logo_geo
ლევან კალანდაძე: ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მხრიდან შეცდომაა
- +

1 ნოემბერი. 2017. 15:55


ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე გაზეთ „პრაიმტამთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მოლოდინი ჰქონდა, რომ რეფინანსირების განაკვეთს ეროვნული ბანკი მცირედით შეცვლიდა.


„მე მქონდა მოლოდინი, რომ რეფინანსირების განაკვეთს ეროვნული ბანკი მცირედით შეცვლიდა. ჩვენ გვაქვს ინფლაცია 6.3% სახეზე, არა კატასტროფულად, არამედ მაინც მომატებული დოზით. ამით გარკვეულ ანტიინფლაციურ ღონისძიებას გაატარებდა ეროვნული ბანკი, ამავდროულად 0.25% გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი გავლენას მოახდენდა ფულის მასაზე, რაც თავისთავად ლარზე მოთხოვნას გაზრდიდა და ლარის კურსის დოლართან მიმართებით სტაბილურობას ხელს შეუწყობდა, თუმცა უცნაურია, რომ ეს ნაბიჯები ეროვნულმა ბანკმა არ გადადგა", - აცხადებს ექსპერტი.


კითხვაზე, რა ეჭვები უჩნდება, რატომ არ ატარებს ეროვნული ბანკი შესაბამის ღონისძიებებს, კალანდაძე აცხადებს, რომ მას ამაზე პასუხი არ აქვს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა უნდა აკეთებდეს ამაზე განცხადებებს.


„ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ფასებთან დაკავშირებით რისკებს ვერ ხედავს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ინფლაცია 6.2% გვაქვს. ინფლაციის მოლოდინი კი არ არის მთავარი, არამედ ინფლაცია სახეზეა. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ინფლაციის მომატებული ტემპი შენარჩუნდება და მხოლოდ 2018 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს კლებას, მაგრამ 2018 წლამდე დარჩენილი პერიოდი და დასაწყისი, შენარჩუნდება ინფლაციის მაღალი ტემპი. ყველაფერი ამის გათვალისწინებით საკვირველი და საოცარია, როცა რეფინანსირების განაკვეთს ეროვნული ბანკი არ ცვლის. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა არის ანტიინფლანციური და ლარის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ აზარალებს ეკონომიკურ ზრდას. როგორც ჩანს, აქ აქცენტი ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელზე კეთდება და შემდეგ ინფლაციის მოთოკვაზე, რაც ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მხრიდან შეცდომაა", - აცხადებს ლევან კალანდაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი