logo_geo
დავით ოქიტაშვილი: სულ სამი შეკითხვა მაქვს ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით...
- +

12 დეკემბერი. 2016. 17:30



საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეგობარი იყო. გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში იგი ამბობს, რომ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით სულ სამი კითხვა აქვს.


„სულ სამი შეკითხვა მაქვს ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით:

 

პირველი: გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში ლევან სამხარაული, რომელიც ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზას ესწრებოდა, მოკლეს. როგორ ფიქრობთ, რატომ? პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ გააქრეს!

 

მეორე: დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე, ზურას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მთაწმინდის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა და დღესაც წარმატებული ბიზნესი აქვს. ამ ადამიანმა რა უფლებით გააღო ზურაბ ჟვანიას სეიფი და წაიღო იქიდან საბუთები? რისი ან ვისი კვალის დაფარვას ცდილობდა?!

 

მესამე: სადაც ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გარდაცვლილი იპოვეს, იმ კორპუსში იმ საღამოს გაზი საერთოდ არ ყოფილა. ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. გეკითხებით, როგორ გაიგუდებოდნენ CO-თი?! დარწმუნებული ვარ, ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი სხვაგან არიან მოკლულები და იმ ბინაში გვამები მიიტანეს. დაგვიმტკიცონ, რომ ეს ასე არ არის!" - აცხადებს ოქიტაშვილი.

 

მისივე თქმით, ჟვანია იმ პერიოდში დიეტაზე იყო და მაგიდაზე დაყრილ ძეხვს არ შეჭამდა. აქვე დასძენს, რომ ყოფილი პრემიერის საქმეში ბევრი პოლიტიკოსის დანაშაული იკვეთება.

 

„ზურა იმ პერიოდში დიეტაზე იყო, მაგიდაზე დაყრილ ძეხვს როგორ შეჭამდა?! სხვათაშორის, პირველად მაგიდაზე სიგარეტი არ იდო, „რუსთავი 2"-ზე გასულ მეორე სიუჟეტში უცებ გაჩნდა.

 

„ნაციონალური მოძრაობა" შეშინებულია. ჩემი ინფორმაციით, ეს საქმე დასასრულისკენ მიდის, ბევრი პოლიტიკოსის დანაშაულებრივი კვალი იკვეთება და წინ უსწრებენ მოვლენებს. მათ ძალიან მალე მოუწევთ ბოდიშის მოხდა!" - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი