logo_geo
შალვა ოგბაიძე: შუქნიშნები ვეღარ უმკლავდებიან თბილისის საცობებს
- +

12 დეკემბერი. 2016. 21:56



თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე საჭიროდ მიიჩნევს, აღდგეს სატრანსპორტო მოძრაობის მარეგულირებლის შტატის, რადგან შუქნიშნები ვეღარ უმკლავდებიან დედაქალაქის საცობებს და დროთა განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.


მისი შეფასებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით თბილისში დღეს, გზები მიუხედავია და დედაქალაქს სჭირდება საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი, ანუ ადამიანი, რომელიც კონკრეტულ ცხელ წერტილებში, ოპერატიულად განმუხტავს იმ მომენტისთვის შექმნილ საცობს.


„შუქნიშნები უკვე ვეღარ უმკლავდებიან თბილისის საცობებს, დროთა განმავლობაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება ქალაქში, სადაც ნახევარი საქართველოს მოსახლეობაა თავმოყრილი. უნდა აღდგეს მარეგულირებლის შტატი, რომელიც პატრულის შემოღების შემდეგ გააუქმეს, როგორც კორუმპირებული სისტემა. არ მახსოვს მარეგულირებელს მძღოლისთვის ფული გამოერთმია",- აცხადებს შალვა ოგბაიძე.


თბილისის მერიის ორგანიზებით, 7-8 დეკემბერს, სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi"-ში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა, სადაც „გონიერი ქალაქის" განვითარების სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად, საუბარი სატრანსპორტო პრობლემებსაც შეეხო.


როგორც „სითი კვირას" შალვა ოგბაიძემ განუცხადა, ფორუმზე მოწვეულმა უცხოელმა სტუმრებმა, ქართველ კოლეგებს წარმატებული ქალაქების გამოცდილება გააცნეს, თუ როგორ დააღწიეს მათ თავი საცობებს.


„მათ წარმოადგინეს წარმატებული ქალაქების გამოცდილება, რამდენად გავიზიარებთ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ისინი გვირჩევენ, არ გავუშვათ შანსი ხელიდან, რომ ჩვენი ქალაქი დიდ ქაოსად არ გადაიქცეს, ამისთვის საჭიროა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება", - მიაჩნია შალვა ოგბაიძეს.


მისივე თქმით, ფორუმზე ინდონეზიის წარმომადგენელმა წარმოადგინა მაგალითი, თუ როგორ გაართვა საცობის პრობლემას თავი ადამიანმა, როდესაც ეს ვერ შეძლო თანამედროვე შუქნიშანმა.


„გზაჯვარედინზე, სადაც ზემგრძნობიარე სენსორებით აღჭურვილი შუქნიშნები დაამონტაჟეს, რომლებიც ავტომობილების გავლის ინტენსივობას ითვლიან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთოდ გაიჭედა. ამ დროს 10 მარეგულირებელი დააყენეს და ზეზუსტი ხელსაწყოები ადამიანებით შეცვალეს. მარეგულირებლის ჩარევის შედეგად წესრიგი დამყარდა და საცობი განიმუხტა", - აცხადებს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი.


მისი აზრით, თავის დროზე დიდი შეცდომა იყო მარეგულირებლის შტატის გაუქმება და ამ ფუნქციის პატრულისთვის დამატება, რომელსაც ისედაც თავის სამოქმედო კვადრატში უწევს უბნის ინსპექტირებაც, კრიმინალის აღკვეთაც, საოჯახო თუ სამეზობლო დავის მოგვარება და საგზაო მოძრაობის ზედამხედველობა.


მისი აზრით, შსს -სთან დაქვემდებარებაში უნდა შეიქმნა „მარეგულირებლის სრწაფი რეაგირების ჯგუფი", რომელიც საცობების შემთხვევაში ოპერატიულად განმუხტავს ვითარებას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი