logo_geo
მიშა მესხი: ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ...
- +

1 ნოემბერი. 2017. 02:37



გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან მიშა მესხთან, რომელიც „პრაიმტაიმში" დაიბეჭდა.


- მიშა, ცოტა ხნის წინ დედაქალაქის  მერი ავირჩიეთ, როგორ გგონია, რას შეცვლის კახი კალაძე თბილისისთვის და თბილისელებისთვის?


- პირველ რიგში, ერთი ფოტო უნდა განახოთ, ეს არის ჩემი და კახის ფოტო. ამ ფოტოზე 12-13 წლის ვარ, ალბათ. ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და დღეს არ შემყვარებია კახი იმის გამო, რომ პოლიტიკაში მოვიდა. ვაფასებ ამ ადამიანს, მიზანდასახულია, შრომისმოყვარე, კარგი მამა, კარგი მეუღლე და კარგი მეგობარი, ნებისმიერი გუნდის კარგი კაპიტანი. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი წარმატებული ქვეყნის ქალაქის მერს შეშურდება ჩვენი. მისი მერობის პერიოდში, ვფიქრობ, ბევრი კარგი გაკეთდება თბილისისთვის და თბილისელებისთვის.


- მიშა, ადრეული ასაკიდან მოხვდი პოლიტიკაში, რამ განაპირობა ეს. სხვა ინტერესები თუ გქონდა...


- 90-იანი წლებში მამაჩემს დავყავდი მიტინგებზე. იქიდან მოვიწამლე. პატარა ვიყავი, სახლში რომ მოვიდოდი, სავარცხელს დავიკავებდი ხელში, მიკროფონის იმიტაცია რომ შემექმნა და ლიდერივით გამოვდიოდი სიტყვით სარკის წინ, ხალხს მივმართავდი (იცინის). მერე შეიცვალა ჩემი ცხოვრება, მუსიკაზე დავყავდი ჩემებს, გიტარაზე, ფეხბურთზე... გავიდა დრო და დაიწყო უსამართლობა ჩვენს ქვეყანაში. კატასტროფის ზღვარზე ვიყავით. ვხედავდი, როგორ ხოცავდნენ ახალგაზრდებს და გამიჩნდა პროტესტი, გამოვედი გარეთ. შევუერთდი ჩემს მეგობრებს, ზოგი არც იყო ჩემი მეგობარი და გირგვლიანის აქციებზე დავმეგობრდით. რამდენჯერმე დამაკავეს...

 

- მართლაც, ძალიან ბევრი მძიმე დღე გამოიარე, ყველაზე ცუდად რა გახსენდება ახლა?


- ძალიან ბევრჯერ ვიყავი დაკავებული. მაგრამ უმეტესად ადმინისტრაციული მუხლით. ჯარიმას მახდევინებდნენ და მათავისუფლებდნენ. ხან ერთი თვით ვიჯექი. ყველაზე მძიმე პერიოდი იყო ქუთაისში, როცა ბიძინა ივანიშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში, ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახლდით. თბილისიდან ქუთაისში ჩავედი. ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დამაკავეს. თითქოს ამომრჩევლებს მაცივრებს, ნოუთბუქებსა და ანტენებს ვურიგებდი იმისთვის, რომ ხმა მიეცათ ბიძინა ივანიშვილისთვის. 4 თვე ვიჯექი ციხეში, მანამ სანამ მთავრობა არ შეიცვალა. ვერ ვიტყვი, რომ მაწამებდნენ ან შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მაგრამ ძალიან მძიმე იყო იმ ყველაფრის ყურება, რაც იმ დროს ციხეში ხდებოდა.

 

- მანამ სანამ „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე, გქონდა პოლიტიკური სიმპათიები რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ლიდერის მიმართ?


- სააკაშვილის რევოლუციის პერიოდში მე კი არა, მთელი ქვეყანა გამოვიდა ქუჩაში. მაშინ 16 წლის ვიყავი. უბრალოდ, ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე და დავდექი იქ, სადაც იდგა ყველა. როცა სანდრო გირგვლიანი მოკლეს, „თანასწორობის ინსტიტუტში" ვიყავი. აქედან დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური ცხოვრება. ვიყავი უფლებადამცველი. ვიდექი ლევან გაჩეჩილაძის, გოგა ხაინდრავას, ბადრი პატარკაციშვილის გვერდით. 2010 წელს საქართველო დავტოვე, ლიტვაში წავედი. სიმართლე გითრათ, აღარც ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ, როცა ბატონი ბიძინა გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, მომეცა იმედი, რომ ჩვენს ქვეყანაში რაღაც შეიცვლებოდა და დავბრუნდი. პირველად ოფიციალურად მაშინ გავწევრიანდი პოლიტიკური პარტიის რიგებში და მის მერე „ქართული ოცნების" გუნდის წევრი ვარ. კრწანისის რაიონის პარტიის თავმჯდომარე გახლავართ.


- მაგრამ მერის არჩევნების შედეგად, ვერ მოხვდით საკრებულოში.


- ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. მე-18 ნომერი ვიყავი. თუ მიშა მესხი ვერ მოხვდა საკრებულოში, ამაში საგანგაშო არაფერია, იქ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი მოხვდა ჩვენი გუნდიდან.


 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი