logo_geo
ნინო ადამაშვილი: თუ შალვა რამიშვილი სექსუალურად ძალადობდა, მის ცოლთან „სელფებს“ რატომ იღებდა?!
- +

14 ნოემბერი. 2017. 02:05


სექსუალური ძალადობა იყო თემა ეკა კვესიტაძის გადაცემისა „განსხვავებული აქცენტები", სადაც თათია სამხარაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მისი ყოფილი დამსაქმებლის, შალვა რამიშვილის მიერ მასზე განხორციელებულ სექსუალურ ზეწოლაზე. რამიშვილს თანამშრომელი ნინო ადამაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმს" ესაუბრა.


ნინო ადამაშვილი: თათია სამხარაძის უსინდისო საქციელს არ აქვს საზღვარი. წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო ეს ბინძური ცილისწამება და დღესაც აგრძელებს...


- მიგაჩნიათ, რომ თათია სამხარაძე ცრუობს?


- მგონია არა, დარწმუნებული ვარ. მე ვიცი იმ ჩანაწერის შინაარსი, რომლითაც თათია სამხარაძე იმუქრება და მასში არაფერი ძალადობრივი, სექსუალური შევიწროების ელემენტები არ არის.


- იმ პერიოდში მუშაობდით შალვა რამიშვილთან?


- კი. ერთ-ერთ პროექტზე, „ერთხელ საქართველოში", მე და თათია ერთადაც ვმუშაობდით. ძალიან კარგად ვიცნობ თათიას. მანამ სანამ თათია ამ ამბავს ბრიფინგის საშუალებით გაახმაურებდა, ერთი თვით ადრე ინტერვიუ მისცა ჟურნალ „თბილისელებს", სადაც სიყვარულით ყვებოდა, როგორ დაუდგა შალვა რამიშვილი გვერდით, როცა რთული პერიოდი ჰქონდა, როცა ქმარს გაშორდა, როგორ მამასავით და ძმასავით ედგა გვერდით. ერთი თვის შემდეგ შალვა მოძალადე გახდა? ბრიფინგზე განაცხადა, რომ შალვა 6 თვის განმავლობაში ავიწროებდა.

 

- მაშინ რატომ არ ამოიღეთ ხმა, როცა ეს ბრიფინგი გაიმართა?


- მაშინაც ვისაუბრე მე ამ თემაზე სხვადასხვა სააგენტოებთან. უბრალოდ, დღეს უკვე საზღვარს გასცდა მისი საქციელი. თუ მანამდე თათიას განცხადებები მის ღირსებას ეხებოდა, დღეს ჩვენზე, შალვას თანამშრომლებზეც, გადმოვიდა.


- რას გულისხმობთ?


- ჩვენი შეურაცხყოფაა, რასაც ის ამბობს, რომ ერთადერთი გზა, გახდე ვარსკვლავი, პოპულარული ტელესახე შალვას მეშვეობით, არის ლოგინის გზა. ძალიან ბევრი ვარსკვლავი შექმნა შალვა რამიშვილმა და ყველასთვის შეურაცხმყოფელია ასეთი ფრაზები. მე მაქვს სამოდელო სააგენტო, ჩემი მოდელი გოგონებიც მუშაობენ შალვასთან და ისინიც შეურაცხყოფილები არიან მსგავსი განცხადებებით. ჩვენ ოჯახები გვყავს, ნათესავები გვყავს, ახლობლები და როგორი მოსასმენია მათთვის. მე მეუღლე და 2 შვილი მყავს. ჩემმა ქმარმა იცის, რომ მე და შალვა ვმეგობრობთ და წლებია, ვთანამშრომლობთ, მაგრამ ყველას ხომ ვერ აუხსნი ამას.

 

- ნინო, გამორიცხავ იმას, რომ შალვა რამიშვილის სექსუალურ გემოვნებაში უბრალოდ არ ჯდები და ამიტომაც არასდროს არ მომხდარა შენი შევიწროება ამ მხრივ?


- არაფერს არ გამოვრიცხავ. შეიძლება შალვას სექსუალურ გემოვნებაში არ ვჯდები, იმიტომ რომ 7 ზომა მკერდი მაქვს და თათია ჯდება თავისი ნული ზომა მკერდით, რაც ძალიან სასაცილოა, მაგრამ ჩემ გარდა იქ ბევრი ადამიანი მუშაობს. შალვასთან მუშაობდა ბაბი კირკიტაძე, ანი გიუნტერი, ჩემი მოდელები, უამრავი ლამაზი გოგო...

 

- ჩემს მკითხველს კითხვა გაუჩნდება, შენი ეს მონდომება შალვა რამიშვილის დაცვის, ხომ არ არის თავად შალვას ინიციატივა...

 

- ორი შვილი მყავს, რომელიც მთელ სამყაროს მირჩევნია და შემიძლია დაგიფიცოთ, რომ შალვამ ამ ინტერვიუს შესახებ არაფერი იცის. მინდა გითხრათ, რომ ასეთ ადამიანთან, უბრალოდ, ვერ ვიმუშავებდი. 13 წელია, მე და შალვა ვთანამშრომლობთ. მაზოხისტი ხომ არ ვარ, ამდენი წელი სექსუალურ მოძალადესთან ვიმუშაო.

 

- ნინო, შალვას რომ ფრთები აქვს და ანგელოზია, გავიგეთ, ზოგადად თუ ყოფილხარ მსხვერპლი სექსუალური ძალადობის?


- მე არ მითქვამს, რომ შალვა ანგელოზია... მე ჩემს ღირსებას ვიცავ. მადლობა ღმერთს, არასდროს არ ვყოფილვარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი...

 

- როგორ გგონია, რატომ გაასაჯაროვა თათია სამხარაძემ მისთვის საკმაოდ არაპოპულარული ამბავი?

 

- ვფიქრობ, ორგანიზაცია „საფარის" ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ბაია პატარაიამ თათია სამხარაძე გამოიყენა საკუთარი მიზნებისთვის, რათა ასეთი უსაფუძვლო პროვოკაციული ქმედებებით მოიზიდოს გრანტები საკუთარი ორგანიზაციისთვის! თათია არის ჩვეულებრივი პაიკი ამ სიტუაციაში... აქვე ვიტყვი იმასაც, რომ თათიას უსაფუძვლო ბრალდებების გამო მაშინ 50 უდანაშაულო ადამიანი დავრჩით ქუჩაში (რომლის უმეტესობაც ქალები ვართ)... ამის შემდგომ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში, ქალბატონ ინგასთან სტუმრობის დროს, მე ბაია პატარაიას მივმართე მოთხოვნით, რომ, თუ მას რეალურად ადარდებს ქალთა დარღვეული უფლებები, მაშინ ეზრუნა ჩვენზე, იმ ქალბატონებზე, რომლებმაც „იმედი" დავტოვეთ მის მიერ მოწყობილი ბრიფინგის საფუძველზე... ვთხოვე, დაეცვა ჩვენი, როგორც უსამსახუროდ დარჩენილი ქალბატონების უფლებები... მაგრამ მისი მხრიდან რეაგირება იყო ნული! რაც ძალიან დიდი უსინდისობაა მისგან!


და კიდევ, თათია იმასაც ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ჩანაწერის გაკეთების შემდეგვე დატოვა სამსახური. ის ამ ჩანაწერის გაკეთების შემდეგ კიდევ მუშაობდა ერთი თვე ჩვენს გუნდში. ხოლო როდესაც შალვა მას ეჩხუბა იმის გამო, რომ ის სისტემატურად აგვიანებდა სამსახურში და ძალიან არაპუნქტუალურად იქცეოდა (რის გამოც მთელი გუნდი არაერთხელ დავზარალდით), მხოლოდ ამის შემდგომ დატოვა სამსახური.


კიდევ ერთ ფაქტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. თათია მეგობრობდა შალვას ცოლთან. ერთად დადიოდნენ კინოში, თეატრში, „სელფებს" იღებდნენ. ძალიან მაინტერესებს, თუ ქმარი გავიწროებს, მის მეუღლესთან როგორ მეგობრობ, რატომ იღებ „სელფებს"? ქმარი გეჩალიჩება და ცოლთან სელფებს იღებ? რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა... მოვუწოდებ თათიას, გაასაჯაროოს ჩანაწერი, რომელზე დაყრდნობითაც ის ამ ბრალდებებს უყენებს შალვას. ყველა ნახავს თუ მოისმენს და იქ გამოჩნდება მტყუან-მართალიც.

 

- სიმართლე სასამართლოზე გაირკვევა. მე თათიას ვეტყვი აქვე, რომ თუ სურვილი გაუჩნდება, გიპასუხოს. ჩვენ მზად ვართ, მასაც მოვუსმინოთ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი