logo_geo
„მიშას, როგორც პაიკს, გაწირავენ“
- +

13 დეკემბერი. 2016. 11:32




„უკრაინიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია იგეგმება", - ამის შესახებ გაზეთი „ვერსია" წერს.


„დღეს სააკაშვილი პოლიტიკური გვამია", - აცხადებს „ვერსიასთან" საუბრისას კონფიდენტი და ყურადღებას ერთ გარემოებაზეც ამახვილებს. კერძოდ, ამბობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური ავანტიურა ყველაზე ძვირად იმ ქართველებს დაუჯდებათ, რომლებიც ყოფილ პრეზიდენტს სიტყვაზე ენდნენ და უკრაინაში „გადაპორტირდნენ".

 

„ახლა, ისე არ გამიგოთ, რომ დავით საყვარელიძესა თუ ხატია დეკანოიძეზე ვწუხვარ - ეგენი არ დაიკარგებიან და თავს უშველიან. მე იმ ქართველ ოფიცრებსა და რიგით სამხედროებზე ვამახვილებ ყურადღებას, რომლებიც მიშას დაძახილზე, უკრაინაში წავიდნენ და სამსახური იქაურ შეიარაღებულ ძალებში დაიწყეს. ჯერ ერთი, რუსეთ-უკრაინის ომში, ამ წლებში განმავლობაში, არაერთი ქართველი დაიღუპა. მეორეც, ახლა, როცა სააკაშვილის პოზიციები შესუსტებულია და ოფიციალური კიევის ელიტას მისი ატანა აღარ აქვს, როგორ წარმოგიდგენიათ, „მიშას ხალხს" უკრაინაში გააჩერებენ? პირადი წყაროებით მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს გარკვეული პრობლემები უკვე შეექმნათ - ზოგი სამსახურიდან დაითხოვეს, ზოგს კი ღია ტექსტით უთხრეს, რომ მხოლოდ სამსახური კი არა, ქვეყანაც უნდა დატოვოს. ასე რომ, უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც უკრაინაში მიშას დაძახებაზე წავიდა, იძულებული გახდება, სამშობლოში დაბრუნდეს. არ ვამბობ, რომ პოროშენკოს ხელისუფლება მათ პოლიტიკურ დევნას დაიწყებს, მაგრამ ისეთ პირობებს შეუქმნის, რომ იძულებულნი გახდებიან, ასეთი გადაწყვეტილება თავად მიიღონ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ბევრს საქართველოში არ ჩამოესვლება, რადგან აქ დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კი, ვინც ჩამოვა, „შიმშილით სიკვდილი" თუ არა, უმუშევრობა ელის - კოჰაბიტაცია ბობოლებისთვის მოიგონეს, თორემ რიგით ადამიანებს, თუნდაც ისინი პროფესიონალი სამხედროები იყვნენ, ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით არ მიიღებენ, რომ მიშას უკრაინაში გაეკიდნენ", - ეუბნება „ვერსიას" ინფორმირებული კონფიდენტი და ისევ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს უბრუნდება ანუ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სააკაშვილს ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომა შეიძლება, ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ პოროშენკომ კუთხეში მიაყენა და აიძულა, ეს გადაწყვეტილება მიეღო.


„მიშა მოსიარულე ბომბია და ამიტომ, მის მოშორებას ყველა ცდილობს, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტიც. სხვათა შორის, იმ დროს, როცა საქართველოში იარაღის უკანონო ბიზნესი ყვაოდა, პოროშენკო უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა ანუ ქართულ მხარესთან გარიგებებს ხელს სწორედ ის აწერდა. საქართველოსთვის იარაღის მომწოდებელი თითქმის ყველა საეჭვო კომპანიაც უკრაინული იყო. მართალია, ჰააგის ტრიბუნალისგან დიდი ხანია, არაფერი გვესმენია, მაგრამ ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, თბილისში პროკურორი ბენსუდა ჩამოვიდა და ისიც ღიად ითქვა, რომ ჰააგამ აგვისტოს ომის გამოძიება დაიწყო, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ტრიბუნალი იარაღის ტრაფიკზეც გავა. შეიძლება, ამ კუთხით გარკვეული სიახლეები არის, რაც პოროშენკოსთვის კულუარულად გახდა ცნობილი და სააკაშვილის თავიდან მოცილებაც ამიტომ გადაწყვიტა. როგორც ჩანს, მიშაც ხვდება, რომ მის გარშემო წრე ვიწროვდება და უკრაინის განმათავისუფლებლის როლს ამიტომ ასრულებს, ანუ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მისი, როგორც უკრაინული ოპოზიციის ლიდერის დაჭერას, შეიძლება, პოლიტიკური სარჩული დაედოს. ერთი სიტყვით, ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური დასაყრდენი სჭირდება", - ამბობს „ვერსიის" ინკოგნიტო რესპონდენტი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავის გადარჩენის მიზნით, სააკაშვილმა შეიძლება, თავისი ყველა ყოფილი ბიზნესპარტნიორი „ჩაუშვას", მაგრამ მის ნათქვამს მტკიცებულებად კი არა, უფრო შურისძიებად ჩათვლიან, რადგან იგივე იარაღის უკანონო ტრაფიკი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან და მომგებიან ბიზნესად ითვლება, რომელშიც არაერთი ცნობილი და პატივსაცემი ადამიანია ჩართული.


„ამიტომაც ვამბობ, რომ მიშას, როგორც პაიკს, გაწირავენ", - ამბობს ის. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი