logo_geo
მერაბიშვილის დილემა - „ნაცები“ თუ „ევროპული საქართველო“?
- +

11 ნოემბერი. 2017. 16:27



ბოლო დროს მერაბიშვილის საქმის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს. გაჩნდა ვერსიები, რომ შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვოს, რასაც თან მეგის ქარდავას დაპატიმრების საქმეც ერთვის. რა კავშირი აქვს ამ ორ ამბავს ერთმანეთთან და  სად გააგრძელებს პოლიტიკურ კარიერას ვანო მერაბიშვილი გათავისუფლების შემთხვევაში - „ნაციონალურ მოძრაობაში" თუ „ევროპულ საქართველოში", ამ თემებზე „ვერსიამ" იმსჯელა.

 

„შესაძლოა, უბრალო დამთხვევაა და მეტი არაფერი, მაგრამ მეგის ქარდავას დაკავება და ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ხმა გარკვეულ კავშირში თუნდაც იმიტომ უნდა იყოს, რომ ისინი, ვინც პოლიტიკურ თამაშებში კარგად ერკვევიან, ამბობენ, რომ პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება. ჰოდა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ქარდავას დაჭერითა და მერაბიშვილის შესაძლო „სვაბოდაზე" გამოსვლით ისედაც მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაცმოძრაობა" კიდევ უფრო უარესად დაიშალოს ანუ ყოფილმა და მოქმედმა ნაცებმა ერთმანეთის ჭამა დაიწყონ.

 

ზოგადად, მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ სააკაშვილის „ხერხემალმა" შესაძლოა, ციხე დატოვოს, უკვე დაიწყო იმაზე მარჩიელობა, ნაცების რომელ ფრთასთან წავა ვანო - მართლმორწმუნე მიშისტებთან თუ ე.წ. ბოკერიას „სასტავთან"?

 

„პირველი რადიოს" ცნობით, მერაბიშვილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, კომენტარს არც „ნაცმოძრაობაში" აკეთებენ და არც - „ევროპულ საქართველოში".

 

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერაბიშვილის „ევროპულ საქართველოში" პორტირების წინააღმდეგი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის, რომელიც, თავის დროზე, „ნაცმოძრაობის" „კასირად" ითვლებოდა. ახლა კი ბოკერიას გუნდის ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად ასახელებენ. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მერაბიშვილი მაინც „ევროპული საქართველოს" სახე გახდება, „კეზერა" პარტიის დაფინანსებას შეწყვეტს.

 

ასეა თუ ისე, როგორც იტყვიან, ხელთათმანი ნასროლია ანუ მერაბიშვილის გათავისუფლებაზე ხმა გააქტიურებულია და ვანოც, ალბათ, დილემის წინაშე დგას - ნაცები, „ევროპული საქართველო" თუ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში? ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები..." - წერს „ვერსია".

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი