logo_geo
ლევან დავითაშვილი: ეს წელი გარდამტეხი აღმოჩნდა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის
- +

1 ნოემბერი. 2017. 18:25


სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მრავალი წლის შემდეგ პირველად ყურძნის სუბსიდირება სახელმწიფოს აღარ განუხორციელებია.


მისი თქმით, მევენახეობისა და მეღვინეობის დარგები ამ ეტაპზე ყველაზე განვითარებული დარგებია სოფლის მეურნეობის დარგებს შორის.

 

„კერძო სექტორთან დავამყარეთ სრული კომუნიკაცია, ჩვენი გადაწყვეტილებები დაეფუძნა მათ ხედვასა და საჭიროებებს. თუ მანამდე ხდებოდა 50 ტონა ყურძნის გადამუშავება და იღებდნენ 20 მილიონ ბოთლ საექსპორტო ღვინოს, ახლა მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ დარგის მასშტაბები. განვახორციელეთ მცირემიწიან ფერმერთა მხარდამჭერი პროგრამები, მევენახეებს დავეხმარეთ პირველადი აღჭურვილობით, გაიცა აგროკრედიტები და წამოვიწყეთ სხვადასხვა ტიპის თანადაფინანსების პროექტები, მოვახდინეთ დარგის მოდერნიზება. ვფიქრობ, ხუთი წლისთავზე ეს ამოცანა სრულად მიღწეულია. მოვახერხეთ ის, რომ ქართული ღვინო დაუბრუნდა რუსეთის ბაზარს, გავზარდეთ ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი ექვს მილიონ ლარამდე. ამ თანხიდან ერთი თეთრიც არ იხარჯება რუსეთის ბაზარზე რეკლამირებისთვის. იმის გამო, რომ საჭიროა ახალი ბაზრების მოზიდვა, მთელი თანხა მიიმართა ამ მიზნისკენ. საქართველოში შეიქმნა ახალი საწარმოები, ოფიციალურ რეგისტრირებულ 20-მდე ექსპორტიორი კომპანიიდან 60-მდე გაიზარდა მათი რიცხვი. ჩვენ არა გვაქვს საკმარისი სანედლეულო ბაზა, ამიტომ საჭიროა კიდევ მეტი ღვინის წარმოება. ამისათვის გლეხებმა დამატებით უნდა გააშენონ ახალი ვენახები. ამ დროისთვის 5 000 ჰექტარი გვაქვს ახალშენი მევენახეობის კუთხით. ეს უმნიშვნელოვანესი ელემენტია. რამდენიმე წელში გვექნება დამატებითი ნედლეული", - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.


მინისტრის განცხადებით, ეს წელი გარდამტეხი აღმოჩნდა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.


„რქაწითლის დაბინავების საკითხიც მოგვარდა კერო სექტორში, გაჩნდა მოტივაცია, რომ გადასამუშავებლად მიეღოთ ეს ჯიში. ცნობილია, რომ საექსპორტოდ, ძირითადად, წითელი ღვინო გადიოდა. ამ დრომდე წარმოებაში გამოიყენებოდა იმპორტული სპირტი, აგროკრედიტის დახმარებით, დღეს შექმნილია სპირტის გამოხდის თანამედროვე მაღალი კლასის საწარმოები. წელს ინდუსტრიულად მუშავდება დაახლოებით 150 000 ტონა ყურძენი, რომელიც ქარხნებში კილოგრამის სიზუსტით აღირიცხება. დღევანდელი ჩვენი შესაძლებლობა დაახლოებით 100 მილიონი ბოთლის რესურსია. აქედან ნაწილი შიდა ბაზარზე მოიხმარება, თუმცა, რამდენიმეწლიან პერსპექტივაში ამ რაოდენობის ჩამოსხმული ღვინო მხოლოდ საექსპორტოდ გავა", - აცხადებს დავითაშვილი.

 

მისივე თქით, 2017 წლის კერძო სექტორის მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, მათ შეიძინეს მთლიანად ნედლეული.

 

„ჩვენ მივაღწიეთ მიზანს და როგორც წარმოგვედგინა, მეღვინეობის დარგმა დიდი წვლილი შეიტანა ეკონომიკის განვითარებაში. წლევანდელ რთველში სახელმწიფოს ჩარევა განხორციელდა მხოლოდ ორი მიმართულებით: დახმარება პოპულარიზაციისა და ხარისხის კონტროლში", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი