logo_geo
რუსუდან შარაძე: ეს მანიაკი სააკაშვილის ანგარიშსწორება იყო!
- +

10 ნოემბერი. 2017. 16:04



„გურამ შარაძის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. მართალია, მაშინდელმა ხელისუფლებამ დანაშაული, როგორც იტყვიან, ცხელ კვალზე გახსნა, მაგრამ მახსოვს, გიორგი ბარათელის ბრალეულობას იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებდით. რატომ?" - გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე გაზეთ „ვერსიასთან" მკვლელობის ვერსიებზე საუბრობს.

 

„გიორგი ბარათელს მოტივი არ ჰქონია, რომ მამაჩემი მოეკლა და მის ბრალეულობას ეჭვქვეშ იმთავითვე ამიტომ ვაყენებდი. ჩემი ეჭვი მკვლელობიდან მალევე დადასტურდა, როცა არაერთ მოწმეს შევხვდი და ვესაუბრე - მათ სულ სხვა მკვლელი ნახეს. აგრეთვე, ყველა, ვინც ბარათელს პირადად იცნობს, ხვდება, რომ „ალდაგის" ვიდეოკამერის ფირზე აღბეჭდილი მკვლელი ის არაა. გიორგი ბარათელი ჩემმა შუათანა ძმამ, გიორგიმ გამოზარდა ოპერატორად ისევე, როგორც ტელევიზიის სხვა უამრავი თანამშრომელი თუ ვარსკვლავი. უბრალოდ, ბარათელი ამ საქმის გამო გამოჩნდა... მას კარგად ვიცნობ. ეს მანიაკი სააკაშვილის დაუნდობელი ანგარიშსწორება და ამასთან, საჩვენებელი მკვლელობაც იყო. ყველას უნდა დაენახა, რომ არავის დაინდობდნენ, ვინც რეჟიმს შეეწინააღმდეგებოდა ანუ ხალხს უნდა ეფიქრა, გურამ შარაძეს რა უქნეს და ჩვენ რას გვიზამენო?! იფიქრეს კიდეც... გურამ შარაძე, თავისი განვლილი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, გურამ შარაძე იყო! ის ილიას მიმდევარი გახლდათ, ხან უამრავი მხარდამჭერით, ხან ნაკლებით. ექვთიმე თაყაიშვილი სამარემდე სულ რამდენიმე კაცმა მიაცილა, მაგრამ მის ექვთიმობას არაფერი დაკლებია! ისტორია მუდმივად მეორდება. გაიხსენეთ, სოციალ-დემოკრატიისა და მარქსიზმის ისტერიის ფონზე, პროცენტულად, რამდენი მიმდევარი ჰყავდა მაშინდელ ეროვნულ მოძრაობას და მის თავკაცს?! აქ მხოლოდ იდეოლოგია არაა. მკვლელობამდე ილია სახლიდან ხშირად არ გამოდიოდა, მაგრამ არ იყო „საშიში"? საერთოდ, ეროვნულ იდეოლოგიასა და კოსმოპოლიტურ ძალებს შორის განვითარებულ ქვეყნებშიც მუდმივი ბრძოლაა და ეს ახალი არაა, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, იქ ეს ბრძოლა სისხლით არ მთავრდება ხოლმე. მერე კიდევ, სააკაშვილის ბოღმიანობა, მოუთმენლობა, დაუნდობლობა და კურდღლობაც ვიცით...

თავიდანვე გავრცელდა ხმა, თითქოს რაღაც საიდუმლო იცოდა. იმასაც წერდნენ, რომ მკვლელობის დროს ჩანთაში დოკუმენტები ჰქონდა და ა.შ., მაგრამ მამაჩემი სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ ყველაფერს ხმამაღლა ამბობდა და ხალხს არაფერს უმალავდა, თორემ საქართველოში ბევრი ჭკვიანი ადამიანია. რამდენი გეგულებათ, ვინც სიმართლეს ხმალამოღებული იცავდეს, არავის ეპუებოდეს და ვერავინ მოისყიდოს? ბარათელი იმიტომ დაასახელეს, რომ პოლიტიკურ მკვლელობას ბანალური, ოჯახური ტრაგედიის იერი მისცემოდა. გეხსომებათ, ქვეყანას კომპრომატებითა და ჭორებით როგორ მართავდნენ. მამაჩემს კომპრომატი ვერ უპოვეს და საქმე ჩემი ძმისკენ წაიყვანეს. მის ირგვლივ „საუკეთესო" კანდიდატურა იპოვეს - გიორგი ბარათელი, თუმცა, მისი სიმაღლე და ფიზიკური მონაცემები ისე განსხვავდება მკვლელისგან თუ მკვლელებისგან, როგორც ცა და დედამიწა. მოკლედ, ისე დახატეს, რომ 2007 წლის 20 მაისს, ბარათელი თითქოს ქუჩაში მოსეირნობდა, შემთხვევით მამაჩემი დაინახა და გაახსენდა, რომ 7 წლის წინ გიორგი შარაძემ აწყენინა, მამა იქვე მოკლა და ორი საკონტროლო ტყვიაც დაახალა", - განაცხადა რუსუდან შარაძემ „ვერსიასთან" საუბრისას.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი