logo_geo
დავით ნარმანია: ოპტიმისტურად მოვედი და ოპტიმისტურად მივდივარ
- +

4 ნოემბერი. 2017. 11:18


 

„ოპტიმისტურად მოვედი და ოპტიმისტურად მივდივარ. მართლაც, ძალიან დიდი ენერგიითა და შემართებით მოვედი, ასეც უნდა ყოფილიყო", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

თბილისის მერის განცხადებით, სხვანაირად, იმ უამრავი გამოწვევის დაძლევა, რომელიც ქალაქში არსებობდა, შეუძლებელი იქნებოდა.

 

„თავდაპირველად დიდი საბოტაჟი დაგვხვდა ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, რომელიც ექვსი თვე გრძელდებოდა. მათი ნაწილი მაშინ დედაქალაქის მერიაში იყო დასაქმებული. გარდა ამისა, დაგვხვდა 30 მილიონამდე დეფიციტური ბიუჯეტი, რომელსაც დაბალანსება სჭირდებოდა. შემდეგ, დავიწყეთ თუა არა ქალაქის აქტიური განვითარება, სტიქია დაგვატყდა თავს - დიდი ზიანი მოგვაყენა. სტიქიის ლიკვიდაციაზე მთელი რიგი ფინანსური და ადამიანური რესურსების მიმართვა მოგვიწია. პროცესმა დიდი დრო და ენერგია წაიღო. ამიტომაც განვითარება ამის შემდეგ დავიწყეთ.

სტიქიიდან, სულ რაღაც, ერთ თვეში ჩავატარეთ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ვუმასპინძლეთ ევროპის სუპერთასის ფინალს ფეხბურთში. დავიწყეთ ქალაქის განვითარების ახალი პროექტები და პროგრამები. ამჯერად ძირითად მათგანზე ვისაუბრებ და მნიშვნელოვანს ჩამოვთვლი:

ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით:

თბილისში 143 ახალი ავტობუსი გვყავს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან აქტიური ხელშეწყობითა და თანამშრომლობით გაიხსნა მეტროს ახალი სადგური.

მოვახდინეთ 50-მდე ვაგონის განახლება-მოდერნიზაცია.

გარემონტდა მეტროს ორი სადგური - „ახმეტელის თეატრი" და „ვარკეთილი".

ამ ეტაპზე სამი სადგურის რემონტი მიმდინარეობს.

9 წლის განმავლობაში გაჩერებული ვაკის პარკი-კუს ტბის საბაგირო ავამოქმედეთ.

მუნიციპალური მოდერნიზაციის მიმართულება:

მე დავპირდი საარჩევნოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომ პუშკინის ქუჩაზე გავაკეთებდით ესტაკადას და ორმხრივი მოძრაობა აღდგებოდა, რითაც ეს უბანი საცობებისგან განიტვირთებოდა. ნამდვილად გავაკეთეთ ეს.

ასევე, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების საფუძველზე გავაკეთეთ სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა.

შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზა.

აღვადგინეთ 25 წლის განმავლობაში დაკეტილი მუხათგვერდის პანდუსი. გავაკეთეთ და იქაც აღვადგინეთ მოძრაობა.

და ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ-ნახევარი კვ/მ ახალი გზა იგებოდა, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ჩვენი წინამორბედების პერიოდში დაგებული გზები.

დანაპირები მილიონი ხიდან 700 ათასზე მეტი ხე დაირგო. გახარების მაჩვენებელი არის ძალიან კარგი და ნახევარ მილიონზე მეტია გახარებული. თუმცა იქ, სადაც შეხმობა (მცირე ნაწილის) ფიქსირდება, მიმდინარეობს მისი ჩანაცვლება.

გამწვანდა თამარაშვილი-გმირთა მოედნის დამაკავშირებელი გზა.

12 ათასი ძირი ზეთისხილი დაირგო მხოლოდ მახათის ფერდობზე.

შემდეგი პრიორიტეტია პატარებსა და, ზოგადად, მომავალზე ზრუნვა.

საბავშვო ბაღების განვითარება. 12 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს 13 ახალი ბაღის მშენებლობა.

ყველა ბაღში ავიყვანეთ ფსიქოლოგი და ლოგოპედი.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კვების რაციონი.

80-ზე მეტ ბაღში გაკეთდა შიდა ინფრასტრუქტურა. კეთილმოეწყო ეზო, ბავშვების სათამაშო მოედნები, შიგნით მოწესრიგდა სველი წერტილები, აღიჭურვა ბაღები დამატებით.

კიდევ ერთი პრიორიტეტია ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

ამ მიმართულებით ჩვენს მოქალაქეებს 9 ახალ პროექტს დავპირდით და ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხრავე გავაკეთეთ. დიახ ერთ-ერთი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების პროგრამა გახლდათ. ჯამში, 30 მუნიციპალური და ჯანდაცვითი პროგრამით ვემსახურებოდით მოქალაქეებს.

სპორტის განვითარების კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი ავაშენეთ. მაგალითად:

ევროპის ოლიმპიური ფესტივალისთვის ხუთი ახალი ობიექტი;

მუხიანში სარაგბო კომპლექსი გაიხსნა, რომელიც სპორტის სხვა რამდენიმე სახეობასაც მოემსახურება;

ისანში მთავრდება სარაგბო კომპლექსის მშენებლობა;

სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ და ჩვენ გვაქვს პარაოლიმპიური სპორტული ცენტრი, სადაც შშმ პირებს შეუძლიათ, ივარჯიშონ.

ჩემს საამაყო პროექტებს შორის არის, რა თქმა უნდა, პეკინის ქუჩა და „ახალი ტიფლისი" ახალ აღმაშენებელზე.

და ეს გაკეთებული პროგრამებისა და თუ პროექტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

ენერგიულად მოვედი და რა ხდება ბოლოს? ასევე, ენერგიულად ვასრულებ - 10 ნოემბერს შემაჯამებელი პრეზენტაცია მექნება. მოსახლეობას დეტალურად გავაცნობ იმ პროგრამებს, რომელიც გავაკეთეთ. დავემშვიდობები ქალაქის მმართველობას და გადავაბარებ ჩვენი გუნდის წევრს, ასევე ენერგიულ კახა კალაძეს", - აცხადებს დავით ნარმანია.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი