logo_geo
ნანული სარაჯიშვილი: შვილიშვილი შემეძინა...
- +

29 ოქტომბერი. 2017. 22:23


ნანული სარაჯიშვილი რუსთაველის თეატრში ოქროს ხანას და არაჩვეულებრივ მსახიობებს მოესწრო. „კავკასიური ცარცის წრით" მთელი მსოფლიო მოიარა, მასაც ხომ აქვს წვლილი შეტანილი ამ სპექტაკლის წარმატებაში. ბედნიერი ადამიანია, რადგან ჯერ კიდევ 12 წლისა იყო, როცა ქართული თეატრის კორიფეების გვერდით იდგა და ფილმში მთავარ როლს ასრულებდა.


დარიგება კინომამისგან

 

- 12 წლისა სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი ზღაპრულ სამყაროში - ფილმში „მანანა" მთავარ როლზე მიმიწვიეს. დიდი ბედნიერება მხვდა წილად, რომ მსახიობთა ისეთი ბრწყინვალე თანავარსკვლავედის გვერდით ვიდექი, როგორებიც იყვნენ: სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, მედეა ჩახავა, იპოლოტე ხვიჩია, იაკობ ტრიპოლსკი. ბატონი იაკობი ჩემს მამას თამაშობდა. საოცარი ადამიანი იყო, ერთდროულად დინჯი და ემოციური, ლაღი და სერიოზული, მკაცრი და გულჩვილი. ჩემ მიმართ თბილი, მამაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა. გადაღებებიდან თავისუფალ დროს თეატრში დავყავდი და იმდენად მივეჩვიე, რომ ისევე, როგორც გადასაღებ მოედანზე, უკვე სახლშიც კი მამას ვეძახდი. გადამღები ჯგუფის წევრები ერთმანეთზე მეტად მეფერებოდნენ და მათამამებდნენ. სითამამე იმდენად მომერია, რომ ერთ-ერთი მიზანსცენის გადაღების დასასრულს, როცა კინოაპარატს კუთხის არეს უცვლიდნენ, გამნათებლებს ოპერატორივით შევუძახე, - რას ელოდებით, სინათლე ჩააქრეთ-მეთქი. ჩემმა საქციელმა გადამღები ჯგუფის წევრების სიცილი გამოიწვია. მეგონა, ხალხის გამხიარულება შევძელი, მაგრამ ბატონმა იაშამ მოგვიანებით დამიმარტოხელა და მითხრა: რაც შენი საქმე არ არის, იმაში არ უნდა ჩაერიოო. მერე მამაშვილურად დამარიგა: მსახიობობა თუ გინდა, საკუთარი სურვილების დაძლევა უნდა შეძლო, ეს კი თავდაუზოგავ შრომას მოითხოვსო.


ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების დღე მახსენდება: სცენარის მიხედვით, ბატონ იაკობს ჩემთვის ყური უნდა აეწია. შევატყვე, უცნაურად ღელავდა. არც დაუმალავს, მითხრა: ყურს რბილად აგიწევ, ოღონდ სახე ისე დამანჭე, ვითომ ძალიან გეტკინა. განზე არავითარ შემთხვევაში არ გაიწიო, რომ ტკივილი არ მოგაყენოო. დაიწყო ეპიზოდის გადაღება. ბატონმა იაკობმა მართლაც, რბილად ამიწია ყური, მეც სახე ზუსტად ისე დავმანჭე, როგორც ამიხსნა, მაგრამ ისე გამწარებით დავიყვირე, კაცი შეწუხდა. გადამღები ჯგუფის წევრებს კი ეგონათ, იაკობმა ნანულის ყური მართლა აახიაო. გადაღების დასასრულს ყველაფერი გაირკვა. ბატონმა იაკობმა მხარზე ხელი მოსიყვარულედ გადამხვია და სახალხოდ მომმართა: ახლა კი დავრწმუნდი, შენგან კარგი მსახიობი დადგებაო.


„მარო მამიდა"

 

- ზაზა კოლელიშვილი ჩემი მეგობარია. რუსთაველის თეატრში ვიყავით, როცა მან სადიპლომო ფილმის „გარიგების" შესახებ მიამბო. თავიდან არ უფიქრია ჩემთვის როლის შემოთავაზება. რა კარგია ფილმს რომ იღებ-მეთქი და ვკითხე, ვის გადაღებას აპირებდა? მამუკა კიკალეიშვილი, მარინა საღარაძე და მთავარ როლზე ვინმე კახელი გოგო მინდაო. ასე დავშორდით ერთმანეთს. გადის დრო და ერთ საღამოს მირეკავს ეს გადარეული ზაზა: ნანუ, ჩაალაგე ჩემოდანი, ხვალ მივდივართო. ვიფიქრე, ნეტავ, სად მეპატიჟება ეს კაცი-მეთქი. - ორი დღეა ვფიქრობ და გადავწყვიტე, რომ შენ და გოგა პიპინაშვილი უნდა გადაგიღოთო. ამ მოულოდნელმა ამბავმა ძალიან გამახარა. ახალი ნაყიდი მყავდა მანქანა „მოსკვიჩი", რომელიც თეატრში დაგვირიგეს. სხვათა შორის, ფილმშიც არის გადაღებული ეს მანქანა, სისხლი რომ გამიშრო. ჩავსხედით მანქანაში და თელავში ჩავედით. წარმოშობით კახელი ვარ და ჩემდა სამარცხვინოდ, პირველად კახეთში, კერძოდ სიღნაღში, მაშინ ვიყავი, როცა ლანა ღოღობერიძემ გადაიღო „აურზაური სალხინეთში". გავგიჟდი, ისე მომეწონა სიღნაღი, იქიდან ვართ სარაჯიშვილები.


სანამ „გარიგების" გადაღებები დაიწყებოდა, დილით ადრე, თელავის ბაზარში მივდიოდი ხოლმე. აქაური ხალხის დიალოგი მაინტერესებდა. სამი დღე ვუსმენდი მათ კილოს. დავიწყეთ გადაღება და ხშირად ხუმრობდნენ, ეს ფილმი „ოსკარს" აიღებსო. „ოსკარი" - არა, მაგრამ შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო ფესტივალზე „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" პრიზი - „ოქროს არწივი" მივიღე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია ჩემს ოჯახში. დღესაც მეუბნებიან: „მარო მამიდა მოვიდა". მაყურებელმა ეს როლი ძალიან შეიყვარა.


რამაზი

 

- „ვერის უბნის მელოდიებში" განსახიერებულ პატარა როლს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ და ძალიან მიყვარს ჩემი ტურფა. ერთი ამხანაგი ხშირად მეხუმრება, - ამ ვერელ გოგოს სულ კახელებსა და ბოზებს რატომ გათამაშებენო? რამაზ ჩხიკვაძის პარტნიორი თეატრშიც ვიყავი და ფილმშიც მომიწია. გიორგი შენგელაიამ მითხრა, რამაზს (ფილმში - ვაჭარი პანკე) კალთაში უნდა ჩაუჯდეო. ძალიან შემრცხვა, ის მამაჩემის მეგობარი იყო. - მოდი, შვილო, მოდი, მამაშვილურად დამიჯექიო, - ამ სიტყვებით გამიადვილა სცენის გადაღება. დაიწყო გადაღების მშვენიერი პერიოდი. რამაზი გენიოსი მსახიობი და ძალიან თავმდაბალი გახლდათ. წლები რომ გავიდა და მეც ასაკში შევედი, მივხვდი, თავმდაბლობა ყველა დიდი პიროვნების დამახასიათებელი თვისებაა. რუსთაველის თეატრში არაჩვეულებრივი ხალხი დამხვდა: გოგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, ედიშერ მაღალაშვილი, მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი, ზინა კვერენჩხილაძე. აბა, რომელი ერთი გავიხსენო. ეჰ, რამდენი რამ ვისწავლე მათგან... ჩვენ ყველას ბატონოთი და ქალბატონოთო მივმართავდით, ერთადერთი იყო რამაზ ჩხიკვაძე, რომელსაც რატომღაც, რამაზს ვეძახდით. თავად მოგვცა ამის უფლება და თავი მისი ტოლი გვეგონა. ის იყო მომხიბვლელი და ძალიან საყვარელი ადამიანი, აღარაფერს ვამბობ მის იუმორზე. ერთი სიტყვით, რამაზი გახლდათ კაცი ფეიერვერკი და ზეიმი.


საყვარელი რეჟისორი

- გიორგი შენგელაია ჩემი საყვარელი რეჟისორია, მასთან მუშაობა დიდი ბედნიერებაა. გადასაღებ მოედანზე საოცრად ეფერება მსახიობებს და შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს. მასთან ორ ფილმზე ვიმუშავე „ვერის უბნის მელოდიები" და „მიდიოდა მატარებელი".


„მიდიოდა მატარებლის" ერთ ეპიზოდში გაწვრთნილ გველს ქალი კისერზე იხვევს. გველი ვის უყვარს? ყველას გვეშინოდა, მაგრამ რას იზამ? პირველად რომ დავინახეთ, უნდა გენახათ, მსახიობები როგორ ვძაგძაგებდით. ამ ქალს იგი სპეციალურ რბილ ქსოვილში ჰყავდა მოთავსებული. გადაღება რკინიგზის სადგურზე გვქონდა, სადაც სადგურის უფროსმა თავისი კაბინეტი დაგვითმო. იქ ტანსაცმელს იცვლიდნენ მსახიობები. მეც გამოვიცვალე, დავჯექი ტახტზე და ვსაუბრობთ. შემოვიდა ერთი კაცი და მეკითხება: „ქალბატონო ნანული, რაზე ზიხართ?" თურმე, ქალს გველი ამ ტახტზე დაუდვია. ერთი ამბავი ავტეხე... ქალი შეურაცხყოფილი დარჩა, - ეს ჭკვიანი გველია და არ გიკბენდათო. მე კიდევ ვეუბნებოდი, თავი გამანებეთ-მეთქი. მერე კისერზე დაიხვია და ამაზე მთლად გადავირიეთ. ამ დროს გიორგი სიცილს ვერ იკავებდა. იმედი მაქვს, მის ფილმში კვლავ მოვხვდები, თავად მითხრა, გადაგიღებო. მინდა, ჯანმრთელობამ ხელი შეუწყოს და შეძლოს ფილმის გადაღება.


„გაები, ჩიტო, მახეში?"

 

- რუსთაველის თეატრში პირველი როლის თამაში ცეკვას ითვალისწინებდა. ვხუმრობდი, ცეკვით დავიწყე და რით დავამთავრებ, არ ვიცი-მეთქი. თეატრალური ინსტიტუტის მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა რობერტ სტურუას სპექტაკლში "ხანუმა" სოფიკო ჭიაურელის მიერ განუმეორებლად შესრულებული ბაღდადურის ცეკვა მომანდვეს, რადგან სოფიკო მარჯანიშვილის თეატრში დაბრუნდა და ესეც ბედია ალბათ. ჩემმა პედაგოგმა და ქორეოგრაფმა, იური ზარეცკიმ ამ ცეკვის შესრულება რომ შემომთავაზა, ძალიან ვინერვიულე... პირველ დღეს ნერვიულობისგან მკერდზე მიხაკის მიმაგრება დამავიწყდა. ასეთი სცენა იყო: ვამთავრებ ცეკვას, მიხაკს ვიძრობ და ბატონ ეროსის უნდა გადავცე. ჰოდა, რადგან ძალიან ვნერვიულობდი, მიხაკი საერთოდ არ გამხსენებია. მივუახლოვდი, დავიხედე და მიხაკი არაა. ბატონი ეროსის ხმა ახლაც მახსოვს: "გაები, ჩიტო, მახეში?"


ბედნიერი დღე

 

- ტელესპექტაკლი „უჩინმაჩინის ქუდი" დაიდგა ბატონი ეროსისთვის, სადაც მეც ვმონაწილეობდი. რეჟისორ კახა კახაბრიშვილს უთქვამს მისთვის, რომელი მსახიობების მიწვევას აპირებდა. გამიხარდა, როცა გავიგე პირადად ჩემზე ბატონი ეროსის აზრი, - ეს მსახიობი ძალიან მიყვარსო. რასაკვირველია, სხვებითაც კმაყოფილი იყო, არაჩვეულებრივი პარტნიორი ჰყავდა - მანანა გამცემლიძე. ერთ-ერთ სცენაში მანანას ბატონი ეროსისთვის ტორტი უნდა მიერტყა სახეში. ეროსიმ თქვა, ამას არ გადავიღებ, რამდენიმე დუბლი იქნება საჭირო და თხუპნა მეზარებაო. კახამ სთხოვა: პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ერთი დუბლი გადავიღოთ და თუ არ გამოვა, აღარ გავიმეორებო. მოვიდა გადაღების დღე. მოიტანეს ტორტი, მანანამ მიარტყა და ჩვენ რა დაგვემართა? - ეკრანზე ჩანს, რომ კადრი გაჩერდა, ისეთი სიცილი აგვიტყდა, ვეღარ ვლაპარაკობდით, ბატონი ეროსი ტუჩებს ილოკავდა. ასე მხიარულად გავატარეთ დრო. მერე თავის სახლში ბანკეტი გადაიხადა ბატონმა ეროსიმ და ტელესპექტაკლში მონაწილეები მიგვიწვია. დღესაც კარგად მახსოვს ის ბედნიერი დღე.

 

ახალი როლები

 

- ვმონაწილეობდი ალექსანდრე ამიროვის ფილმში „ტელი და ტოლი". მე და კახი კავსაძე ცოლ-ქმარს ვთამაშობთ. ფილმის მოქმედება კავკასიაში, ორი სოფლის საზღვარზე მიმდინარეობს - ტელში ქართველები ცხოვრობენ, ტოლში ოსები. ოფიციალური საზღვრის მიუხედავად, მათ მშვიდობიანად და მეგობრულად სურთ ცხოვრება.


ჩვენთან საქართველოდან წასული ოსები მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ: წლების მანძილზე მეგობრულად ვცხოვრობდით და ახლა პოლიტიკამ რა მოგვიტანაო? გადაღებებმა კარგად ჩაიარა. ფილმში სომხები, აზერბაიჯანელები, ჩეჩნები თამაშობდნენ, რუსები - თავისთავად, ქართველებიდან - კახი და მე. ფილმი შარშან ურალის რუსული კინოს პირველ ღია ფესტივალზე წარადგინეს და „ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის" დამაჯილდოეს. ასევე, ბატონი კახი დაჯილდოვდა კინოსა და თეატრის ღია რუსულ ფესტივალზე „ამურული შემოდგომა", „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის".


ელდარ შენგელაიამ ფილმი „სავარძელი" გადაიღო. ახლახან პრემიერა შედგა. კარგი ფილმია, მთავარ როლებს შესანიშნავად ასრულებენ ნიკა თავაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ვანო გოგიტიძე... მეც, ასე ვთქვათ, პატარა წვლილი შემატანინა ბატონმა ელდარმა, მოცეკვავე ვარ. რასაკვირველია, გამიხარდა, როცა მითხრა, - მინდა ფილმში ითამაშოო. ამ ასაკში როცა სამუშაო გაქვს, უკვე დიდი რამ არის და მეც კმაყოფილი ვარ. სახლში ცოტა დროს ვატარებ, ხან რეპეტიცია მაქვს, ხან გადაღება. შვილიშვილი შემეძინა - ჩემი დემეტრე უზომოდ მიყვარს და მინდა, მასთან მეტი დრო გავატარო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი