logo_geo
გუჯა ბურდული: ადამიანებს შორის იმხელა სიყვარული სად გაქრა, სად დაიკარგა?
- +

17 ნოემბერი. 2017. 14:01



გაზეთი „კვირის პალიტრა" კინომსახიობ გუჯა ბურდულთან ბლიცინტერვიუს ავრცელებს. კინომსახიობი ბავშვობაზე, სიმშვიდეზე, ოცნებებსა და ბედისწერაზე საუბრობს.


ბავშვობის ნატვრა...

- ბავშვობის უდიდესი ნატვრა იყო, რომ ჩემს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს ეკრანზე ვენახე.

ცხოვრებაში მთავარია...

- უფლის სიყვარული... მაგაზე მთავარი არაფერია... როდესაც უფალს შეიყვარებ, მერე გამოჩნდება, ვინ არის უფალი და როგორ უნდა გიყვარდეს. ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არ არსებობს.

სიმშვიდე ჩემთვის არის...

-ტყეში გასვლა... აქედან ფუნიკულიორზე გადავდივარ, იქიდან ოქროყანაში, მერე წავკისში და ბოლოს უძოზე აღმოვჩნდები ხოლმე. იქიდან ნელ-ნელა ვბრუნდები. ეს არის ჩემი დამაწყნარებელი.

თვისება, რომელიც არ მომწონს ჩემში...
- თამბაქოს ვეწეოდი და შვიდი-რვა წელიწადია თავი დავანებე. ესეც უფლის წყალობით მოვახერხე. როდესაც სუფრაზე მოვხვდებოდი, სადაც თამბაქოს აბოლებდნენ, ცდუნება ერთხელაც ვერ მომერია...


როცა მაქებენ...
- ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და მიხარია, მაგრამ როცა მაქებენ, მრცხვენია და ერთი სული მაქვს, წავიდე...



სიყვარული არის...
-„სიყვარული თავად მე ვარო", უფალმა ბრძანა.


ვერასოდეს წარმოვიდგენდი...
- რომ არტისტი გავხდებოდი. არც ვიფიქრებდი, არც მინდოდა, მაგრამ მოხდა და კეთილსინდისიერად ვიმუშავე.



ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი...
- პატრიარქი... იმას ვენაცვალე.


მეშინია...
- რის უნდა ეშინოდეს კაცს, რომელსაც უფალი უყვარს?.. ბოლოს ყველა იქ წავალთ, მაგრამ, როცა იცი, რომ უფალთან მიხვალ და ჩაეხუტები, აღარაფრის გეშინია... ცხოვრება კარგია...


ოცნებად დარჩა...
- მსახიობობით და შემოქმედებით ყველაფერს მივაღწიე. ორი დისკი ჩავწერე, რომ ჩემს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს ჩემი სიმღერისთვის მოესმინათ.


საქართველოს გარეშე...
- რამდენჯერაც საზღვარგარეთ ვიყავი, ერთი სული მქონდა, საქართველოს როდის მოვესიყვარულებოდი. თვითმფრინავიდან ანძის დანახვისთანავე ვწყნარდებოდი.


თბილისი წარსულში და ახლა...
- ის თბილისი სულ სხვა სილამაზე იყო. რომ მახსენდება, აი, მაშინ მეტირება ხოლმე. ადამიანებს შორის იმხელა სიყვარული სად გაქრა და სად დაიკარგა, არ ვიცი. ახლა ხალხი მოღუშული, ჩაფიქრებულია... ფული არა აქვთ...


მარადიულია...
- სიყვარული. ერი არ დაიღუპება, თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ.


ბედნიერება არის...
- შვილები, შვილიშვილები... რაც უფრო მეტი გყავს, უფრო ბედნიერი ხარ.მართალია, ზოგჯერ გაბრაზებენ, მაგრამ ოჯახზე დიდი ბედნიერება მაინც არაფერია.

ბედისწერა არის...
- ბედი და იღბალი უფლისგან მოდის. თუ კარგად მოექცევი, ისიც კარგად მოგექცევა. თუ ცუდად, საკუთარ თავს ავნებ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი