logo_geo
„არაკაცი ქარდავას მოკვლას არ ვაპირებ, მაგრამ...“ - ბაჩო ახალაიას თანაკლასელის „აღსარება“
- +

10 ნოემბერი. 2017. 17:58

 

 

„ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასჯელს ბაჩანა ახალაიას კლასელი, გიორგი კ. იხდიდა. მისი თქმით, ახალაიასთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია იმის მიუხედავადაც კი, რომ ახალაია ყოველთვის სამთავრობო სტრუქტურებისკენ იწევდა, გიორგი კი კრიმინალი იყო. ამის შესახებ „ვერსია" წერს და გიორგი კ.-ს მონათხრობს ავრცელებს.


„ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ყაჩაღობა მოხდა. ოჯახის წევრები აწამეს, დააუთოვეს, დაჩეხეს... ოქროული წაიღეს და წავიდნენ. ატყდა მთელი ამბები, როლანდ ახალაიას ნათესავები გამოდგნენ და როლანდს დაადგნენ ზუგდიდში, გვიშველეო. იმანაც მთელი სამსახური ამოქოქა და განსაკუთრებით მეგის ქარდავას შეუფითილა, გინდა თუ არა, დამნაშავეები იპოვეო. მეგისაც ცოფიანი ძაღლივით დარბოდა აქეთ-იქით, მაგრამ ყაჩაღები ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. ასე გავიდა ორი კვირა, დაზარალებულებს, პრაქტიკულად, როლანდის კაბინეტში ეძინათ და ისიც თანამშრომლებს არ ასვენებდა.

 

ჰოდა, მომიგზავნა კაცი მეგისამ, გიორგამ ეს საქმე გაგვახსნევინოს და რაც უნდა, ის გვთხოვოსო. მივხვდი, ჩემს გარშემო ცუდი წრე იკვრებოდა, ტყუილად არ ახსენებდა მეგისა ჩემს სახელს, ისიც მოფიქრებული ექნებოდა, თუ ვერავინ დავიჭირე, გიორგის დავაბრალებო, ამიტომ ავდექი და ბაჩოს დავურეკე. ვუთხარი, ასე და ასეა საქმე და ჩემზე უნდა ხელის შეწმენდა მეგის ქარდავას, არაფერ შუაში ვარ-მეთქი. მომისმინა ბაჩომ, „დაიკიდეო", მითხრა და დავიკიდე, მაგრამ ახლობლებმა მირჩიეს, როლანდამ ბაჩო გააჩერა, შენ ნუ ერევი, ჩვენ გავერკვევითო, ჰოდა, მეგისა აუცილებლად დაგიჭერსო... ქუთაისში წავედი, მამიდასთან და ბაჩოს ავუხსენი - „პაბეგში" კი არ წავედი, ზუგდიდს გავეცალე, სანამ ვითარება არ დაწყნარდება, იქ არ ჩავალ-მეთქი.

 

ჩასვლას რომ ვაპირებდი, მაშინ დამადგა დაზარალებულების მიერ გამოგზავნილი კაცი -აქაოდა, მეგისამ გვითხრა, გიორგია მაგ საქმეში გარეული, იმიტომაც გაიქცა და იმალებაო... დანაშაულის ჩამდენად მე ვიყავი გამოცხადებული... ბაჩოს დავურეკე, მითხრა, ორი დღე მაცადეო. ორი დღის მერე რომ არ დარეკა, თავი შევახსენე. გაიცინა, რამ შეგაშინა ამხელა კაცი, ყველაფერი რიგზეა, შენი სახელის ხსენება არსადაა, ჩადი ზუგდიდში და იცხოვრეო.

 

მეორე დღეს ჩამოვედი ზუგდიდში... საპარიკმახეროში შევედი წვერის გასაპარსად... დაარტყეს ალყა საპარიკმახეროს, შემოცვივდნენ, ჰაერში ამაგდეს და ისე გამიყვანეს გარეთ. ჯერ ხომ იქ მცემეს, მერე, ეს ნახევრადგაპარსული კაცი გუბეში ჩამაგდეს და წიხლი დამაჭირეს ზემოდან... ნახევარ საათში ჩამოიყვანეს სოფლიდან დაზარალებულები და მოუშვეს ის ქალი ჩემზე... დამიწყო სახის კაწვრა, ჩემი საგვარეულო ბეჭედი დამიბრუნე, შე ღოროო.

 

„კაპეზეზე" უკვე მეგისა დამადგა, ხომ დაგიჭირე მაინცო... მოვიდა მეორე დღეს როლანდა, ის ღამე ცემა-ტყეპაში გამათენებინეს.

 

გამასამართლეს. ჩემმა ძმამ მოახერხა და სასამართლომდე ბაჩო ნახა. იმანაც - ეს საქმე თბილისში იციან უკვე და მე ვერაფერს შევცვლი, ეგ რომ გავუშვათ, მამაჩემი „იტისკება", ამხელა სპეცოპერაცია წყალში უვარდებაო. იმის პირობა დადო ბაჩომ, რომ არც ციხეზე და არც ზონაზე ხელს არავინ დაადებსო...

 

ისე, მეგისა მაგარი კურდღელია, ჩემებთან მისულა, არ გაბრაზდეს გიორგი, დავალება იყო ზემოდანო. როლანდას კი ვერ დაადო ხელი, იცოდა, ახალაიები არ აპატიებდნენ...

 

ერთი ვიცი ზუსტად - აქედან რომ გავალ, ბაჩოსაც ვნახავ და მეგისასაც, ოღონდ ერთად. მაქვს ის ურთიერთობა, რომ მეგისა მოათრიოს ბაჩომ და ერთადერთი კითხვა მექნება, მე რატომ შემარჩია?! არაკაცი ქარდავას მოკვლას არ ვაპირებ, მაგის გამო კიდევ ერთხელ არ წამოვალ „სროკზე", მაგრამ..." - აღარ დაასრულა გიორგიმ.






 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი