logo_geo
როგორ აპირებდა ბერია ჰიტლერის ლიკვიდაციას?
- +

14 დეკემბერი. 2016. 11:39



ლავრენტი ბერიას მიერ არაერთი უნიკალური ოპერაციაა ჩატარებული. მის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ ოპერაციაზე წერს ჟურნალი „თბილისელები". საქმე ეხება ჰიტლერის პირადი მდივნის მარტინ ბორმანის ბერლინიდან ევაკუაციას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული.


1900 წელს დაბადებული ბორმანი ჯერ კიდევ 1922 წელს გადაიბირა „ჩეკამ" და მას პირადად ძერჟინსკი აკონტროლებდა სტალინის დავალებით. ბორმანი მოგვიანებით ჰიტლერს დაუახლოვდა, მუდამ მის გვერდით იყო და პარალელურად, საბჭოთა დაზვერვას, უფრო სწორად კი, პირადად მათ უფროსებს, უძვირფასეს ინფორმაციებს აწვდიდა. 1938 წელს ეს მისია ლავრენტი ბერიამ გადაიბარა და შეიძლება ითქვას, რომ მან ფაშისტური ბომონდის ცხოვრების ყველა წვრილმანი იცოდა. ბერია, აგრეთვე, ფლობდა ფაშისტების სტრატეგიული ინფორმაციების თითქმის 60 პროცენტს, ანუ იმდენს, რამდენსაც ბორმანი. მაგრამ, საბჭოთა ხელმძღვანელობა ყოველთვის არ ახორციელებდა ინფორმაციების რეალიზებას, რათა ბორმანი არ გაეშიფრათ და უძვირფასესი აგენტი არ დაეკარგათ, რომლის ბადალიც მანამდე არ ჰყოლიათ.


ბორმანი არა მარტო ინფორმატორი იყო, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ჰიტლერის ლიკვიდაციაც უნდა მოეხდინა. ეს იყო ლავრენტი ბერიას იდეა. 1941-1942 წლებში, როცა ფაშისტური არმიები ძალიან სწრაფად მიიწევდნენ წინ, ბერიამ სტალინს ჰიტლერის მოშორება შესთავაზა, რაზეც ბელადმა უარი უთხრა. სტალინის თანხმობის შემთხვევაში, ჰიტლერის ლიკვიდაცია ბორმანს უნდა განეხორციელებინა.


ოპერაცია „ალმოდებული სვასტიკა" ვერ განხორციელდა, მაგრამ სამაგიეროდ, ბრწყინვალედ ჩატარდა ოპერაცია „ბეღურა ცაში". ეს ოპერაცია მარტინ ბორმანის ალყაშემორტყმული ბერლინიდან ევაკუაციას ისახავდა მიზნად. ლეგენდარული საბჭოთა მზვერავ-დივერსანტი, გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი წერდა: „ოპერაცია „ბეღურა ცაში" პირადად ბერიამ შეიმუშავა და სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით საქმის კურსში. ხუმრობა ხომ არ იყო, თვით მარტინ ბორმანი უნდა გამოგვეყვანა ბერლინიდან და პირადად ლავრენტი ბერია იმყოფებოდა ჯერ კიდევ დაუცემელ ბერლინში..."


პავლე სუდოპლატოვის თქმით, ოპერაციამ თითქმის უნაკლოდ ჩაიარა და ბორმანის განადგურება არ იყო საჭირო. ბორმანი 2 მაისს გამოვიდა ჰიტლერის ბუნკერიდან და მას დაცვის 6 წევრი ახლდა თან. შეხვედრა ლერტსის ხიდთან იყო დანიშნული, სუდოპლატოვმა და პოლკოვნიკმა პროხოროვმა კი, დაცვის ექვსივე წევრი მოკლეს.


მას შემდეგ, რაც ბორმანი ბერიას შეხვდა და მასთან ერთად ცალკე კაბინეტში შევიდა სალაპარაკოდ, ოპერაციის მეორე ეტაპის დროც დადგა. პავლე სუდოპლატოვი ამასთან დაკავშირებით წერს: „ოპერაციის მეორე ეტაპი იყო ბორმანის სამოსში გამოწყობილი მისი ორეულის ლერტსის ხიდიდან გადაგდება, რომელიც 1972 წელს „აღმოაჩინეს" და ბორმანის ნეშტად შერაცხეს... ბორმანის სუიციდირებული ორეული საიმედოდ გვყავდა გადამალული - ის ბორმანის სამოსში გამოვაწყვეთ, ხიდიდან გადავაგდეთ და „სმერშის" შტაბში დავბრუნდით, საიდანაც ბერია, ბორმანი, მე და პროხოროვი სპეციალური თვითმფრინავით მოსკოვში გადმოვფრინდით".


მოგვიანებით, პავლე სუდოპლატოვი, ბერიასთან თანამშრომლობისთვის, 15 წლით ჩასვეს ციხეში, საიდანაც ის ინვალიდი გამოვიდა.


ბორმანი, ბერიას რეკომენდაციით, გმირობის ორდენით დააჯილდოვეს, ვინაობა შეუცვალეს, ცენტრალურ რუსეთში დაასახლეს და სიცოცხლის ბოლომდე მას უშიშროება იცავდა. 


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი