირებზე მიგვეცა სანაცვლოდ 70 ჰექტარი და აქეთ დაგვრჩენოდა ბერთუბანი. ყველაფერი შეთანხმებული იყო, 70 ჰექტარს გვაძლევდნენ ისინიც. ბერთუბანი არაფერს არ უშლის, კომპლექში ცალკე შედის გზა. მერე, ძალიან საინტერესო რაღაცებია უდაბნოში, ყველაფერს ვერ გეტყვით, ჟურნალისტებმა იცით ხოლმე გახურება.


- რა ხდება, მანდ ნავთობიც ხომ არ არის?


- არა.


- რაღაცა იქნება მიწის ქვეშ.


- ეს ძალიან საინტერესოა.


- თქვენ მე მაინტრიგებთ.


- აბა, რა ვქნა, თქვენც აინტრიგებთ ყველას... ვახტანგ გორგასლის სასახლე გინახავთ?


- სად?


- სად და კახეთში... კიაზომ აღმოაჩინა, არავინ არ იცის, ეს არის ჭერემში. გადაამოწმეთ, თუ ტყუილი იქნება, პასუხი მომთხოვეთ. მე ნანახი მაქვს.


- თქვენ ბევრი რამე გაქვთ ნანახი, უშიშროების არქივებიც.


- ეგ არის ჩემი სუსტი წერტილი, თავისი უარყოფითი აქვს მაგას.


- კი, შეიძლება ცუდია, როცა ბევრი იცით.


- არა, ბევრის ცოდნაზე მე პრეტენზია არ მაქვს, მე ბევრის შესახებ ვიცი, ვინ არის. უბრალოდ გული მწყდება, რომ უფრო მეტი წარმოდგენა მქონდა ზოგიერთზე. 1930-იან წლებში სამი ინტელიგენტი ან მწერალი რომ იჯდა და საუბრობდა, იქიდან ორს ხვრეტდნენ... მესამე ვინ იყო?


- ჩამშვები.


- მორჩა... ამის დოკუმენტებიც არსებობს. ერთადერთი ქვეყანა ვართ, საიდანაც „კაგებეს" არქივი გაიტაცეს. მე ამით არასოდეს დავინტერესებულვარ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მაიძულეს ორგანოს თანამშრომლებმა, უნდა იცოდეთო... კარგი, დავუბრუნდეთ ისევ გარეჯის სამონასტრო კომპლექსს... მე როგორც ვხედავ, ჩვენს მერე ამ მიმართულებით თითი თითზე არავის დაუკარებია.


- ერთი ეს მითხარით, აზერბაიჯანელები ეშმაკურად ხომ არ მოიქცნენ და ის 70 ჰექტარიც არ მიიტაცეს, რომელიც ბერთუბანში უნდა გაგეცვალათ?


- არა, ვერ მოასწრეს. მე როდესაც მოსკოვში ჩავედი, გორბაჩოვს ჩავუტანე რუსულ ენაზე გამოცემული წიგნი ამ სამონასტრო კომპლექსის შესახებ. ძალიან ძველი იყო, არქეოლოგიის ინსტიტუტში ჰქონდათ ერთი ცალი. მერე გორბაჩოვმა გამოსცა ოთხ ტომად და ჩვენც გამოგვიგზავნა. გამიკვირდა. მე მგონი, იმან უფრო იცოდა ამ ძეგლის ფასი, ვიდრე ჩვენ. დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ოფიციალურად არის ჩვენი, სადავო საკითხია მხოლოდ ბერთუბანი და მისი დაბრუნებაც შეიძლება.




გელა ზედელაშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი